ქალი, რომელმაც, სავარაუდოდ, გოგონა თურქეთში ნახა, საეჭვო ვითარებაში დაიღუპა - სად მიდის გაუჩინარებული ნათია გიორგაძის კვალი? - კვირის პალიტრა

ქალი, რომელმაც, სავარაუდოდ, გოგონა თურქეთში ნახა, საეჭვო ვითარებაში დაიღუპა - სად მიდის გაუჩინარებული ნათია გიორგაძის კვალი?

"ჩემს შვილს უთხოვია, საქართველოში იქნებ ჩემებს გააგებინოთ, რომ აქედან გამაღწევინონო"

თურქმა ჟურნალისტმა მითხრა, - მივიღეთ ცნობა, რომ დაკარგული ქართველი გოგონა ნამდვილად იმყოფებოდა აღნიშნულ სასტუმროში, მაგრამ შემდეგ მისი კვალი გაქრაო"

2010 წლის 31 ოქტომბერს ქუთაისელი 19 წლის ნათია გიორგიძე შინიდან მეგობრის შესახვედრად გავიდა. ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვრები გოგონა უკანასკნელად სათვალთვალო კამერამ პუშკინის ქუჩის ჩიხთან დააფიქსირა. შებინდებისას იმავე ჩიხიდან გამოდის შავი X5-ს მარკის ავტომობილი, რომლის სანიშნე ნომერი კამერაზე არ ჩანს. დედა ეჭვობს, რომ გოგონა სწორედ იმ ავტომობილით გაიტაცეს... იმის გამო, რომ ჩიხი მდინარე რიონთან ჩადის, სამართალდამცველებმა გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრეს. გაუჩინარებიდან ერთი თვის შემდეგ რიონის პირას ნათიას პირადობის მოწმობა იპოვეს.

ორი წლის შემდეგ დედამ შემთხვევით გაიგო, რომ ნათია ცოცხალია, თუმცა სად არის, გაურკვეველი დარჩა...

2012 წლის ივლისში ბაღდათელი აზა მინდელი კონკრეტულმა პირებმა საბერძნეთში არალეგალურად გადაიყვანეს. გზად თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, ედირნეს ოლქში, სასტუმრო "მერჯანში" გაჩერდნენ. აზამ მეუღლეს დაურეკა და შეშფოთებულმა უთხრა, - სასტუმროში ცუდი ამბები ხდება. თუ აქედან გამოვაღწიე, ბევრს ცუდად წაუვა საქმე, სასტუმროში ქართველი გოგონა, ნათია გიორგიძე ჰყავთო. ამასობაში ქმარმა ყვირილი გაიგონა და საუბარიც შეწყდა, როგორც ჩანს, ქალს ტელეფონი წაართვეს. მას შემდეგ კოტე მინდელი მეუღლეს ვეღარ დაუკავშირდა და დახმარება პოლიციას სთხოვა. რამდენიმე დღეში კი შეატყობინეს, რომ ქალმა თავი მოიწამლა...

რუსუდან გიორგიძე, ნათია გიორგიძის დედა: - მე და ჩემი შვილი ვმეგობრობდით და თუ რამე უჭირდა, არაფერს დამიმალავდა. იმ ავადსახსენებელ დღეს შინიდან დღის 12 საათზე გავიდა - შორენა იობიძეს უნდა შევხვდეო. ეს გოგონა გაუჩინარებამდე რამდენიმე თვით ადრე გაიცნო. ერთ საათში დავურეკე. ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ყველგან მოვიკითხეთ და ვერსად რომ ვერ მივაგენით, პატრული გამოვიძახეთ. იმავე საღამოს, დაახლოებით 23 საათზე, ნათიას ტელეფონი ჩაირთო და მალევე გაითიშა.

ნათია 31 ოქტომბერს დაიკარგა, 21 ნოემბერს ამავე ჩიხში მცხოვრებმა მისი პირადობის მოწმობა იპოვა. უცნაურია, მოწმობა მთელი თვე ეგდო მიწაზე და შელახულიც არ იყო. სამაშველო სამსახურმა გაუჩინარებიდან 48 საათის შემდეგ იქაურობა დაათვალიერა, რამდენჯერმე რიონიც დააშრეს და მაშინ საბუთი ვერავინ ნახა? სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, ნათია როგორ შედის ჩიხში. გამოძიებამ იოლად დაიძვრინა თავი - თვითმკვლელობის მუხლით აღძრა საქმე.

