"15 წლის მოზარდმა თავი ძლივს დააღწია სექტას, დღესაც ეშინია - მომკლავენო" - კვირის პალიტრა

"15 წლის მოზარდმა თავი ძლივს დააღწია სექტას, დღესაც ეშინია - მომკლავენო"

"ფრთხილად, საშიში სექტები ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს!"

საზოგადოებას ახსოვს, დუშეთში როგორ მოიწამლა ორმა ახალგაზრდამ თავი ციანიდით, თვითმკვლელობის მიზეზი დღემდე გაურკვეველია. ამას წინათ, სექტასთან დაკავშირებულმა მოზარდმა ფსიქოტროპული წამლები დალია და დიდი ხნის ძებნის შემდეგ ოჯახმა მომაკვდავს ბორჯომში მიაკვლია. ა.წ. 18 იანვარს 13 წლის გოგონა უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ხიდიდან გადახტა. ახლობლები მას სექტის მსხვერპლად მიიჩნევენ, რომელსაც გოგონა ინტერნეტით უკავშირდებოდა. ახლახან კი საზოგადოება გააოგნა რიტუალურმა მკვლელობამ, რომელშიც კანიბალიზმის ნიშნებიც იკვეთება. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ახალგაზრდათა ჯგუფი 76 წლის ქალის სასტიკი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს და გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ეს შესაძლოა, რიტუალური მკვლელობა ყოფილიყო, საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა - ყურადღების მიღმა ხომ არ გვრჩება ისეთი სექტები, რომლებიც საშიშროებას უქმნიან მოზარდების ფსიქიკას და სიცოცხლეს. ეს საკითხი მედიისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ალბათ, მეტ ყურადღებას იმსახურებს. მით უმეტეს, რომ სპეციალისტები ამბობენ: ასეთი სექტები არსებობენ.

ერეკლე შონია, ანომალიური მოვლენების მკვლევარი: - დღეს "ფეისბუკი" და "იუთუბი" აჭრელებულია სატანის გამოსახულებებით. "ფეისბუკზე" იქმნება დახურული ჯგუფები, რომელთა წევრებს თავიანთი კედელი სატანისტური გამოსახულებებით, სიმბოლოებით აქვთ გადატვირთული. გამოჩნდა უცნაური სექტები, რომლებშიც ერთიანდებიან ადამიანები, ვისაც სულიერი სიცარიელე, სიდუხჭირე და სხვა პრობლემები აწუხებს. როგორც ჩანს, ასეთ სექტებში მიღების რიტუალები პროტესტანტულად განწყობილი ადამიანებისთვის მიმზიდველი და საინტერესოა. ამას ხშირად მოჰყვება ადამიანის ფსიქიკური აშლილობა, არის სუიციდის შემთხვევებიც...

მამა იაკობ ჩიჩილაძე, დეკანოზი, სასულიერო აკადემიის რელიგიათმცოდნეობის კათედრის თანამშრომელი: - ისეთ გაერთიანებებში, რომლებიც თავს სატანისტებს უწოდებენ, ძირითადად, მზრუნველობამოკლებული მოზარდები ხვდებიან, რომლებიც პროტესტს უცხადებენ საზოგადოებას, აკლიათ ოჯახური სითბო და სიყვარული. თუმცა პირიქითაც ხდება - ზოგჯერ სექტებში მზრუნველი და შეძლებული ოჯახების შვილებიც ერთიანდებიან.

სატანისტების რწმენით, ამ ცხოვრებაში ვინც ამტანია და გამტანი, აგებს; რაც შეწყალებასა და მოწყალებაზეა დაფუძნებული, სიცრუეა; ქრისტიანობა დაჩაგრულების სატყუარაა...

ზოგჯერ სექტებში გაერთიანებული ადამიანები თავს სატანისტებს არც უწოდებენ, ამბობენ, რომ ადამიანის თავისუფლებისთვის იბრძვიან.

საჭიროა პრევენციული ზომების მიღება. ვგულისხმობ რელიგიის შესახებ კანონს. ამ კანონით აიკრძალება ანტირელიგიური, ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა. ასევე, მნიშვნელოვანია სკოლებში რელიგიის სწავლება, ვინაიდან სექტების პირისპირ ყველაზე დაუცველი ბავშვები, მოზარდები არიან.

სატანისტები იყოფიან ათეისტ და თეისტ სატანისტებად. ეს ორი ფრთა ერთმანეთს გმობს. ჩვენში შემოდის სატანიზმის რადიკალური ფრთა - კლასიკური, თეისტური, ანუ ტრადიციული სატანიზმი. ისინი სატანას თვლიან რეალურად, ანუ ითვალისწინებენ ქრისტიანულ პრინციპებს, ბიბლიურ სწავლებას, რომლის მიხედვით სატანა დაცემული, ღვთისგან განდგომილი ანგელოზია. სატანა თეისტებისთვის უმაღლესი ღმერთია და ეთაყვანებიან მას ლოცვითა და მსხვერპლშეწირვით, ადამიანური მსხვერპლშეწირვითაც კი. ათეისტი სატანისტები კი სატანას არ თვლიან რეალურად, აცხადებენ, რომ სატანა მათშია და თეისტებს ეშმაკის თაყვანისმცემლებად მოიხსენიებენ.

სატანიზმი ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა. ზომბირებულ, იდენტობა და ღირებულებადაკარგულ ადამიანებს ბევრი საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. იმისათვის, რომ მოზარდი დავიცვათ, პრობლემასთან ბრძოლაში უშიშროების სამსახურებთან ერთად, ჩართული უნდა იყოს ოჯახი, სკოლა და ეკლესია. ფრთხილად ვიყოთ, საშიში სექტები ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს!

ცოტა ხნის წინ 15 წლის მოზარდმა თავი დააღწია ასეთ საშიშ სექტას და ტაძარში მოვიდა. მანამდე მას სექტაში დაუკაწრეს სხეული, აპირებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებასაც, თუმცა გადარჩა. როგორც ამბობს, გაერთიანებაში ახალგაზრდები ერთიანობის დასტურად ხელებს იჭრიან და ერთმანეთის სისხლს სვამენ. აღმოჩნდა, რომ ბავშვს ოჯახში ყურადღება აკლდა, იქ კი, როგორც ამბობს, მასზე ზრუნავდნენ. დადიოდნენ სასაფლაოზე, საუბრობდნენ ქრისტიანობის საწინააღმდეგო თემებზე, ხოცავდნენ კატებს.

მოზარდი სხვა ქალაქიდან იყო და შეკრების ადგილზე ხშირად ჩასვლა უჭირდა, თან სისხლის სმის რიტუალიც არ მოეწონა. როცა ეს ბავშვი ეკლესიაში მოვიდა, შევამჩნიე, რომ ცინიკური გამომეტყველებით იდგა, საუბარი უჭირდა, ღმერთის ხსენებაზე ეცინებოდა. თუმცა, მთავარია, მოვიდა. მას ახლაც ეშინია, ამბობს, მომკლავენო. მოზარდი კარგა ხანს დაჰყავდათ ფსიქოლოგთან.

ნანა ფიცხელაური