"კამერის დამონტაჟების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ძიძა მის შვილს სცემდა" - როცა ძიძა მონსტრია - კვირის პალიტრა

"კამერის დამონტაჟების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ძიძა მის შვილს სცემდა" - როცა ძიძა მონსტრია

"მშობელს უჩვენებია კადრები, სადაც ძიძა ბავშვზე ძალადობს. ერთია, როცა ისმენ, მაგრამ ამის ნახვა საშინელებაა... იყო შემთხვევა, როცა ბავშვს ძიძის დანახვაზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა და მშობელს მისდევდა. ოჯახმა კამერა დაამონტაჟა და თავისი თვალით ნახეს, მათი ორი წლის ბავშვს როგორ სცემდა ძიძა"

"სამწუხაროდ, ასეთი დანაშაულები ხდება, მაგრამ ოჯახი სამართალდამცავ ორგანოებს არ მიმართავს... რატომ არ ფიქრობენ, რომ ამით შეიძლება სხვა ოჯახი დააზარალონ? ის ძიძა სხვაგან დაიწყებს მუშაობას და სხვა პატარაც გახდება მისი ძალადობის მსხვერპლი"

ცოტა ხნის წინ 60 წლის ელენე სიმონიშვილი 10 თვის პატარის ცემის ბრალდებით დააკავეს. იგი ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა და როგორც გაირკვა, პატარას სცემდა. ქალი ბავშვის ცემას უარყოფდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფარული ვიდეოჩანაწერი აჩვენეს, ბრალი აღიარა. ამ ფაქტს საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა, განსაკუთრებით კი იმ მშობლებისა, რომლებმაც შვილის მოვლა ძიძას მიანდვეს. ახალგაზრდა დედამ თავისი ძიძის შესახებ გვიამბო. საბედნიეროდ, მისი შვილი არ უცემიათ, მაგრამ ძიძის საქციელი მშობლისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

თათია: - ძიძა ახლობლის რჩევით მოვიყვანე. ამ ქალბატონს ხშირად ვხვდებოდი მათ სახლში და მომეწონა. ხელფასი ცოტა მოვუმატე და სამუშაო საათებიც შევუმცირე. ჩემთან 6 თვე იმუშავა. შინ მარტო არასდროს დაგვიტოვებია, დედაჩემიც ყოველთვის სახლში იყო. ერთ დღეს მისმა ქცევამ დამაეჭვა და გადავწყვიტე გეგეშიძის ბაღში გავყოლოდი, სადაც ბავშვს ასეირნებდა. იანვარი იყო, ძალიან ციოდა და ბავშვს პლედი ჰქონდა დაფარებული. მან ჩემს პატარას პლედი გადახადა, სკამზე დაიფინა, ზედ დაჯდა და მთელი ორი საათი ჩემი შვილი ეტლიდან არ ამოუყვანია, არადა, ბავშვი ტიროდა, ფართხალებდა, ამოყვანას ითხოვდა. წლის და 4 თვის არის. ამ ასაკში ბავშვი ძალიან აქტიურია და სიარულს ითხოვს. მერე გატენა პურით. თვითონ კი ორი საათის განმავლობაში იჯდა და სხვა ძიძას ეჭორავებოდა. სახლში მოსულმა კი თქვა, რომ ბავშვი იმდენ ხანს ასეირნა, დაღალა, ფეხსაცმელი კი მშრალი იმიტომ ჰქონდა, რომ გაუწმინდა. მეორე დღესაც იგივე გააკეთა. რომ ვუთხარი, მატყუებ-მეთქი, გაბრაზდა, როგორ, მითვალთვალებდიო? მოკლედ, დავითხოვე, თუმცა მან სხვა ოჯახში დაიწყო მუშაობა და რეკომენდაცია იმ ოჯახმა გაუწია, ვისთანაც ჩემამდე მუშაობდა. ამის შემდეგ ძიძა აღარც ამიყვანია.

