"ახალგაზრდებს კატა თავდაღმა დაეკიდებინათ და თავს აჭრიდნენ" - რას ნახა პოლიციელმა ვარდების მოედნის სარდაფებში? - კვირის პალიტრა

"ახალგაზრდებს კატა თავდაღმა დაეკიდებინათ და თავს აჭრიდნენ" - რას ნახა პოლიციელმა ვარდების მოედნის სარდაფებში?

რა ხდება ვარდების მოედნის სარდაფებში?!

როგორ ცდილობს მიწისქვეშეთიდან მოზარდების დახსნას 173-ე სკოლის დირექტორი

"ჩემი შვილი სატანისტების სექტაში იყო. დიდი ძალისხმევით გამოვტაცე მათ კლანჭებს. მასთან ერთად შეგხვდებით და გიამბობთ, რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ შვილები ჭაობში ჩაძირვისგან დაიფაროს", - ამ საუბრის შემდეგ ვიმედოვნებდი, რომ მამაკაცი, რომელმაც ტელეფონში ვინაობა არ გამიმხილა, ნამდვილად შემხვდებოდა. მოგვიანებით შემატყობინა, მონასტერში ვცხოვრობ ქალიშვილთან ერთად, მან ჟურნალისტთან შეხვედრა გადაიფიქრაო, და ყოფილ პოლიციელ ნიაზ ლემონჯავასთან დაკავშირება მირჩია. ის ერთ-ერთი პირველი ყოფილა, ვინც წლების წინ საშიში სექტების შეკრების ადგილს მიაგნო და შესაბამის სამსახურებს აცნობა.

ნიაზ ლემონჯავა: - ათი წელზე მეტია ვარდების მოედანზე, მიწის ქვეშ, ამაზრზენ სურათს წავაწყდი, რისი ნახვის შემდეგაც ვცდილობდი, მეტი შემეტყო იმ ბუნაგების შესახებ, რომლებიც ქალაქის ცენტრში არსებობს. საეჭვო ინფორმაციის გადასამოწმებლად დაბლა ჩავედი, სადაც ერთხანს დისკოთეკები იმართებოდა. იქ იკრიბებოდნენ სხვადასხვა მიმდინარეობისა და სექტის მიმდევრები. ყველა დაჯგუფებას თავისი ტერიტორია აქვს. ვის არ ნახავთ: გოთებს, სატანისტებს, ემოებს, ელექტრონული მუსიკის ან მძიმე როკის მოყვარულებს. ერთი სიტყვით, სრული ბალაგანია. ამ საკითხს ძირფესვიანად შესწავლა და პრობლემის გონივრულად მოგვარება უნდა და არა ომის გამოცხადება, რაც ბოროტების ბუდეს მხოლოდ ერთ ადგილზე გააქრობს, მაგრამ სხვაგან გააძლიერებს.

- რა ნახეთ დაბლა?

- შევესწარი, 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს კატა როგორ დაეკიდებინათ თავდაღმა და თავს აჭრიდნენ. დამინახეს თუ არა, გაიქცნენ. იქ იმდენი გასასვლელია, რომ ერთ კაცს გადევნება და დაჭერა გაუძნელდება.

მოგვიანებით გავიცანი ადამიანები, რომელთაც ჩემზე მეტი ჰქონდათ ნანახი და საკუთარი ყურით მოსმენილი იმ საშინელებების შესახებ, რაც ვარდების მოედანზე, მიწის ქვეშ ხდება. ღრმად მჯერა, რომ იქაურობის შესწავლა ძალიან ბევრ იდუმალებით მოცულ საქმეს გახსნის. ჯერ კიდევ ათი წლის წინ ვთხოვდი შსს-ს ამ საქმისთვის მიეხედა. გგონიათ, თქვენი რეპეტიტორთან მიმავალი შვილი თავის ცნობისმოყვარე მეგობრებთან ერთად არ შეეცდება, ერთხელ მაინც მოხვდეს იმ სარდაფებში?