- ორი წლის შემდეგ საქმეში ახალი დეტალები ჩნდება - 2012 წელს ნათია თურქეთის სასტუმროში ნახეს... როგორ შეიტყვეთ ეს?

- პირადობის მპოვნელმა განაცხადა, რომ საბუთში მითითებული გვარ-სახელის ძებნა სოციალურ ქსელში დაუწყია. ბაღდათში მოუძებნია ვიღაც ნათია გიორგიძე და მისთვის უკითხავს, პასპორტი ხომ არ დაგიკარგავსო. არ ვიცი, მანამდე რატომ ვერ მოვიფიქრე ბაღდათში წასვლა და ჩემი შვილის სეხნიის ნახვა, რომ გამერკვია, მართლა მისწერა თუ არა იმ ახალგაზრდამ... მოკლედ, მოგვიანებით სამარშრუტო ტაქსით ბაღდათში გავემგზავრე. ტაქსიში ორი ქალბატონის საუბარს მოვკარი ყური. ჰყვებოდნენ, საბერძნეთში სამუშაოდ მიმავალ ბაღდათელ აზა მინდელს თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან სასტუმროში ქუთაისელი გოგონა ნათია გიორგიძე შეხვედრია, რომელსაც უთხოვია, იქნებ ჩემებს გააგებინოთ, რომ აქედან გამაღწევინონო. ეს ყველაფერი აზას ქმრისთვის უთქვამს ტელეფონით. როგორც ქალების საუბრიდან შევიტყვე, რამდენიმე დღეში აზას მეუღლეს შეატყობინეს, თქვენმა მეუღლემ თავი მოიწამლა და საავადმყოფოშიაო. ბოლოს გაირკვა, რომ ქალბატონი გარდაიცვალა... ამ ქალბატონებს მინდელების მისამართი გამოვართვი... მისმა მეუღლემ, კოტე მინდელმა დამიდასტურა ეს ინფორმაცია, თუმცა მოგვიანებით უარყო... მივმართე სამართალდამცველებს, მიპასუხეს, - ეს საკმარისი მტკიცებულება არ არისო.

2014 წელს ჟურნალისტი ხათუნა პაიჭაძე ნათია გიორგიძის კვალმა თურქეთში ჩაიყვანა.

- გადავწყვიტე, თურქეთში მომეძებნა ქუთაისელი გოგონა, რადგან კოტე მინდელის თქმით, მისი მეუღლე (აზა) იმყოფებოდა თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან მდებარე ედირნეს ოლქის სოფელ იფსალას ერთ-ერთ სასტუმროში. იქ ნათია გიორგიძის დედასთან ერთად გავემგზავრე. საზღვრისპირა სოფელში რამდენიმე სასტუმროა, გრჩება შთაბეჭდილება, რომ დაკეტილია, თუმცა იქაურებმა გვითხრეს, სინამდვილეში სასტუმროები მუშაობს. ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე ქართულად დაგველაპარაკა. ვუთხარით, რომ გადასვლა გვინდოდა საბერძნეთში. გადაგიყვანთ, მაგრამ 900-900 ევრო უნდა გადაიხადოთო. ფული უნდა გადაგვეცა ვინმე ქეთინოსთვის, რომელიც ქართველი "კანონიერი ქურდის" დედა აღმოჩნდა. თურქეთის პოლიციაში განვაცხადეთ ჩვენი ჩასვლის მიზეზი, მაგრამ მათგან არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია. ქართულ დიასპორასთან ჩემი კავშირებით მოვახერხე ადგილობრივ ტელევიზიაში მისვლა, რომლის საგამოძიებო ჟურნალისტური გადაცემა დაკარგული ადამიანების ბედით ინტერესდება. მათი დახმარებით გამოვაქვეყნეთ ნათიას ფოტოები და მიმართვა. რამდენიმე თვის შემდეგ დამიკავშირდა თურქი ჟურნალისტი, - მივიღეთ ცნობა, რომ დაკარგული ქართველი გოგონა ნამდვილად იმყოფებოდა აღნიშნულ სასტუმროში, მაგრამ შემდეგ მისი კვალი გაქრაო.

