"სოცმუშაკმა პატარები უმძიმეს მდგომარეობაში ნახა"- რა გახდა ხუთი თვის ჩვილის გარდაცვალების მიზეზი? - კვირის პალიტრა

"სოცმუშაკმა პატარები უმძიმეს მდგომარეობაში ნახა"- რა გახდა ხუთი თვის ჩვილის გარდაცვალების მიზეზი?

ბათუმის საავადმყოფოს ექიმები სამი დღე-ღამის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ხუთი თვის ჩვილის გადარჩენას. ატარა ანა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ჩვილი საავადმყოფოში სოციალური მუშაკის ძალისხმევით მოხვდა. მასთან ერთად "სასწრაფოს" ბრიგადამ იქ მისი და-ძმაც გადაიყვანა. უფროსის, ექვსი წლის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისევ საავადმყოფოშია წლის და ხუთი თვის პატარა. ბავშვები მშობლებს დროებით ჩამოართვეს და მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩართეს.

ითქვა, თითქოს ბავშვის გარდაცვალების მიზეზი შიმშილი იყო, მაგრამ ამას გამორიცხავენ ბათუმის სოციალურ სააგენტოში. სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ ქარცივაძე ამბობს, რომ მძიმე პათოლოგიების მიუხედავად, ჩვილი წონაში ჩვეულებრივ იმატებდა.

ოჯახი საცხოვრებელს ხშირად იცვლიდა. მიზეზად უსახლკარობას ასახელებენ.

"ბავშვი კახეთში მამაჩემის გვერდით დავკრძალე. გადმოსვენების თანხა ვიღაცებმა მომცეს, უცნობი ადამიანები დამეხმარნენ. ცოტა ხნით გურიაში ვცხოვრობდით. სახლის პატრონი თბილისში იყო, მაგრამ მერე დაბრუნდა და სახლის დაცლა მომთხოვა. მერე აჭარაში წავედით და ჩაქვში ბინა ვიქირავეთ. ბინის პატრონმა იცოდა, რომ ფული არ გვქონდა, მაგრამ სახლიდან არ გამოგვყარა. მე გულის არითმია მაქვს და ორივე მუხლში წყალი მიდგას. საჭმელი საერთოდ არ გვქონდა ბავშვებისთვის", - ამბობს ბავშვების მამა.

თემურ ქარცივაძე, ბათუმის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი:

- ბავშვების დედა 30 წლისაა, მამა - 47 წლის. ოჯახი თითო ბავშვზე 150 ლარს იღებდა. ამას ემატებოდა შემწეობის თანხა, თითო სულზე 60 ლარი. სულ ეს ოჯახი სახელმწიფოსგან 650 ლარამდე დახმარებას იღებდა. წლამდე პატარებისთვის არსებობს კვების ვაუჩერი, რომლითაც ოჯახი აფთიაქიდან ჩვილის საკვებს იღებს. სოცმუშაკმა აუხსნა მშობლებს, რომ ამ პროგრამაში ჩართულობას გაუგრძელებდა, ოღონდ ამისთვის ლანჩხუთის განყოფილებაში მშობლის მისვლა იყო საჭირო. დაუნიშნა ეს შემწეობა, დაიბარა ოჯახის წევრებიც, მაგრამ არ მივიდნენ. ერთი თვე რომ არ გამოჩნდნენ, სოცმუშაკი მივიდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იმ სახლში აღარ ცხოვრობდნენ.

- ასეთ დროს სოციალური დახმარება უწყდება ოჯახს?

- სოციალურად დაუცველი ოჯახი როცა საცხოვრებელს იცვლის, კანონით ვალდებულია, ახალი განაცხადი შეიტანოს და აცნობოს სახელმწიფოს ახალი მისამართი. მერე იქ გაიცემა დახმარება. ვინაიდან გურიაში აღარ იყვნენ, ლანჩხუთმა მათ შეუჩერა სოციალური დახმარება. აგვისტოს თანხა მიღებული ჰქონდათ, 15 სექტემბერს კი, როცა ბანკში მივიდნენ დახმარების ასაღებად, გაიგეს, რომ დახმარება შეუჩერდათ. ამ დროს ოჯახი უკვე ჩაქვში ცხოვრობდა და ახალი განაცხადი მათ ბათუმის განყოფილებაში შეიტანეს.

ანა მძიმე პათოლოგიით დაიბადა და ქუთაისიდან თბილისის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქიდან ცოტა ხნის წინ გამოეწერა. ბოლოს დედამ ორ ოქტომბერს ჩაქვში, უბნის ექიმთან მიიყვანა. ექიმმა მისცა დანიშნულება, მაგრამ მშობლებმა მკურნალობა არ გაუგრძელეს. საავადმყოფოში ბოლო ვიზიტიდან ცხრა დღის შემდეგ კი სოცმუშაკმა პატარები უმძიმეს მდგომარეობაში ნახა. ბავშვებს ვირუსული დაავადება ჰქონდათ. ამიტომ სამივე პატარა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

- სოცმუშაკს რომ არ ენახა, შეიძლებოდა ბავშვი სახლში გარდაცვლილიყო?

- დიახ... სოცმუშაკმა მისი და-ძმის სიცოცხლე იხსნა...

- რატომ ჩამოერთვათ მშობლებს შვილები, მიზეზი მათი დაუდევრობაა?

- მომხდარს სამართალდამცავები იძიებენ, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, ბავშვებზე ამ ეტაპზე სახელმწიფოს ეზრუნა. და-ძმა მინდობითი აღზრდის პროგრამაში ჩავრთეთ. ორივე ერთ ოჯახში იცხოვრებს. უფროსი უკვე იქ არის, შუათანას კი საავადმყოფოში დედობილი უვლის. ეს არ ნიშნავს, რომ მათ მშობლის უფლება ჩამოვართვით. მათ შვილების ნახვის უფლება ექნებათ.

- როდემდე იქნებიან ბავშვები მზრუნველობის ქვეშ?

- როგორც ბავშვის მამამ გვითხრა, მას კახეთში აქვს ბებიის დანატოვარი სახლი, რომელსაც კეთილმოწყობა სჭირდება. ჩვენ ჩავრიეთ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, რომ სახლი აღადგინონ. თუ დავრწმუნდებით, რომ იქ სათანადო პირობები აქვთ, ბავშვები მშობლებთან დაბრუნდებიან. ხელახლა შეავსებენ დეკლარაციას, ალბათ, შემწეობასაც მიიღებენ. დამატებით 150 ლარს მიიღებს წლის და ხუთი თვის პატარა. ამ თანხას დაემატება რეინტეგრაციის თანხა, ანუ საკუთარი შვილის მოვლისთვის სახელმწიფო მშობლებს თანხას გადაუხდის. სახელმწიფოსგან ისინი ყოველთვიურად დაახლოებით 700 ლარამდე მიიღებენ. მშობლები შრომისუნარიანები არიან და თვითონაც უნდა გამოიღონ ხელი.

საქმის გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს. ვნახოთ, რა გაირკვევა.

თეა ხურცილავა