"ჩემი მშობლების "მკვლელი" უდანაშაულოა!" - კვირის პალიტრა

"ჩემი მშობლების "მკვლელი" უდანაშაულოა!"

"მინდა, თამაზ გოგიას შევხვდე, როგორც მეგობარს"

"მაღალთაძის და ჩემი მშობლების მკვლელობის შემსრულებელი ერთია. როცა ეს უდავო ფაქტია, როგორ დავადანაშაულო თამაზ გოგია?!"

"...თამაზის მკვლელობას მედავებით, ეკა? მამაშენის მოკვლა რომ მდომოდა, რატომ გავაკეთებდი ამას სახლში? სხვაგან ვერ მოვკლავდი? ან რა დამიშავა ეთერ ნინუამ? რაც შეეხება ბრალს, თითქოს წილის გამო მოვკალი, იქ არაფერი საწილო არ იყო... მთვრალი ავედი მეშვიდე სართულზე, ამხელა, დევივით კაცი მოვკალი, მერე ქალბატონი ეთერიც მოვკალი, სახლიდან ოქროულობა მოვიპარე, ირგვლივ წიწაკა მოვაყარე, ელექტროღუმელი ჩავრთე და იქიდან წამოვედი? ნუთუ არ გრცხვენიათ? ამაზე მეტი რა უნდა დამაბრალოთ - მეგობრის მკვლელობას მაბრალებთ! რატომ აკეთებთ ამ ბოროტებას, ნუთუ შეიძლება სკამისთვის ეშმაკს ემსახუროთ, ეს ცოდვა თქვენს ოჯახზე რომ გადავა, იცით? ჩემთვის მთავარი სახელია. ქათამიც არ დამიკლავს და ორი ადამიანი ისე მოვკალი, კვალიც არ დავტოვე? მე მკვდარი ვარ, თქვენ მომკალით! აღარ აქვს მნიშვნელობა, რას მომისჯით, 65 წელს თუ 10-ს. მე თამაზ ნინუას მკვლელობის ბრალდება მანადგურებს. არ შეიძლება ეს საქმე არ გაიხსნას, ანალოგიური გზით კიდევ ერთი კაცი - მაღალთაძეა მოკლული... არ შეიძლება ოქროული არ გამოჩნდეს...

გთხოვთ, რაც არ ჩამიდენია, ნუ დამაბრალებთ, ამას არასდროს ვაღიარებ. პროკურატურა მთავაზობდა, მეღიარებინა და 10 წელს მომისჯიდნენ, ციხეშიც კარგად მომივლიდნენ... ეკა ამბობს, რომ პანაშვიდებზე არ ვიყავი... როგორ მოვიდოდი, როცა სულ პროკურატურაში ვეგდე. მანქანით რესტორანთან მიმიყვანეს და მომიწყვეს, ვითომ დებოში ავტეხე, სხვა ბრალით ამიყვანეს, ეს ყველაფერი ინსცენირებაა.

რაც შეეხება სხვა ბრალდებებს, დაკავებული რომ არ ვყოფილიყავი, ეს ვალები არ იქნებოდა და ობიექტიც გამოტანილი კრედიტით ამუშავდებოდა. თქვენი პროკურორობა არ შეიძლება, კიდევ ბევრ ბოროტებას ჩაიდენთ (მიმართა პროკურორ პროკოფი ჭანკოტაძეს). ან ტყვიამ, რომელიც დენთს არ ტოვებს, ჩემს ხელზე როგორ დატოვა ასეთი რაოდენობის დენთის კვალი! საბოლოო სიტყვა თქვენია, მოსამართლევ, როგორც გინდათ, ისე მოიქეცით... მამაჩემი ექიმი იყო, 1937 წელს "ტროიკამ" გაასამართლა და 20 წელი მიუსაჯეს, ციმბირში გაუშვეს. მისი რეაბილიტაცია 1957 წელს მოხდა, დღეს ასეთი ბედი მეც მერგო, თქვენი "ტროიკის" წყალობით" - ეს სიტყვები სასამართლო პროცესზე 7 წლის წინ თქვა ბრალდებულმა თამაზ გოგიამ.

