"შეყვარებ­ულმა ტელეფონით უთხრა ირმას, უნდა მოვიდეო, სახლში უნდა მოეკლათ მამაც..." - მკვლელობა, რომელმაც ქვეყანა შეძრა - კვირის პალიტრა

"შეყვარებ­ულმა ტელეფონით უთხრა ირმას, უნდა მოვიდეო, სახლში უნდა მოეკლათ მამაც..." - მკვლელობა, რომელმაც ქვეყანა შეძრა

"ქალი რომ დაიკარგა, ირმა იმ ღამეს სახლში არ ყოფილა. მამამისი ამბობს, მეორე დღეს მთვრალი მოვიდა და მთელი დღე ეძინაო"

დედაქალაქი შეძრა სასტიკმა მკვლელობამ - გამოძიების ინფორმაციით, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში მხილებულია მისი 18 წლის ქალიშვილი, ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილი. ის უკვე დააკავეს სამართალდამცავებმა. ძალოვანებმა 5 პირი დააკავეს, ყველა მათგანი ირმა ყოჩიაშვილის მეგობარია. 3 ბრალდებულს ჯგუფურ მკვლელობაში ედება ბრალი, მათგან ერთი არასრულწლოვანია, კიდევ 2 პირს დანაშაულის დამალვაში ამხელენ.

სამართალდამცავთა ცნობით, ლუბა ყოჩიაშვილი ახალი ნაოპერაციები იყო და სახლიდან იშვიათად გადიოდა. 19 ოქტომბერს სამსახურიდან სახლში დაბრუნებულ ომარ ყოჩიაშვილს მეუღლე სახლში რომ არ დახვდა, ჯერ მეზობლებთან მოიკითხა, მერე შვილს დაურეკა, მაგრამ მანაც უთხრა, რომ არაფერი იცოდა... ამის შემდეგ მამაკაცმა ცოლის გაუჩინარების შესახებ პოლიციას აცნობა.

ყოჩიაშვილების სახლის სადარბაზოსთან დამონტაჟებული ვიდეოთვალის დათვალიერების შემდეგ დადგინდა, რომ ქალი სადარბაზოდან გარეთ არ გასულა. 2 კვირის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა ომარი მეუღლეს, სამართალდამცავებმა არაერთხელ დაჰკითხეს ის და მისი ქალიშვილი. როცა სამართალდამცავებმა ქალის დასახიჩრებული და დანახშირებული ცხედარი გლდანში, ძველი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე იპოვეს, მაშინვე არ გაუხმაურებიათ... დედა-შვილს, ირმა და ლუბა ყოჩიაშვილებს, ხშირად კონფლიქტი ჰქონდათ.

ირმა უცნაურად ჩაცმული დადიოდა, სასმელს ეძალებოდა, ოჯახმა იცოდა, რომ სექტაში იყო გაწევრებული. შინ ტაქსით მოდიოდა და მძღოლებს მგზავრობის საფასურს არ უხდიდა.

ყოჩიაშვილების მეზობელი: "ეტყოდა, ფულს ახლავე ჩამოგიტანო, შემოვიდოდა სადარბაზოში და იკარგებოდა. საწყალი მძღოლები ლოდინით რომ დაიღლებოდნენ, მერე ატეხდნენ განგაშს, მაგრამ ვერ პოულობდნენ. ეს იმდენად გახშირდა, მეზობლებიც შევწუხდით. ირმას ამოცნობა ძალიან ადვილი იყო. რომ იტყოდნენ, უცნაური ვარცხნილობით, უცნაურად ჩაცმული გოგო მოვიყვანე და ფულის ჩამოტანას დამპირდაო, ვიცოდით, ეს ირმა იყო. ზაფხულში ნახევრად შიშველი დადიოდა. მთელ სხეულზე უამრავი ტატუ ჰქონდა, თმა კი ცალ მხარეს აპარსული. თვალებთან ბოლო დროს რაღაც ხაზები გაიკეთა. ერთი-ორჯერ ბინაც მივასწავლეთ ტაქსის მძღოლებს და ეს ამბავი ასე გაიგეს მისმა მშობლებმა... არადა, ძალიან კარგ ოჯახში გაიზარდა. ლუბა სამხედრო აკადემიაში ასწავლიდა იყო. ბოლო დროს ჯანმრთელობა შეერყა და შინიდან იშვიათად გადიოდა. მისი მეუღლე 31-ე ქარხანაში მუშაობს. რამდენიმე წლის წინ ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს - 21 წლის ქალიშვილი მოულოდნელად გარდაეცვალათ - დიაბეტი ჰქონდა. ამ ტრაგედიის შემდეგ ოჯახმა შვილის აყვანა გადაწყვიტა და ჩვილი გოგონა იშვილეს. მას გარდაცვლილი შვილის სახელი, ირმა დაარქვეს და ისე ზრდიდნენ, არაფერს აკლებდნენ. 124-ე საჯარო სკოლაში დადიოდა ირმა, ბოლოს გაირკვა, რომ გაკვეთილებს ხშირად აცდენდა, ამას დედა ძალიან განიცდიდა და ცდილობდა, შვილი როგორმე სწორ გზაზე დაეყენებინა, მაგრამ ვერ შეძლო. სკოლაც არ დაუმთავრებია".

გამოძიების ცნობით, ლუბა ყოჩიაშვილი ირმამ და მისმა მეგობრებმა მისივე ბინაში მოკლეს. ქალი ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდგომ გაგუდეს, ბოლოს დანით მიაყენეს ჭრილობები. ცხედარი დიდ ჩანთაში ჩადეს და სადარბაზოს უკანა გასასვლელიდან გაიტანეს. იმ მხრიდან ვიდეოკამერები არ არის. ცხედარი მანქანით ირმას შეყვარებულის, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში მიიტანეს. გამოძიების მტკიცებით, სწორედ ამ ბინაში დაანაწევრეს ცხედარი, შემდეგ ორ ჩანთაში გადაანაწილეს და გლდანის მე-8 საპყრობილის ახლოს, გაუქმებულ ნაგავსაყრელზე ამოთხრილ ორმოში ჩააგდეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.

დაკავებული არიან 1997 წელს დაბადებული ირმა ყოჩიაშვილი, 1993 წელს დაბადებული ბექა შ. და 1999 წელს დაბადებული ნინა ჩ. გამოძიების თქმით, ირმამ და მისმა მეგობარმა მამაკაცმა აღიარეს დანაშაული, დუმილის უფლებას იყენებს მათი მეგობარი არასრულწლოვანი გოგონა, ხოლო 1994 წელს დაბადებულ ავთანდილ ა.-ს და 1993 წელს დაბადებულ დათა კ.-ს დანაშაულის დაფარვის ბრალდება აქვთ წარდგენილი.

როგორც ამბობენ, დაკავებამდე ირმა სახლში ჩვეულებრივ დადიოდა და ცდილობდა, მასზე ეჭვი არავის აეღო.

აი, რა გვიამბო ოჯახის ახლობელმა: - დნმ-ის ანალიზით დადასტურდა, რომ დანახშირებული ძვლები ჩვენი ნონასი (შინაურები ასე ვეძახდით) იყო. ნაგავსაყრელზე საეჭვო კვალი მოხუცმა მამაკაცმა იპოვა და შეატყობინა პოლიციას. მაშინვე არ უთქვამთ, რომ ქალი იპოვეს. თავიდანვე შვილზე იყო ეჭვი, ეს მინიშნება სამართალდამცავებს მამამისმა მისცა, მან გაიყვანა გამომძიებლები კვალზე და ამის შემდეგ ირმას პოლიცია უთვალთვალებდა. მის ტანსაცმელში მალულად ჩიპი დამონტაჟდა. ირმა თავის თანამზრახველებს ხვდებოდა და პოლიცია მათ საუბარს ისმენდა. რაც ყველაზე საგანგაშოა, ომარის მოკვლაც ჰქონდათ დაგეგმილი. ირმამ თავად შესთავაზა მათ, მამამისიც მოეკლათ. შეყვარებულმა ტელეფონით უთხრა ირმას, უნდა მოვიდეო, სახლში უნდა მოეკლათ ისიც... ქალი რომ დაიკარგა, ირმა იმ ღამეს შინ არ ყოფილა. მამამისი ამბობს, მეორე დღეს მთვრალი მოვიდა და მთელი დღე ეძინაო. რატომ მოკლა, არ ვიცი, ამბობენ, რიტუალი ჩაატარესო.

შავებში ჩაცმული დადიოდა, ზოგჯერ სახეზე რაღაცებს იხატავდა, რაღაც შავი ნიღაბივითაც ეკეთა ხოლმე. დაკავების შემდეგ პოლიციამ სახლში მოიყვანა და დეტალურად აღწერა მკვლელობა.

- ირმამ იცოდა, აყვანილი რომ იყო?

- დიახ, არ დაუმალავთ მშობლებს. ორი კვირის იყო, რომ მოიყვანეს და რუდუნებით ზრდიდნენ, მან კი გამზრდელი სადისტურად მოკლა...

"თავიდანვე შვილზე იყო ეჭვი, ეს მინიშნება სამართალდამცავებს მამამისმა მისცა"

ჩვენი ინფორმაციით, ირმა ყოჩიაშვილის მეგობარი ბიჭი 23 წლის ბექა შენგელიაა. იგი სექტანტური წრის ლიდერია. სწორედ მის ნაქირავებ ბინაში მოხდა ცხედრის დანაწევრება. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ჯგუფმა ე.წ. რიტუალი და მსხვერპლშეწირვა ჩაატარა.

ყოჩიაშვილების მეზობელი: "იმდენად ვერ იტანდა დედამისს, მეგობრებისთვის უთქვამს, მოვკლათ და მისი ცხედარი გავაქროთ, მკვდარიც არ მინდაო. მან იცოდა ნაშვილები რომ იყო. ეს დედამისმა უთხრა კიდეც. თურმე ამის შემდეგ უფრო აითვალწუნა დედა და მის სიტყვას საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. ქალი კი ირმას ქცევებს ვერ ეგუებოდა და ხშირად ჩხუბობდნენ. ყველანი ვხედავდით, რომ ეს გოგო უცნაურად იქცეოდა, საშინლად ჩაცმული დადიოდა, შავები ეცვა, სახე უცნაურად დახატული ჰქონდა, რომ შეგეხედა, შეგეშინდებოდა. არადა, ფიზიკურად ლამაზი ბავშვი იყო. იმასაც ამბობენ, ე.წ. სუბკულტურის, გოთების წევრი იყოო... ისინი შთაგონებას დეპრესიიდან, სასოწარკვეთილებიდან და ალბათ სხვისთვის მიყენებული ტკივილიდანაც იღებენ.

ირმას კი ჩვენება მიუცია, დედაჩემის შემდეგ, მამაჩემიც უნდა მოგვეკლაო. შეიძლება თუ არა რეალობასთან ახლოს იყოს, არ ვიცი, მაგრამ გამოძიებაში კანიბალიზმის საკითხიც განიხილება. ყველამ მოისმინა ისიც, რომ პროკურატურა რიტუალური მკვლელობის ვერსიას განიხილავს და ამაზე ხმამაღლა ისაუბრეს ძალოვანებმა. ჩვენთვის უცნობია, მათ კონკრეტულად რა რიტუალი ჩაატარეს"

არსებული ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვანი ნინა ჩ-ც, ერთ-ერთი ცნობილი დრამატურგის შვილობილია. გოგონა თურმე ერთ-ერთი დასის წევრიც იყო. როგორც ამბობენ, თავისებური ბავშვია. როგორ აღმოჩნდა იგი ამ ჯგუფთან და რა როლი შეასრულა მკვლელობაში, ამას გამოძიება დაადგენს. მას სახაზინო ადვოკატი იცავდა, მაგრამ ოჯახმა უკვე აიყვანა კერძო ადვოკატი და ის საქმეში ჩაერთო. ამ დრომდე არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს და მას ჯერ ჩვენება არ მიუცია.

იხილეთ ასევე: "ბრალდებლთაგან ერთმა აღიარა, რომ მოკლულისთვის ამოჭრილი ორგანო შეჭამა" - პროკურორი კანიბალიზმის ნიშნებზე ლაპარაკობს

თეა ხურცილავა