კარგი ძიძებიც შემხვედრია, რომლებიც საკუთარი შვილივით უვლიან პატარებს, მაგრამ ზარმაცი ძიძა მეტია. ბავშვები მიტოვებული ჰყავთ, თვითონ ჭორაობენ და ამ დროს ბავშვი ხან სილას ჭამს და ხან - ათას უბედურებას. მინახავს ისეთი ძიძებიც, ცალი ხელით რომ სიგარეტს ეწევიან და ცალით ბავშვს აძინებენ. ხშირად მსმენია, როგორ ლანძღავდნენ ბავშვების მშობლებს და ეს ჩემთვის მიუღებელია. ბევრ ჩემს ახლობელს კამერა აქვს დამონტაჟებული და ასე აკონტროლებენ მათ. ხშირია ბავშვის ცემის ფაქტიც. ჩემმა თანამშრომელმა სწორედ კამერის დამონტაჟების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ძიძა მის შვილს სცემდა, მაგრამ ეს ფაქტი არ გაუხმაურებია - ქალი გაუშვა და ამით დამთავრდა ყველაფერი.

დღეს საქართველოში ძიძის მოძებნა იოლი არ არის. არის რამდენიმე სააგენტო, რომლებიც მხარეებთან ოფიციალურ ხელშეკრულებას აფორმებენ და ძიძების მუშაობას აკონტროლებენ, მაგრამ ეს იაფი არ არის, ამიტომ ხშირად ძიძებს ეძებენ ახლობლების დახმარებით.

მარიამ გივიშვილი ერთ-ერთ სააგენტოში მუშაობს: - როცა სააგენტო ძიძას არჩევს, თავიდან გამოსაცდელი ვადით აჰყავს. ჩვენთან ეს ვადა ერთი-ორი კვირაა. გვაქვს ერთწლიანი მონიტორინგის უფლებაც. ძირითადად რუსულენოვან ძიძებზეა მოთხოვნა. სამი თვის ბავშვისთვისაც კი რუსულენოვან ძიძას ითხოვენ. უნდათ მოწესრიგებული, სუფთა ქალი, ხუთ ოჯახში მაინც უნდა იყოს ნამუშევარი და ყველა ოჯახიდან რეკომენდაციას ითხოვენ. ცდილობენ, ყველაფერი შეამოწმონ. ასევე ითხოვენ იმ ოჯახების ტელეფონის ნომრებს, სადაც ის მუშაობდა. ჩემთვის ყველაზე დიდი წყარო არიან ძიძები, რომლებიც ერთმანეთს იცნობენ და იციან, ვინ როგორ მუშაობს...

ძიძას სამუშაო დღის განმავლობაში ეკუთვნის ნახევარი საათი დასვენება. ვურჩევ, ამ დროს არ დაიწყონ სერიალის ყურება, ან არ გააბან საუბარი ტელეფონზე. ხშირად აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ძიძას ჰქონდეს ოჯახი და ჰყავდეს შვილი. რა თქმა უნდა, არ უნდა ეწეოდეს. მწეველებს ბაზაში არც ვარეგისტრირებთ.

- გარეგნობასაც ექცევა ყურადღება?

- რა თქმა უნდა. მყავდა ერთი ძალიან ლამაზი ძიძა და გამიჭირდა მისი წარმოდგენა. კარს რომ აღებ და მონიკა ბელუჩისნაირი გხვდება, ცოტა ძნელია, ძიძად აღიქვა. ჩაცმულობასაც ექცევა ყურადღება - დეკოლტეთი მუშაობა დისკომფორტს ქმნის. მქონდა ერთი შემთხვევა: ქალბატონი დიდხანს დიზაინერთან მუშაობდა და მოდურად ეცვა. ავუხსენი, რომ ჯობდა, სპორტულად ჩაეცვა. მითხრა, სხვანაირი ჩასაცმელი არ მაქვსო. ოჯახში მოკლე კაბით და დეკოლტეთი რომ მივიდა, პირველივე დღეს იგრძნო უხერხულობა. მერე მიხვდა, ჩაცმულობა უნდა შეეცვალა. ასაკიც ყველას მკაცრად აქვს განსაზღვრული - 30-დან 50 წლამდე.

