გაქცეული პატიმარი ძებნილობაში გაბედნიერდა
24-10-2016
გაქცეული პატიმარი ძებნილობაში გაბედნიერდა
17 ოქტომბერს, თვენახევრიანი ძებნის შემდეგ, შსს-ს თანამშრომლებმა რუსთავის­ საქალაქო სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდადებული, 36 წლის ოთარ ვარამაშვი­ლი ზესტაფონში, რესტორანში დააკავეს.

ოთარ ვარამაშვილი რუსთავის მე-6 დაწესე­ბულებაში სასჯელს ქურდობის, ყაჩაღობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით იხდიდა. 31 აგვისტოს, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, პატიმარი ბადრაგმა ეზოში გაიყვანა და #6 დაწესებულებაში გადაყვანას უპირებდნენ. ამ დროს მან კუსტარულად დამზადებული ვითომ ხელყუმბარა გადააგდო, სამართალდამცველებს დაუსხლტა, ბეტონის ორმეტრიან ღობეზე გადახტა და გაუჩინარდა...

როგორც გაირკვა, გაქცეულ პატიმარს დრო უქმად არ
დაუკარგავს და ძებნილობისას დაოჯახდა კიდეც...
ოთარ ვარამაშვილი რესტორანში დააკა­ვეს - წარსულში ნასამართლევ, 1991 წელს დაბადებულ ლ.ე.-სთან ერთად ქეიფობდა.­ სამართალდამცველებმა დაკავებისას ოქროს ძეწკვები, ჯვრები, საყურეები და ბეჭდები­ ამოიღეს. დადგინდა, რომ დაკავებულებმა­ ძვირფასეულობა ჯგუფური შეიარაღებული­ თავდასხმისას თბილისის ერთ-ერთი ოქრო­ულის მაღაზიიდან გაიტაცეს...

ალექსანდრე კობაიძე, ოთარ ვარამაშვილის ადვოკატი: -
მართალია, დაკავებულებს ოქროს ნივთები აღმოაჩნდათ, მაგრამ გამოძიებას ეს ბრალი ვარამაშვილისთვის ჯერ არ წარუდგენია. ამ ეტაპზე მას მხოლოდ­ გაქცევას ედავებიან. ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, რომ ყაჩაღობაში ვარამაშვილიც მონაწილეობდა. თვითონ ამას კატეგორიულად უარყოფს. დანაშაულს მის თანმხლებ პირს ედავებიან, რომელიც აღიარებს კიდეც ბრალს. საქმე ეხება არა საიუველირო მაღაზიის, არამედ კერძო პირის - ქალბატონის დაყაჩაღებას.

- თვე-ნახევრის განმავლობაში სად აფარე­ბდა თავს გაქცეული?

- იგი საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ამასობაში გაბედნიერდა - ცოლი მოიყვანა და ჯვარიც დაიწერა.

- მოგიყვათ, როგორ მოახერხა გაქცევა?

- არსებობს გაქცევის კადრები. პატიმარმა არა პლასტილინით (როგორც გავრცელდა), არამედ პურისგან დაამზადა ხელყუმბარის მსგავსი რაღაც, რომელიც სასამართლოზე თან ჰქონდა. ვარამაშვილს ტუბერკულოზი აქვს, ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა აუცილებელი. შემდეგ, როგორც ჩანს, მისთვის ბორკილების დადება დაავიწყდათ და როდესაც ბადრაგმა ეზოში გამოიყვანა, საპატრულოს თანამშრომლებს ეს ვითომ ხელყუმბარა გადაუგდო. პოლიციელებს ნამდვილი ეგონათ და გაიქცნენ, პატიმარმა კი დრო იხელთა და გაიქცა. იმედია, მოსამართლე სასჯელის მაქსიმუმს არ გამოიყენებს (მაქსიმუმი 4 წელია).

ვარამაშვილს ტელევიზიით მოუსმენია, რომ გაქცევის­თვის ოთხი წელი ემუქრებოდა, მაგრამ სწორად ვერ გაუგია, ოცი წელიწადი­ ჰგონებია და დამწუხრებული დამხვდა. როცა მასთან შევდიოდი, ბადრაგმა მთხოვა, პასტა ან სხვა რამე არ მისცეთო. შეშინებულები არიან, ეტყობა, და მისგან კიდევ რაღაცას ელიან.

ნანა ფიცხელაური
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით