"სანამ თანხას არ დაგვიბრუნებენ, აქციას აქციაზე­ გავმართავთ" - კვირის პალიტრა

"სანამ თანხას არ დაგვიბრუნებენ, აქციას აქციაზე­ გავმართავთ"

"ვეჭვობთ, ჩვენი თანხა ფერაძის წინასაარჩევნო კამპანიას მოხმარდა"

საფინანსო კომპანია "საქართველო" ორ თვეზე მეტია, 3 000-მდე მეანაბრეს ვერც საპროცენტო განაკვეთს უხდის და ვერც სესხის ძირ თანხას უნაზღაურებს - ვითარებაში გასარკვევად უკვე ჩაერთო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და 2 ნოემბერს თანხების მითვისება-გაფლანგვის მუხლით საქმეც აღიძრა, თუმცა თანხის დასაბრუნებლად დაზარალებულ მეანაბრეთა ნაწილი სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, "საქართველოს""დამფუძნებელი ბიზნესმენი მერაბ ფერაძეა, რომელიც 2016 წლის არჩევნებში ლაგოდეხში დამოუკიდებელ მაჟორიტარად იყრიდა კენჭს.

ეთერ კოხტაშვილი, დაზარალებული: - 16 წელი უცხოეთში ვმუშაობდი. როდესაც ჩავთვალე, რომ საკმარისი თანხა დამიგროვდა, დავბრუნდი...

ცოტა ხანში მეორე ბინა გავყიდე და თანხა, დანაზოგთან ერთად, საფინანსო კომპანია "საქართველოში" ანაბრის სახით შევინახე. შემოთავაზება მიმზიდველი ჩანდა - თვეში თანხის 33%; სიბერეს მშვიდად გავატარებ-მეთქი და დავთანხმდი. ორი წელი პროცენტს დაპირებისამებრ ვიღებდი, სარგებლის ანგარიშზე ჩარიცხვა არასოდეს დაუგვიანებიათ. ეჭვიც არ შემპარვია, რომ საფრთხე დამემუქრებოდა.

- სანამ თანხას დააბანდებდით, თუ სცადეთ კომპანიის წარმომავლობის გარკვევა?

- ახლობლებმა მირჩიეს, შენი წვა-დაგვით დაგროვებულ ფულს ნუ გაანიავებ, ამ კომპანიაში დააბანდეო. სოლიდური თანხა მათაც იქ ჰქონდათ შენახული. პრობლემები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო, ჯერ პროცენტის გადახდა დააგვიანდათ, შემდეგ მფლობელებთან კომუნიკაციაც გართულდა. როგორც კი ხარვეზები გამოიკვეთა, მეანაბრეებმა კომპანიას ჩვენი თანხის გატანა მოვთხოვეთ, თუმცა ვერაფერს გავხდით. იურიდიულ დეტალებშიც სწორედ მაშინ გავერკვიე - საჯარო რეესტრის მონაცემებით, საფინანსო კომპანია "საქართველოს" რეგისტრაციის თარიღი 2008 წლის 20 ივნისია, რომლის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენ მერაბ ფერაძის და, ლამარა ფერაძეა, დირექტორი კი თავად მერაბ ფერაძე. არსებობს მეორე შპს ,,საფინანსო კომპანია საქართველო", რომელიც 2013 წელს არის რეგისტრირებული. ამ კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენ მერაბ ფერაძის მეუღლე თამარ მეტრეველია.

მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ 2016 წლის სექტემბერში, ეროვნულმა ბანკმა მერაბ ფერაძის კუთვნილ კომპანიას გარკვეული შეზღუდვები დაუწესა. როდესაც დავინტერესდით, რა იყო ამის მიზეზი, გვითხრეს, კომპანია მასმედიის საშუალებით, აქტიურ სარეკლამო კამპანიას აწარმოებს და ფიზიკური პირებისაგან სახსრების მოსაზიდად კლიენტებს, ბაზარზე არსებულთან შედარებით, უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთებს სთავაზობსო. იმის გამო, რომ ბანკებისგან განსხვავებით, შპს საფინანსო კომპანია "საქართველო" არ წარმოადგენდა ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტს და მოზიდული სახსრების დაცულობა საფრთხის ქვეშ იყო, რამდენჯერმე გააფრთხილეს და ბიზნესმოდელის შეცვლაც შესთავაზეს. ჩანს, მენეჯმენტმა არ გაითვალისწინა ეროვნული ბანკის გაფრთხილება. მოგვიანებით, ჩვენი მოთხოვნით, ფინანსურმა სამსახურმა გამოძიებაც დაიწყო, თუმცა ახლა იმაზე ვდარდობ, ჩვენ, მეანაბრეებს, მერაბ ფერაძის შესაძლო დაკავება რას გვიშველის, იქნებ ჯობდეს, ეროვნულმა ბანკმა და ხელისუფლებამ გამოსავალი მოგვიძებნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციას აქციაზე გავმართავთ, სანამ თანხას არ დაგვიბრუნებენ. თანახმა ვართ, ნაწილ-ნაწილ აგვინაზღაურონ.

- ფერაძეს თუ შეხვდით?

- ის გამოძიებასთან თანამშრომლობს. დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ კომპანიის წარმომადგენელს შევხვდით. გვითხრეს, სანამ საქმეს იძიებენ, თანხა როგორ დაგიბრუნოთო? შემდეგ გაგვიმხილეს, - პრობლემები იმის გამო შეგვექმნა, ფერაძემ საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყარაო. მეანაბრეების ნაწილი ეჭვობს, რომ ჩვენი თანხა ფერაძის წინასაარჩევნო კამპანიას მოხმარდა. ისე, ის ლუდსახარშისა და სხვა კომერციული ობიექტების მფლობელიცაა.

ჩვენ ვცადეთ მერაბ ფერაძესთან დაკავშირებაც, მაგრამ რამდენიმე დღე სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, კომპანიის ოფიციალური ნომერი კი დიდი ხანია გამორთულია. ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ არც "საქართველოს" ოფიციალურ ვებგვერდზე იძებნება. "საქართველო", რომელიც კოსტავას ქუჩის 72-შია, რამდენჯერმე დაკეტილი დაგვხვდა.

რუსუდან შელია