ნათია გიორგიძის საქმეზე ადვოკატი ლედი ტუკვაძე იმ გარემოებებზე საუბრობს, რომლებიც გამოძიებისთვის საკვანძო საკითხები უნდა იყოს: - გაუჩინარებიდან რამდენიმე წლის შემდეგ შევიტყვეთ, რომ ნათიას მობილური ტელეფონი, რომელიც მისი დაკარგვისთანავე გაითიშა, ღამით რამდენიმე წამით ჩაირთო. კვალიფიციური საგამოძიებო მუშაობის შემთხვევაში ამ ფაქტით ბევრი ინფორმაციის დადგენა იყო შესაძლებელი. კოტე მინდელმა დაკითხვისას უარყო ადრე ნათქვამი - ჩემს მეუღლეს დაკარგული გოგონას სახელი ნათია გიორგიძე არ უხსენებიაო. 2014 წელს ჩემს კოლეგებთან ერთად შევხვდი კოტე მინდელს, დიდხანს ვისაუბრეთ. ღამის ოთხ საათზე დამირეკა და მითხრა, რომ მისმა მეუღლემ ნათია გიორგიძე მართლაც ახსენა. ეს ინფორმაცია მაშინვე ვაცნობეთ სამართალდამცველებს. გამომძიებელმა ისევ დაჰკითხა ბატონი მინდელი, ეგ იყო და ეგ. მას შემდეგ ნათია გიორგიძის დედა ითხოვს, დაიწყოს მოლაპარაკება თურქულ მხარესთან და ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები, მაგრამ ამაოდ... პირადად შევხვდით ჩვენს ატაშეს თურქეთის რესპუბლიკაში, გავუგზავნეთ წერილები, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია.

ნათია გიორგიძე რომ გავლენიანი ოჯახის შვილი იყოს, ხომ იცით, ამას რა მოჰყვებოდა... საქმე დღემდე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. არადა, ტრეფიკინგის კლასიკური მაგალითია, რატომ არ იძიებს ამ ამბავს სპეციალური განყოფილება და რატომ არის საქმე ქუთაისის პოლიციის სამმართველოს განყოფილებაში თაროზე შემოდებული?

ნათია გიორგიძე ახლა 25 წლის არის. დედას თუ რაიმე ებადა, ყველაფერი შვილის ძებნას მოახმარა. ახლა სახლის გაყიდვას აპირებს იმ იმედით, რომ გაუჩინარებულ ქალიშვილს იპოვის. როგორც საქმეში ჩართული პირები ამბობენ, არის ხელჩასაჭიდი ფაქტები. თუ მას დავეყრდნობით, ნათია გიორგიძის გაუჩინარებას ფარდა აეხდება.

ცნობილია ქვეყანა, ოლქი, სოფელი, სასტუმრო, სადაც გოგონა იმყოფებოდა 2012 წელს, ასევე ცნობილი გახდა, რომ გოგონას პირადი მობილური ტელეფონი იმავე ღამეს ჩაირთო რამდენიმე წამით, ცნობილია სავარაუდო გადამყვანის სახელი (ქეთინო). საქმეში ფიგურირებს ქართულად მოლაპარაკე თურქი მამაკაცი, რაც გვაფიქრებინებს, რომ მას მჭიდრო კავშირი უნდა ჰქონდეს ქართველებთან. ბუნდოვანია, გიორგიძის დაკარგვიდან როგორ აღმოჩნდა ქუჩაში გოგონას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მაშინ, როცა საგამოძიებო მოქმედებისას გაუჩინარების ადგილი საგულდაგულოდ დაათვალიერეს. უცნობია, რა ინფორმაციას ფლობს მისი მეგობარი გოგონა, რომელთანაც სტუმრად მიდიოდა ნათია გიორგიძე...