არის შემთხვევები, როცა ჩვილის მშობლები ითხოვენ, ბავშვი რომ დაიძინებს, ძიძა საოჯახო საქმეებში დაეხმაროს. ეს არ არის სწორი.

ძიძა სამსახურში რომ მიდის, ტანსაცმელს იცვლის. იმ ტანსაცმლით ბავშვს იხუტებს და იმავე ტანსაცმლით აბაზანა უნდა მოხეხოს, ქიმიური საშუალებები გამოიყენოს და მერე ისევ ბავშვი აიყვანოს? ქართველები ვცდილობთ, ნაკლები გადავიხადოთ და მეტი მივიღოთ, მაგრამ ასე თვითონ ზარალდებიან...

ხშირად ოჯახები ძიძის ფსიქოსაც კი ითხოვენ და ცნობას ც ჰეპატიტსა თუ ტუბერკულოზზე.

- ფასები როგორია?

- ფასი განსაზღვრავს ხარისხს. რუსულენოვანი ძიძა - 550-600 ლარი, ქართულენოვანი - 450-500.

მოწესრიგებულმა მშობელმა იცის, რომ ძიძას სჭირდება შაბათ-კვირას დასვენება. დამკვეთს ყოველთვის ვურჩევ, საათები შეამციროს, რომ მისი ძიძა მეორე დღეს უფრო ენერგიული იყოს.

- ბოლო დროს ფარული ვიდეოკამერების დახმარებით ოჯახები ავლენენ ძიძების დანაშაულს. ხომ ვერ გაიხსენებთ ასეთ ფაქტებს?

- მშობელს უთქვამს ჩემთვის, რომ ძიძა ძალადობაში ამხილა და ამის დოკუმენტური მასალაც ჰქონდა. შემაძრწუნებელია ამის მოსმენა. ერთია, როცა ამას ისმენ, მაგრამ კადრების ნახვა საშინელებაა. იყო შემთხვევა, როცა ბავშვს ძიძის დანახვაზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა და მშობელს მისდევდა. ოჯახმა კამერა დაამონტაჟა და თავისი თვალით ნახეს, მათი ორი წლის ბავშვს როგორ სცემდა ძიძა. როცა ეს ამბავი გავიგე, ვთხოვე მშობელს, პოლიციაში შეეტანა განცხადება. ისიც ვუთხარი, ძიძას არ დაიჭერენ, ჯარიმას გამოუწერენ, თუ გეცოდება, მიდი, ეს ჯარიმა შენ გადაიხადე, ოღონდ პრეცედენტი შეიქმნას, რომ სხვებმა მსგავსი არ გაბედონ-მეთქი, მაგრამ მაინც უარი თქვა...

მქონია შემთხვევა, როცა ძიძას მუშაობა იმის გამო მიუტოვებია, რომ დედა სცემდა შვილს და ძიძა ისე დაითრგუნა, იქ ვეღარ გაჩერდა. მშობლები გაშორებული იყვნენ, დედა ბავშვის მამას და ბებიას ცუდად ახსენებდა, პატარას კი ეს არ მოსწონდა და ამის გამო დედა სცემდა.

ერთხელ მონიტორინგის დროს აღმოვაჩინე, რომ ძიძას ეძინა. ის ჩვილს უვლიდა, მარტო იყო სახლში და კარი ნამძინარევმა გამიღო. ჩვილს დღეში სამჯერ სძინავს და შენც უნდა დაიძინო? ეს ხომ შენი სამსახურია.

ძიძამ უნდა დაიცვას კონფიდენციალობაც. არ უნდა თქვას, ოჯახში სად რა ავეჯი დგას. ესეც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და დარღვევის შემთხვევაში ძიძა ჯარიმდება. ხელშეკრულებაში ასევე წერია, რომ გვაქვს ძიძის ვიდეომონიტორინგის უფლება. უკანონო თვალთვალად რომ არ ჩაგვეთვალოს, ამას ხელშეკრულებაში ვწერთ. როცა ამას იგებენ, ხშირად უარს ამბობენ თანამშრომლობაზე...

მშობლები პოლიციაში ჩივილს ხშირად თავს არიდებენ. არადა, ძAალადობის ფაქტების გამოვლენაში პოლიციას საზოგადოება უნდა დაეხმაროს. ეს ყველამ უნდა შეიგნოს!

ძიძამ 10 თვის ბავშვი რამდენჯერმე იატაკზე დაახეთქა

10 თვის ბავშვის ცემაში ბრალდებულმა ელენე სიმონიშვილმა დანაშაული აღიარა. ოჯახმა პოლიციაში ფარული ვიდეოჩანაწერი წარადგინა. ჩანაწერში ჩანს, როგორ ჩაარტყა ძიძამ ბავშვს თავში და ამის შემდეგ რამდენჯერმე იატაკზე დაახეთქა. სასამართლომ ძიძას აღკვეთის ღონისძიების სახით ათასლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატი:

- ქალბატონი წარსულში ნასამართლევი არ არის. სასამართლომ სწორედ ეს გარემოებები გაითვალისწინა. მან არ იცოდა, რომ სახლში კამერა იყო დამონტაჟებული. საქართველოს კანონში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ არის მუხლები, სადაც ნათქვამია, რომ სადაც ვიდეოგადაღება მიმდინარეობს, იმ სივრცეში მყოფმა ეს უნდა იცოდეს, ან აბრა უნდა იყოს, რაც არ ყოფილა...

ინტერნეტში ელენე სიმონიშვილის განცხადება დევს: "პროფესიით ვარ მოცეკვავე, მაგრამ ქმრის დაკარგვის შემდეგ და აგრეთვე, ჩემი ოჯახური პირობების გამო, მომიწია ძიძად მუშაობამ და ისე მოხდა, რომ ძიძობა ჩემს მეორე პროფესიად იქცა. მეტი რა გითხრათ? დანარჩენს, როცა შევხვდებით, მერე გიამბობთ."

მის ფოტოს ახლავს მონაცემები, რომ მას ძიძად მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს და ოთხ ოჯახშია ნამუშევარი.

მაკა ფერაძე, შს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი: - ბავშვის დედა ფსიქოლოგია და ჩვილის ქცევის გამო ძიძაზე ეჭვი მიიტანა. დამნაშავის გამოვლენაში მას პროფესია დაეხმარა. ეჭვის შემდეგ დაამონტაჟეს კამერა და ფაქტი დადასტურდა. ფაქტზე გამოძიება 125-ე - ცემის მუხლით - მიმდინარეობს. უნდა გაირკვეს, ამ ქმედებას ჰქონდა თუ არა სისტემატური ხასიათი. სამწუხაროდ, ასეთი დანაშაულები ხდება, მაგრამ ოჯახი სამართალდამცავ ორგანოებს არ მიმართავს და ყველაფერი მთავრდება იმით, რომ ამ ძიძასთან ურთიერთობას წყვეტენ. რატომ არ ფიქრობენ, რომ ამით შეიძლება სხვა ოჯახი დააზარალონ? ის ძიძა სხვაგან დაიწყებს მუშაობას და სხვა პატარაც გახდება მისი ძალადობის მსხვერპლი. დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა არსებობდეს, დანაშაულზე პასუხი ყველა ადამიანმა უნდა აგოს.

თეა ხურცილავა