ჯიუტი ფაქტები - კვირის პალიტრა

ჯიუტი ფაქტები

"ხან 7 ჭრილობას ასახელებენ, ხან 37-ს, ესეც ვერ გაურკვევიათ და რა სამართალს მოსთხოვ?"

გვანცა ყუფარაძის საქმემ დიდი რეზონანსი და ფართო საზოგადოების დაინტერესება გამოიწვია. გვეგონა, ხელისუფლება ოდნავ მაინც შეწუხდებოდა და სიმართლის დასადგენად რამეს მოიმოქმედებდა. ხელისუფლება შეწუხდა, მაგრამ არა სიმართლის დასადგენად, - პარლამენტის ტრიბუნიდან გვიპასუხა, რომ თურმე ჩვენი სტატიები აბსურდული ყოფილა.

გადავწყვიტეთ, საზოგადოებას წარვუდგინოთ ის დოკუმენტური მასალა, რომელიც ამ სტატიების დაწერის საბაბად იქცა. ჩემს ხელთ არსებულმა საქმის მასალებმა და ექსპერტიზის დასკვნებმა, სამწუხაროდ, არ მომცა უფლება, გამოძიებისა და სასამართლოს ობიექტურობაში ეჭვი არ შემეტანა.

რამაზ ხუნწარია, გვანცა ყუფარაძის ადვოკატი: - "იმედის" სიუჟეტი რომ ვნახე, გავოგნდი, ამდენი სიცრუე და ფუჭი ფრაზების რახარუხი შეიძლება, ხალხო? მოსამართლეც ვიყავი, პროკურორიც და ამისთანა უსინდისობა და თვალში ნაცრის შეყრა არ გამიგია. ჯერ კუბლაშვილმა იძახა პარლამენტში, შვიდი ჭრილობა აქვს მიყენებულიო, ახლა სპიკერი მოსამართლე გამოვიდა "იმედის" ეთერში და 37 ჭრილობა მიაყენაო! ამაზე მაინც შეთანხმდნენ! ახლა მე ვეკითხები სასამართლოს:

KvirisPalitra.Geთორნიკე ტყემალაძეს ორი სხვადასხვა ზომის 2 და 4-სანტიმეტრიანი მჭრელი საგნებით აქვს მიყენებული ჭრილობები. ეს დადგენილია ტრასოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზებით.

ეს წერია ექსპერტიზის დასკვნაში და რა ლოგიკით მიმტკიცებენ, რომ ეს პასუხი სავარაუდოა? ექსპერტიზის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ტყემალაძისთვის დაზიანებები როგორც ტანსაცმელზე, ასევე სხეულზე მიყენებულია არა ერთი და იმავე, არამედ ორი სხვადასხვა ზომის მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით, როგორიც შეიძლება იყოს დანა.

ამაზე მეტი კატეგორიული და ცალსახა რა უნდა იყოს, არ ვიცი! ე.ი. ორი დანა ეჭირა ყუფარაძეს? დავიჯერო, ვერ ხვდებიან, რა წერია აქ? სავარაუდო ის კი არ არის, რომ ორი სხვადასხვა ზომის ჭრილობა აქვს მიყენებული, არამედ სავარაუდო დანაშაულის იარაღის სახეობაა. ამას ვერ არჩევს სასამართლო? ვინ დაიჯერებს ამას? მჩხვლეტავ-მჭრელი, ბასრი საგანი შეიძლება დანა იყოს, შეიძლება - ხანჯალი, მაგრამ ჭრილობების ზომა ხომ არ არის სავარაუდო? ასე იმიტომ მოიქცნენ და მოისულელეს თავი, რომ სასამართლო სხვა შემთხვევაში ყუფარაძეს ვერ ცნობდა დამნაშავედ.

