"ახლა მწამებლების დასჯას­ ველოდებით" - კვირის პალიტრა

"ახლა მწამებლების დასჯას­ ველოდებით"

სულხან მოლაშვილის ოჯახს წავკისის აგარაკი დაუბრუნეს

"13 წელი ელოდა ჩვენი ოჯახი სამართლიანობას, სულხანი ვერ მოესწრო და რაც ყველაზე მძიმეა, ჩვენ მისი სიცოცხლე წაგვართვეს"

კონტროლის პალატის ყოფილი უფროსი სულხან მოლაშვილი ციხეში ნაწამებ პატიმრებს შორის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო. მაშინ მთელმა საქართველომ იხილა შემზარავი ფოტოები - მთელი ზურგი სიგარეტით ჰქონდა ამომწვარი, სხეულზე უამრავი სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა. ციხეში სამი ჯოჯოხეთური წელი გაატარა და ბოლოს პატრიარქის თხოვნით გაათავისუფლეს. ციხიდან გამოსულმა სამართალი რომ ვერ იპოვა, ბრძოლა ევროსასამართლოში განაგრძო - 2014 წელს სტრასბურგის სასამართლომ ოთხი მუხლით გაამართლა და დისკრიმინაციული მოპყრობისა და წამების მსხვერპლად აღიარა, საქართველოს მთავრობას კი მოლაშვილისთვის კომპენსაციად 20.000 ევროს გადახდა დააკისრა. მაშინ პროკურატურამ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე კვლავ დაიწყო მოლაშვილის საქმის გამოძიება, თუმცა დღემდე არ დასრულებულა. პროკურატურის გადაწყვეტილებით, გასულ კვირას სულხან მოლაშვილის ოჯახს სოფელ წავკისში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული აგარაკი დაუბრუნდა.

2004 წლის 23 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დააკავეს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსდა. 2004 წლის ივლისში მის ძმას, თორნიკე მოლაშვილს დაუკავშირდნენ პროკურატურიდან და დაარწმუნეს, სულხანს პატიმრობას არასაპატიმრო ღონისძიებით შევუცვლით, თუ სოფელ წავკისში მდებარე ერთ-ერთ აგარაკს შეიძენთ და შემდგომ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემთო... ოჯახის წევრებმა აიღეს სესხი და 2004 წლის 14 ივლისს 140.000 ლარად შეიძინეს წავკისში აგარაკი, რომელიც იმავე დღეს უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. მიუხედავად ამისა, სულხანი არ გაუთავისუფლებიათ. საზოგადოებას კარგად ახსოვს, მაშინ მიხეილ სააკაშვილმა როგორი ხმაურით მიიყვანა უსახლკარო ადამიანები წავკისში და იმ სახლში შეასახლა.

თათია ბახტურიძე, სულხან მოლაშვილის მეუღლე: - წავკისის სახლი დაგვიბრუნეს და როგორც ვიცი, გრძელდება წამების საქმის გამოძიება, რაც უმთავრესია. სულხანი ასახელებდა იმ პირებს, ვინც აწამებდა, და მათ დასჯას ველოდები.

- გამოძიებამ მაშინ ბატონი სულხანი ამ წამების ეპიზოდებზე დაჰკითხა?

- არა, თუმცა ტელევიზიასა და პრესაში არაერთხელ დაასახელა გვარები. უამრავი მასალა არსებობს და, ალბათ, გამოძიება მის ინტერვიუებს გამოიყენებს.

- აგარაკი სახელმწიფოს როგორ გაუფორმეთ?

- თორნიკეს დაუკავშირდნენ ვალერი გრიგალაშვილი და გენპროკურორის მოადგილე კახა კობერიძე. სულხანმა ციხიდან მათი ტელეფონით დამირეკა, - მთავაზობენ, აგარაკი ვიყიდო წავკისში, მერე მათ გადავცე და ამის შემდეგ გამომიშვებენო, მაგრამ სულხანი კატეგორიული წინააღმდეგი იყო. მაშინ ადამიანის უფლებების დამცველები გამოვიდნენ ციხიდან და სულხანის მდგომარეობაზე ჟურნალისტებთან ისაუბრეს. თინა ხიდაშელისა და ელენე თევდორაძის კომენტარები მოვისმინე. თევდორაძემ პირდაპირ თქვა, ისეთ პირობებში, როგორშიც დღეს სულხანია, ღორებსაც აღარ ამყოფებენო. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რადაც უნდა დამჯდომოდა, მეყიდა აგარაკი წავკისში. თანხის ნაწილი ბანკიდან გამოვიტანეთ, ჩემი ბიძაშვილის მეუღლე გერმანელია და ნაწილი მისგანაც ვისესხეთ, ასე მოვაგროვეთ 140.000 დოლარი. მერე დადგა შოუ სააკაშვილმა და იმ სახლში ქუჩაში აყვანილი უსახლკაროები შეუშვა. მერე ვერ შეძლეს ვერანაირი სახსრების მოძიება და ის ხალხი ისევ ქუჩაში გაიქცა.

- ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჰქონდა სამართლიანობის აღდგენის იმედი?

- სულხანი უსამართლობას ვერ იტანდა. შეეძლო გაქცეულიყო ქვეყნიდან და სხვაგან ეცხოვრა, მაგრამ ეს არ გააკეთა.

ალბათ, ახლა იწყება სამართლიანობის აღდგენა. დასანანია, რომ ამას სულხანი ვერ მოესწრო. სულ ამბობდა, მოვა დრო და ჩემს საქმეებს ლექტორები სტუდენტებს ასწავლიანო. როცა გავიგე, წავკისის სახლს გვიბრუნებდნენ, სიმართლე გითხრათ, ტკივილი უფრო მეტი იყო, ვიდრე სიხარული. დარწმუნებული ვარ, დამნაშავეები დაისჯებიან.

დღეს ყველამ იცის, რომ სულხანი უსამართლოდ დასაჯეს და ეს ყველაფერი ერთი კაცის, სააკაშვილის სიძულვილის გამო მოხდა.

ძალიან კარგი იურისტი იყო, ღირსეული, მებრძოლი ადამიანი, სიცოცხლე შესწირა ამ ყველაფერს. 13 წელი ელოდა ჩვენი ოჯახი სამართლიანობას, სულხან მოლაშვილი ვერ მოესწრო და რაც ყველაზე მძიმეა, ჩვენ სულხანის სიცოცხლე წაგვართვეს.

თეა ხურცილავა