"რატომ უნდა მომეკლა უახლოესი მეგობარი, რისთვის ვიხდი სასჯელს?!" - ნინუების სასტიკი მკვლელობა და საქმეები, რომელიც გადაიხედება - კვირის პალიტრა

"რატომ უნდა მომეკლა უახლოესი მეგობარი, რისთვის ვიხდი სასჯელს?!" - ნინუების სასტიკი მკვლელობა და საქმეები, რომელიც გადაიხედება

"მე მკვლელი არ ვარ"

"ვიძახდი, სამუდამო მომისაჯეთ, მეგობრის მკვლელობას კი ნუ დამაბრალებთ-მეთქი"

პროკურატურამ სამ გახმაურებულ საქმეზე უკანონოდ მსჯავრდებული პირების განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო, რის შესახებაც პროკურატურამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

როგორც უწყებაში განმარტეს, გადაიხედება განაჩენები სს "ეი-ი-ეს" თელასის ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებულების: გიორგი და ნოდარ გვიჩიანების, ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძის, გიორგი პაპაჩაშვილის მიმართ. ასევე, გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობისთვის მსჯავრდებულის თამაზ გოგიას და კოდორში განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული მსჯავრდებულის ნორა არღვლიანის მიმართ.

"ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე, ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები არიან", - ვკითხულობთ პროკურატურის განცახდებაში.

ნინუების მკვლელობა 2016 წლის წლის დასაწყისში კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობის გამოძიებისას ამოტივტივდა. 16 იანვარს, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, 24-ე კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში ძალოვანებმა გაუჩინარებული პროკურორის ვახტანგ ქირიას ცხედარს მიაგნეს. მას ოჯახი რამდენიმე დღე ეძებდა. ოფიციალური ინფორმაციით, ბინა, სადაც ცხედარი იპოვეს, რადიო "საქართველოს ხმის" დამფუძნებელ ბიძინა კუჭავას ჰქონდა ნაქირავები. ქირიას მკვლელობაში ეჭვმიტანილად ბიძინა კუჭავა დასახელდა. ძალოვანთა ინფორმაციით, იგი ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა. სამართალდამცავებმა ჯიპი, რომელშიც ეჭვმიტანილი იჯდა, იუსტიციის სახლის მიმდებარედ გააჩერეს. ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციელების დანახვისთანავე კუჭავამ იარაღი ამოიღო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კუჭავას ოჯახი მკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და დარწმუნებულია, რომ იგი მოკლეს. ვინაიდან კუჭავას თავის დროზე საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა მოკლულ ნინუებთან, გაჩნდა ვერსია, რომ შესაძლებელი იყო რაიმე კავშირი ჰქონოდა წლების წინანდელ მკვლელობასთან მით უფრო, რომ თავის დროზე საქმის სასამართლო განხილვაში მისი გვარ-სახელიც ფიგურირებდა.

ნინუების მკვლელობის საქმე

2009 წლის 13 ნოემბერს თბილისში მკვლელობა მოხდა, - 67 წლის თამაზ ნინუა თავისივე ბინაში, მეუღლესთან, 64 წლის ეთერ ნინუასთან ერთად, მოკლული იპოვეს. ცოლ-ქმარს ჭრილობები თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული. ეთერ ნინუა საძინებელში იპოვეს, ხოლო თამაზ ნინუა სავარძელში იყო ჩაცხრილული.

თამაზ ნინუა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში უშიშროების მინისტრად მუშაობდა. თუმცა სკანდალებსა და შავ-ბნელ საქმეებში არასოდეს ყოფილა გახვეული. გამოძიების დაწყებიდან ცხადი იყო ერთი რამ, მკვლელს ნინუები იცნობდნენ, საკუთარი ხელით გაუღეს კარი და სახლშიც შეიყვანეს.

როგორც ჩანს, მკვლელმა მტკიცებულების მოსპობაზეც იფიქრა. როგორც წესი, დანაშაულის გასახსნელად ყველაზე ეფექტიანი გზა, ცხელ კვალზე მაძებარი ძაღლის მეშვეობით გასვლაა. ამ შემთხვევაში ძაღლის გამოყენება ძალოვნებმა ვეღარ შეძლეს, რადგან ცხედრების ირგვლივ, სავარძლებზე, კომპიუტერთან, ერთი სიტყვით, ყველგან, სადაც შეიძლებოდა დამნაშავეს შეხება ჰქონოდა, დაფქული წიწაკა იყო მოყრილი, ამ გზით კი კვალი გაქრა... გამოძიებამ მკვლელობის იარაღს ვერ მიაგნო, თუმცა საქმეში დევს ორი მასრა, რომელბზეც ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდა. ამოღებული მასრები უიშვიათესი მოდელის უხმო რევოლვერს ეკუთვნოდა, რომელიც ასევე გამოყენებული იყო 2007 წელს მაღალდაძის მკვლელობისას.

მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 27 ნოემბერს, ძალოვნებმა განაცხადეს, რომ ყოფილი ფეხბურთელი, 60 წლის თამაზ გოგია ცოლ-ქმრის მკვლელობაში იყო მხილებული. გოგიას მეგობრისა და მისი მეუღლის მკვლელობა დღემდე არ უღიარებია, თუმცა ის დღემდე იხდის სასჯელს.

პროკურატურის ამჟამად გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, თავის დროზე თამაზ გოგიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საფუძვლად დაედო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა დაფიქსირდა თამაზ გოგიას მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდზე, რაც გახდა მთავარი მტკიცებულება თამაზ გოგიას მიმართ მკვლელობაში მსჯავრდებისთვის.

"ახალი გამოძიების პირობებში, 2016 წლის 06 ივლისს, ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ გაცემულ იქნა კომისიური ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც გამორიცხა თამაზ გოგიას ხელის ანაწმენდებზე დენთის კვალის არსებობის ფაქტი და ეჭვქვეშ დააყენა ხსენებული მტკიცებულების რელევანტურობა.

გარდა ამისა, ახალი გამოძიებით გამოიკვეთა ის გარემოება, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს გააჩნდათ არალეგიტიმური დაინტერესება თამაზ გოგიას მიმართ, რათა მას ხელოვნურად შერაცხოდა თამაზ და ეთერ ნინუების მკვლელობის ფაქტი. ამ მიზნით სისხლის სამართლის საქმეში ხელოვნურად შეიქმნა მისი მამხილებელი მტკიცებულებები, რომლებიც გაბათილდა და ეჭვქვეშ დადგა ახალი გამოძიებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით".

საქმის გადახედვას გოგია წლებია ითხოვს. თამაზ გოგიას შაქრიანი დიაბეტი და თირკმლის უკმარისობა აქვს. "კვირის პალიტრის" არქივში იძებნება მასთან ჩაწერილი ინტერვიუ, რომელსაც გთავაზობთ:

- მე მკვლელი არ ვარ. არ მინდა ამ სახელით ვიარო. კუჭავას პირადად არ ვიცნობდი. ერთადერთი თამაზისგან ის მქონდა გაგონილი, რომ მეზობელი ჰყავდა და მისგან უნდა ეყიდა მანქანა. რატომ უნდა მომეკლა უახლოესი მეგობარი, რისთვის ვიხდი სასჯელს. არანაირი ბიზნესწილები არ არსებობდა. სულ ერთად ვიყავით და მოკვლა რომ მდომოდა, რაღა სახლში მოვკლავდი. პროცესზე მოიყვანეს ერთადერთი ცრუმოწმე, ვინმე ალექსი, რომელიც ამბობდა, თითქოს ნინუამ უთხრა, ფირმაში 50-პროცენტიანი წილი მაქვსო, რაც აბსურდია. ამ მოწმეს 17.000 ჰქონდა ვალი კრედიტის სახით და ამ ჩვენების მერე ვიღაცამ მას ეს კრედიტი დაუფარა. როცა პროცესზე ჰკითხეს, ვალი როგორ დაფარეო, თქვა, თანხა გამომიგზავნეს ინდოეთიდან, გვარიც არ ვიცი, ვინ გამომიგზავნაო.

ვიძახდი, სამუდამო მომისაჯეთ, მეგობრის მკვლელობას კი ნუ დამაბრალებთ-მეთქი. პროკურორი მეუბნებოდა, მაღალდაძეს იცნობო? კიდევ კარგი, იმ კაცისთვის ხელი არ მქონდა ჩამორთმეული, თორემ იმ საქმესაც მე მომაკერებდნენ. პროკურორს ვაფრთხილებდი, მიხედეთ ამ საქმეებს, თორემ მესამედაც გაისვრის ეს იარაღი-მეთქი. არ მაქვს პასუხი, მკვლელად რატომ შემარჩიეს. თავიდან გამოაცხადეს, დანაშაული აღიარაო, მაშინ ეკა მოვიდა და მკითხა, რატომ მომიკალი დედა და მამაო. წარმოიდგინეთ, რა დღეში ვიქნებოდი. მე ამ სიტყვებს ვერ ვივიწყებ, მე ისინი არ მომიკლავს.

7 წელია მკვლელის სახელით ვზივარ. სულ მაქვს მოლოდინი, რომ ამ საქმეს ფარდა აეხდება.