ვინ არის დამკვეთი?! - კვირის პალიტრა

ვინ არის დამკვეთი?!

გამოძიება გრძელდება ბრალდებულ დარჩო ხეჩუაშვილთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების გამოსავლენად...

მართალია, სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე გახსნილად გამოაცხადეს და დამნაშავეთა ვინაობაც (ბორის ჩაგუნავა და დავით ხეჩუაშვილი) დასახელდა, მაგრამ მთავარი კითხვა ჯერ მაინც პასუხგაუცემელია - ვინ იდგა ბრალდებულების უკან და ვის აძლევდა ეს ხელს?

სასამართლოს წინაშე უკვე წარდგა 40 წლის ბორის ჩაგუნავა, რომელსაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში დასდეს ბრალი. მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა 42 წლის დავით (დარჩო) ხეჩუაშვილსაც. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ხეჩუაშვილმა ქვეყანა დატოვა. არსებული ინფორმაციით, იგი ამჟამად რუსეთშია.

პროკურორ ლია ჩადუნელის თქმით: "ბორის ჩაგუნავა მიუთითებს, რომ ის ნამდვილად ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღსა და ასაფეთქებელ მოწყობილობას. ამბობს, რომ ეს ყველაფერი ნათესავმა ხეჩუაშვილმა მიუტანა და უბრალოდ ინახავდა, მაგრამ რისთვის იყო გამიზნული და რისთვის გამოიყენა მისმა ნათესავმა, არ იცის".

ნატა ჩაგუნავა მეუღლის უდანაშაულობაში დარწმუნებულია: "ჩემი მეუღლე იმიტომ დააკავეს, რომ ხეჩუაშვილის (ბორის ჩაგუნავა ხეჩუაშვილის ცოლისძმაა) მანქანა ჩვენს სახელზე იყო გაფორმებული და იმ ავტომობილში თითქოს ჩხრეკის შედეგად იარაღი აღმოჩნდა. რა პრობლემაა, რომ ნათესავის მანქანა გადაიფორმო? რადგან იქ იარაღი იყო, ჩვენ მოგვაწერეს. ამბობენ, მანქანაში იარაღი იყოო, თუმცა ჩვენ არ გვინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მანქანით პატარები დაგვყავდა".

ელიზავეტა ჯაფარიძე, ბორის ჩაგუნავას ადვოკატი: "ჩემს დაცვის პირს არ სურს, საჯარო გახადოს ჩვენება, სანამ ექსპერტთა დასკვნა არ იქნება. ამიტომ ვერც იმაზე ვისაუბრებ, აღიარებს თუ არა ჩაგუნავა წარდგენილ ბრალს, ან რა გარემოებებზე ილაპარაკა სასამართლოზე".

დადგინდა, რომ გივი თარგამაძის ავტომანქანის უკანა მარცხენა ფრთიდან აღებული გენეტიკური პროფილი ბრალდებულ ხეჩუაშვილის მშობლების გენეტიკური პროფილების იდენტურია. ამოღებულია ვიდეოთვალის ჩანაწერებიც.

ძალოვანებმა 4 ოქტომბერს ერთდროულად ჩაატარეს ჩხრეკა რამდენიმე სახლში და ამოღებული ნივთების ნუსხაც გაასაჯაროეს: დაბეჭდილი ლიტერატურა, ხელნაწერი, სადაც აღწერილია ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადების წესი; დისტანციურად ასაფეთქებელი ნივთიერების დასამზადებლად საჭირო ნივთები; დისტანციური პულტები; ელექტროსადენები, გივი თარგამაძის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების ნახაზები და ა.შ.

გამოძიება გრძელდება ბრალდებულ ხეჩუაშვილთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების გამოსავლენად...

ოფიცერი ბორის ჩაგუნავა სპეცრაზმ "დელტას" მებრძოლი იყო. 2000 წელს ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოში მუშაობდა, ხოლო 2000-2002 წლებში - ანტიტერორისტულ ცენტრში.

დავით ხეჩუაშვილი 2008-დან 2012 წლის სექტემბრამდე კუდ-ის მე-5 სამმართველოში მუშაობდა, უფრო ადრე - თავდაცვის სტრუქტურებში. ერთ-ერთი ინფორმაციით, 2016 წლის 20 მაისიდან 30 ივნისამდე ის უკრაინაში იმყოფებოდა.

საყურადღებოა ერთი ფაქტიც - ხეჩუაშვილს განათლება სანქტ-პეტერბურგში აქვს მიღებული, სამხედრო დაზვერვის ინსტიტუტში სწავლობდა და რუსულ სპეცსამსახურებთან მისი კავშირიც განიხილება.

ბრალდებულის მამა ანზორ ხეჩუაშვილი კომენტარზე უარს ამბობს, თუმცა გამორიცხავს დანაშაულში თავისი შვილის მონაწილეობას. ამბობს, რომ ამ ფაქტამდე 5 დღით ადრე მისი შვილი სამუშაოდ რუსეთში წავიდა. მისივე თქმით, დარჩო შევარდნაძეზე განხორციელებულ ტერაქტშიც ფიგურირებდა, თუმცა მაშინ სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. წლების წინ დარჩო ხეჩუაშვილის სახელმა ასევე გაიჟღერა მუხროვანის ამბოხების საქმეშიც. თუმცა კონკრეტულად რა როლი შეასრულა, უცნობია.

გივი თარგამაძე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ამბობს, რომ არც დაკავებულს იცნობს და არც ძებნილ ხეჩუაშვილს:

"პრემიერმა პირველივე საათებში სრულიად ურცხვად, ივანიშვილის თუ არ ვიცი, ვისი შეკვეთით, ძირითადი აქცენტი უკრაინაზე გააკეთა.

შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ აშკარად სჭირდებოდათ საქმის გახსნილად გამოცხადება არჩევნებამდე. ოთხ ადგილას რაღაც წარმოდგენა ჩაატარეს სპეცრაზმელების სირბილით, რამაც არაფერი მოიტანა. ვისაც ესენი ბრალს სდებენ და რატომ სდებენ, ჯერჯერობით, გაუგებარია, ის აღარ იმყოფება ქვეყანაში. შემკვეთი არ არის ცნობილი. ადამიანი, რომელიც ნათესაურ კავშირშია მათ მიერ ბრალდებულთან, იმის გამო დააკავეს, რომ მანქანა მის სახელზე იყო გაფორმებული. მას არავითარი კავშირი არა აქვს ამ საქმესთან. ბრალიც კი წაუყენეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაზე. ამ ადამიანს, დიდი ალბათობით, არანაირი კავშირი არა აქვს ამ ყველაფერთან.

რაც მთავარია, ჯერ არ უთქვამთ კონკრეტულად, რომელი ნივთიერების გამოყენებით, რა მექანიზმით მოეწყო ეს ტერაქტი. ასეთი მომენტების გარეშე საქმე გახსნილად არ შეიძლება ჩაითვალოს".

განიხილება რამდენიმე ვერსია - "ნაციონალები" ხელს ხელისუფლებისკენ იშვერენ, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი და ექსპერტთა ნაწილი კი არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა დანაშაული ოდესაში დაიგეგმა და თავად "ნაცმოძრაობას" სურდა წინასაარჩევნოდ სკანდალის მოწყობა. კიდევ ერთი ვერსიით, რუსული სპეცსამსახურების კვალი განიხილება. ექსპერტიზის დასკვნა, ალბათ, ბევრ დეტალს გამოააშკარავებს, მთავარია, გაირკვეს, თუ ხეჩუაშვილი შემსრულებელია, ვისი დაკვეთით მოქმედებდა.

თეა ხურცილავა