ექსპერტიზის დასკვნის გაყალბებულად განმარტება მეტყველებს იმაზე, რომ მოსამართლეები სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიან, აყალბებენ ექსპერტიზის დასკვნებში მოყვანილ ფაქტებს. რომ გაარჩიო, რა წერია დასკვნაში, იურისტობა არ სჭირდება, მხოლოდ ქართულის ცოდნაა საჭირო. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ იმ ვითარებაში, რომელიც დაზარალებულმა ტყემალაძემ აღწერა, ასეთი ტრაექტორიისა და ამდენი ჭრილობის მიყენება შეუძლებელია.

ესეც როგორ არის სავარაუდო?! ქათამს რომ კლავს კაცი, ისიც ფართხალებს და გოგომ, რომელიც სიმაღლეში 1,40 სანტიმეტრია, ისე მიაყენა მასზე ერთი თავით მაღალ და გაცილებით ძლიერ ბიჭს ჭრილობები, რომ ის არც განძრეულა? ამაზე პასუხსაც ვითხოვ სპიკერი მოსამართლისაგან! მოსამართლე რომ ვერ ეწინააღმდეგება პროკურატურას, გასაკვირი არ არის, ბრალდებულს მიუსვამენ გვერდით თუ რამეს გაბედავს და იმიტომ! ადრე სისხლის სამართლის კოდექსში იყო მუხლი, სადაც ადამიანის განზრახ უკანონოდ პასუხისგებაში მიცემისთვის ისჯებოდა მოსამართლე და თავად მათ დააყენეს საკითხი, ამდენ ხალხს რომ უკანონოდ გვაჭერინებთ, ეს მუხლი პრობლემებს შეგვიქმნისო. ადგა ჩვენი პარლამენტი და ამოიღო ზემოხსენებული მუხლი კოდექსიდან.

მაინტერესებს, რატომ უნდა ამოიღო კანონიდან მუხლი, სადაც წერია, რომ უნდა დაისაჯოს ის მოსამართლე, რომელმაც განზრახ, უკანონოდ მისცა პასუხისგებაში უდანაშაულო ადამიანი? ეს ტელევიზიებიც ხომ ჯიბეში ჰყავთ ჩასმული, უნდათ, იმიტირებულ ომს გაამართვინებენ, უნდათ, ასეთ აბსურდულ სიუჟეტს გააშანშალებინებენ.

"იმედი" დამოუკიდებელი ტელევიზია რომ იყოს, მოუსმენდა სპიკერ მოსამართლეს და მერე იმას მაინც მკითხავდა, ამისთანა ამბავი რომ ატეხეთ, რა საფუძველი გაქვთო? დოკუმენტებს დავუდებდი წინ, მაგრამ გკითხა ვინმემ რამე? არ აძლევდა ხელს ეს არც სასამართლოს, არც ხელისუფლებას და მით უმეტეს, "იმედს". ხან 7 ჭრილობას ასახელებენ, ხან 37-ს, ესეც ვერ გაურკვევიათ და რა სამართალს მოსთხოვ? სიცრუით უნდათ ხალხის დარწმუნება? არავის ასეთი რამ არ გამოსვლია და ამათ როგორ გამოუვათ? ზემოთ რომ სამი კითხვა დავსვი, იმაზე მიპასუხონ ჯერ და სამართალზე მერე ილაპარაკონ!

ალექსანდრე ყუფარაძე, გვანცა ყუფარაძის მამა: "საზოგადოებისა და "კვირის პალიტრის" დიდი მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის. მე რაც უნდა ვთქვა, იმაზე უფრო არგუმენტირებული ფაქტები, მტკიცებულებები და ექსპერტიზის დასკვნებია. რა ვქნა, მითხარით? სასამართლო შავზე მეუბნება, თეთრიაო, კატეგორიულზე ამბობს, საალბათო და სავარაუდოაო. სხვა იარაღი მე არა მაქვს, მოსამართლეს ტყვიას ხომ არ ვესვრი?"

KvirisPalitra.Ge