"მოსახლეობა­ ჩინელებს ქართველების ცემას არ აპატიებს"
07-11-2016
"მოსახლეობა­ ჩინელებს ქართველების ცემას არ აპატიებს"
"ჩინელებთან დაპირისპირება ღამით მოხდა, მეორე დღეს კონფლიქტი გაგრძელდა. საბოლოოდ 80-მდე ჩინელი და 100 ქართველი ერთმანეთს დაეტაკა და ხელჩართული ბრძოლა გაიმართა"

არაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში­ სამ ჩინელს ქართველების ცემაში ედება­ ბრ­ა­ლი. იქ ჩინურ კომპანია "23-ე ბიუროს"­ რკი­ნიგზა გაჰყავს. გავრცელებული ინფორმაციით, ლიანდაგის დაგებაზე დასაქმებულ რამდენიმე ქართველს ამ კომპანიაში მომუშავე ჩინელებმა სცემეს. სასტიკად ნაცემი ბიჭები საავადმყოფოში გადაიყვანეს. სისხ­ლიანი დაპირისპირება მეორე დღესაც გაგ­რძელდა და კიდევ 4-მა ქართველმა­ მიიღო დაზიანება.

"შეშა ტყიდან ჩამოგვქონდა, როცა ჩინელებმა
გზა გადაგვიკეტეს და ცემა დაგვი­წყეს. ვითომ გასაშველებლად სხვები მოვიდნენ და ნაჯახებითა და რკინის კეტებით გაგვისწორდნენ. მათ უმკაცრესად დასჯას მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ წავიდნენ სოფლიდან", - ამბობს ერთ-ერთი დაშავებული.

ზვარეში გამგებლის წარმომადგენლის, ბერიკა ტალახაძის თქმით, ქართველებსა­ და ჩინელებს შორის კონფლიქტი ხშირია: - მუშაობა შეჩერებულია და ობიექტს პოლიცია იცავს.
ჩინელები ხშირად არღვევ­დნენ ქართველების უფლებებს და ჩვენები­ აპროტ­ესტებენ. ამ ინციდენტისას 7 კაცი დაშავდა. 4 ზვარელია, სამი - ზესტაფონელი.

ტყეში დამზადებული შეშა მიჰქონდათ­ ბიჭებს, ჩინელებს კი ეგონათ, მათი დამზადებული გაიტანეს ობიექტიდან და ამიტომ გადაუკეტეს გზა. ტერიტორიაზე არსებული ხეები ჩინელების საკუთრება არ არის, სატყეო მეურნეობას ეკუთვნის, მაგრამ ჩინელებს მაინც გააქვთ... თუმცა იმ ხეებთან ჩვენს ბიჭებს კავშირი არ ჰქონიათ... დაპირისპირება ღამით მოხდა, მეორე დღეს კონფლიქტი გაგრძელდა. საბოლოოდ 80-მდე ჩინელი და 100 ქართველი ერთმანეთს დაეტაკა და ხელჩართული ბრძო­ლა გაიმართა.

- რამდენი ჩინელია დასაქმებული?

- 80-ზე მეტი, ძირითადად, მუშებად მუშაობენ და ობიექტის ტერიტორიაზევე ცხოვრობენ. მათ შორის არიან ხელმძღვა­ნე­ლები, რომლებიც აგრესიულობით გამო­ირჩევიან. დაკავებულებს შორის ერთ-ერთი­ სწორედ ასეთი ხელმძღვანელი პირია. მეც ვეთანხმები­ ხალხის მოთხოვნას - უნდა დატოვონ აქაურობა, სხვანაირად სიმშვიდე ვერ დამყარდება, მოსახლეობა­ მათ ქართველების ცემას არ აპატიებს.

- ამბობენ, რომ ჩინელებიც დაშავდნენ.

- ვინ ვის ურტყამდა, ვერ გაიგებდი. ჩინელებიც არიან ნაცემი, მაგრამ მსუბუქად. რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლ­ებიც ჩამოვიდნენ და ადგილზე შეისწავლეს ვითარება. მუშების აქცია გრძელდება - ისინი დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

ჩინური კომპანია "23-ე ბიურო" მედიას მოვლენების ცალმხრივად გაშუქებაში ადანაშაულებს და დაკავებული ჩინეთის მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვს:

"დავის მიზეზი გახლდათ მოჭრილი მერქნული რესურსის მოსახლეობის მიერ უკანონო მითვისება. ინციდენტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ყურადღებას ვამახვილებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, მოჭრილი მერქნული რესურსი ეკუთვნის გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტს და მის შენახვასა და გადაცემაზე პასუხისმგებელია ჩინური მხარე.­ მომდევნო დღეს მოხდა კონფლიქტის ესკალაცია, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ორივე მხარეს არიან დაზარალებულები. მედიით ვრცელდება მხოლ­ოდ ცალმხრივი ინფორმაცია, თითქოს ჩინელმა მუშებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ქართველებს, რაც არ შეესაბამება­ სიმართლეს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ დაზიანებები აღენიშნება როგორც ქართველ, ისე ჩინელ თანამ­შრომლებს. კონფლიქტის ინიცირების შესახებ არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები. იმედი გვაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები სათანადოდ და დროულად აიღებენ ყველა მონაწილე პირისგან ჩვენებებს და მიუკერძოებლად ჩაატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს. სანამ არ დადგინდება ჭეშმარიტება, კატეგორიულად მოვითხოვთ, გათავისუფლდნენ დაკავებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეები. აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობა ჩინეთის საელჩოს. იმედს ვიტოვებთ, რომ გამოძიება ჩატარდება გამჭვირვალედ, სამართლიანად და ზემოხსენებული ინციდენტი გავლენას არ მოახდენს ჩვენი ქვეყნების მეგობრულ ურთიერთობებზე".

თეა ხურცილავა
დაგლეჯილი საქართველო
12 ნოემბერი 2016 00:09
რა ყველა ზედ გვივლის...

რედაქტორის რჩევით