ერთი გოგონა, რომელიც მანდ ჩაითრიეს, მზად იყო, მთელი ოჯახი ცეცხლში ამოებუგა, ოღონდ იმ ბუნაგში ყოფნაში არ შეეშალათ ხელი. თავის მოკვლაც სცადა. მკურნალობდნენ, როგორც გიჟს და წამლებით კინაღამ მართლა გააგიჟეს. სხვა მიდგომა უნდა ასეთ გზიდან აცდენილებს.

173-ე სკოლის დირექტორი ლია თუშური, რომელმაც შარშან ნახა სატანისტური მსხვერპლშეწირვა, მიიჩნევს, რომ ვარდების მოედნის მიწის ქვეშ არსებული სხვადასხვა დაჯგუფების წევრებთან რადიკალურ დაპირისპირებას შედეგი არ მოჰყვება.

- ამ სარდაფებით მაშინ დავინტერესდი, როდესაც ჩვენი სკოლის ერთი მოსწავლე უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ეჭვი გამიჩნდა, რომ გოგონას სწორედ ვარდების მოედნის ქვეშ მივაგნებდი. მე სკოლის დირექტორი ვარ, 2000 ბავშვი მყავს მობარებული, ამიტომ ვეცადე, გამერკვია, საიდან იბადება ბავშვებში ასეთი ინტერესი. ასე დავიწყე სუბკულტურების შესწავლა. ის გოგონა სარდაფში ვერ ვნახეთ, მაგრამ მისი ასავალ-დასავლის შესახებ სწორედ იქ შევიტყვე. იქვე დავუახლოვდი ახალგაზრდებს, რომლებთანაც დღემდე მაქვს კავშირი და ვცდილობ, მიწისქვეშეთიდან ამოვიყვანო.

დაუშვებელია მათთან აკრძალვების, შეზღუდვების ენით ლაპარაკი, რადგან ასეთ ქმედებებს ნებისმიერ შემთხვევაში მოსდევს შეგუბებული ბრაზი და ბავშვი აგრესიული ხდება.

- სარდაფებში ნანახის შესახებ გვიამბეთ.

- პირველად გხვდებიან დარაჯები, ვინც გაფრთხილებთ, რომ შესაძლოა, არასასიამოვნო ვითარებაში აღმოჩნდეთ, იქ მყოფებს კი აფრთხილებენ, რომ მოვიდა პოლიცია ან სხვა ვინმე საეჭვო, რომელსაც უნდა დაემალონ.

რამდენიმე უცნაური ადგილი ვნახე. ყველაზე შემაძრწუნებელი იყო კედელი ჩამომხრჩვალი კატა პიქტოგრამით, იქვე კი დიდ ვედროში ერთმანეთზე დაყრილი მკვდარი კატები, უფრო კი კნუტები. ლეშებს თავებზე დამღები ჰქონდათ, ვარსკვლავის მსგავსი. იქვე იყო ალუმინის გრძელი ნაჭრები წამახვილებული თავებით, ერთჯერადი ხელთათმანების შეკვრა და ცელოფანში ჩასხმული, შედედებული სისხლი. ყველაზე მეტად გამაოცა ძველმა დივანმა, რომელსაც კუბოს ფორმა ჰქონდა. თურმე ამ დივანზე სრულდება სატანისტების ნათლობის რიტუალი.

ყველაფერი შევატყობინე პოლიციას, სხვათა შორის, სამართალდამცავებმა იცოდნენ, რომ იქ ჩავდიოდი. ინფორმაცია მივაწოდე მანდატურის სამსახურსაც. როგორც ვიცი, ამის შემდეგ იქ ტერიტორია დასუფთავდა, მაგრამ, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთჯერადად. ამბობენ, რომ სექტანტებმა ადგილი შეიცვალეს - თბილისის გარეუბნებში აგარაკებზე გადაინაცვლეს.

ურთიერთობა მაქვს გოთებთან, რომლებიც ძალიან მშვიდი და უსაფრთხო ხალხია, მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ერთი ნაბიჯი აშორებთ სატანისტებისგან. თავისუფლებისკენ მათი უზომო ლტოლვა სახიფათოა. მოსალოდნელია, უფრო მეტის შემეცნების სურვილმა იქ ჩააგდოს, საიდანაც, შესაძლოა, ვეღარ ამოვლენ.

- რა მაგია აქვს ამ სარდაფებს, ასე რომ იზიდავს მოზარდებს?

- იქ არის გარემო, სადაც ბავშვს შეუძლია მიიღოს ის, რასაც ვერ სთავაზობს სკოლა, ვერც ის, ვისაც ახალგაზრდების სკოლის შემდგომ აღზრდა ევალება. ბავშვები ვეღარ დადიან სხვადასხვა წრეზე, რადგან უფასო აღარაფერია. ტელევიზორიც მუდმივად ძალადობას სთავაზობს.

იმ სარდაფებში კრიმინალური მიდრეკილების მქონე მოზარდი სასურველ გარემოს პოულობს, ფილოსოფიის მოყვარული თავის გურუს აგნებს, ელექტრონული მუსიკის ან მძიმე როკის მოყვარული სასურველ ჯგუფში ხვდება და ა.შ. იმ ბავშვებისთვის, ვისაც ოჯახური მარწუხებისგან გათავისუფლება უნდათ და გარდატეხის პერიოდში საკუთარ თავისთვის რაღაცის დამტკიცებას ცდილობს, მიწისქვეშა სამყაროში ფართო ბაზარია, მრავალფეროვანი არჩევანით.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- ამ ბავშვების ენა უნდა ვისწავლოთ. მათ მხოლოდ გარეგნული განმასხვავებელი ნიშნებით აღვიქვამთ, გვიკვირს მათი ვარცხნილობა, ტატუ და ა.შ., მაგრამ თუ ვეცდებით, გავარკვიოთ, რა დგას ამ ყველაფრის უკან, ალბათ, ერთმანეთს უკეთ გავუგებთ.

ყველა დეტალში განსაკუთრებულ აზრს დებენ და ამის ამოკითხვა უნდა შეგვეძლოს. მშობელი რომ გამოიყვანოს წონასწორობიდან, გააღიზიანოს, გაამწაროს, ეს არის მისი დამოუკიდებლობის გამოხატვა, ტატუ მისი მფარველია და ა.შ.

სამწუხაროდ, მათი ბევრი შეხედულება ძალიან ახლოს არის სატანისტებთან. ასეთი საშიში გავლენის ქვეშ ექცევიან მოაზროვნე ბავშვები, ისინი, ვინც ოჯახის ყურადღების მიღმაა, ვისაც ვერ აკმაყოფილებს სკოლა და საზოგადოებისგან ვერაფერს იღებს. წინათ მოზარდები სკოლებს დაჰყავდათ თეატრებში, ახლა ამის უფლება არა გვაქვს. ამას ემატება ძალიან ცუდად შედგენილი სახელმძღვანელოები, საიდანაც ბავშვს აზრის გამოტანა უჭირს. პლუს მასწავლებლები, რომლებიც დედინაცვლებს დაემსგავსნენ. სხვადასხვა გარემოებათა გამო მასწავლებლებში გაჩნდა განცდა, რომ მან უნდა ასწავლოს საგანი და მეტზე პასუხისმგებელი არ არის, მასწავლებელი-დედა დაიკარგა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს კარგად აღზრდილ შვილებს სწორედ ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩენილი სხვისი შვილებისგან შემდგარ სოციუმში მოუწევთ ცხოვრება.

P.S. ვარდების მოედნის სარდაფებში მოხეტიალე სხვადასხვა დაჯგუფებას მიკედლებულ მოზარდებსაც გავეცანი, რომელთაც არ სურთ ჟურნალისტებთან საუბარი, მაგრამ პირად საუბარში არ მალავენ, რომ დაბლა რაღაც უჩვეულო ხდება. ცდილობენ თუ არა სხვადასხვა სექტები მათ გადაბირებას? როგორც მითხრეს, პირდაპირ არავინ გეტყვის, ჩვენთან იყავიო, მაგრამ მუშაობენ, რაც შეიძლება ბევრი ჩაითრიონ, რადგან ის, ვინც მეტს მიიყვანს, თურმე მეტი გავლენით სარგებლობს. და კიდევ ერთი უცნაური დეტალი - განსაკუთრებით ნადირობენ იმ  გოგონების გადაბირებაზე, ვისაც მარიამი ჰქვია.

ეკა ლომიძე