საზოგადოებას ახსოვს პროკურორ ვახტანგ ქირიას სადისტური მკვლელობა. მისი ნაწამები ცხედარი თბილისში იპოვეს და მკვლელობაში ბიძინა კუჭავა დაადანაშაულეს. ოფიციალური ვერსიით, დაკავებისას კუჭავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შს მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ სკანდალური განცხადება გააკეთა - ქირიას მკვლელობის შემდეგ გამოძიება კიდევ ოთხი საქმით დაინტერესდა. ესენია: ბიძინა კუჭავას დის გაუჩინარება, კუჭავას გერის მკვლელობა, ცოლ-ქმარ ნინუების მკვლელობა, გოჩა მაღალთაძის მკვლელობა". გამოითქვა ეჭვი, რომ ეს დანაშაულები ბიძინა კუჭავას ჩადენილი იყო. დღეს კი უკვე პროკურატურა აცხადებს, რომ ნინუები მსჯავრდადებულ თამაზ გოგიას არ მოუკლავს:

"სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს გააჩნდათ არალეგიტიმური დაინტერესება თამაზ გოგიას მიმართ, რათა მას შერაცხოდა ნინუების მკვლელობის ფაქტი. ამ მიზნით ხელოვნურად შეიქმნა მისი მამხილებელი მტკიცებულებები, რომლებიც გაბათილდა და ეჭვქვეშ დადგა ახალი გამოძიებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით".

ახალი ექსპერტიზით, გამოირიცხა თამაზ გოგიას ხელის ანაწმენდზე დენთის კვალის არსებობა. არადა, საქმეში მთავარი მტკიცებულება სწორედ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა იყო...

"არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ თამაზ გოგია უდანაშაულოა. ახლა აუცილებელია მოხდეს ამ მტკიცებულებების გამოკვლევა, გვჯერა გოგია გამართლდება", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" საქმის პროკურორი გიორგი მიქავა:

- გოგიას ნინუების მკვლელობის გარდა სხვა ბრალდებებიც ჰქონდა წარდგენილი.

- სხვა ბრალდებების ნაწილიც ამნისტირებულია. თუ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს მოთხოვნას და გაამართლებს მკვლელობის ბრალდებაში, მოუწევს მისი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება.

- პროკურორი პროკოფი ჭანკოტაძე დღესაც მუშაობს პროკურატურაში.

- ამ ეტაპზე ჭანკოტაძე არ დაგვიკითხავს. ის ისევ პროკურორია... ჩვენ ვსაუბრობთ საქმეში ახალ გარემოებებზე და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

პროცესს თამაზ ნინუას ქალიშვილი ეკა ნინუაც ესწრებოდა. თამაზ გოგიას უდანაშაულობაში იმდენად დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილსაც კი მიმართა მისი შეწყალების მოთხოვნით...

ეკა ნინუა: - ბიძინა კუჭავას ვერსია თავიდანვე გვერდზე გასწია პროკურატურამ... როცა ცნობილი გახდა, რომ ის იარაღი, რითაც ჩემი მშობლები დახოცეს, მაღალთაძის მკვლელობის საქმეშიIც ფიგურირებდა, ცხადი გახდა, რომ ყველაფერი დადგმული იყო. დღემდე გაუხსნელია მაღალთაძისა და ჩემი მშობლების მკვლელობის საქმეები. თუ ჩემი მშობლები გოგიამ იმ იარაღით დახოცა, რატომ არ წაუყენეს მაღალთაძის მკვლელობის ბრალიც...

- ბიძინა კუჭავასთან ბატონ თამაზს რა ურთიერთობა ჰქონდა?

- მეზობლები ვიყავით. ჩვენ მეშვიდე სართულზე ვცხოვრობდით, ის - მესამეზე. ყოველდღე მხვდებოდა სადარბაზოსთან, ხელს მართმევდა და მეუბნებოდა, - ეკუნა, რა ძლიერი გოგო ხარ, რომ მკვლელობის შემდეგ ამ სახლში ცხოვრება შეძელიო.

- თუ გამოძიება ბიძინა კუჭავას დაადანაშაულებს, რა პოზიცია გექნებათ, მით უმეტეს ის ცოცხალი აღარ არის...

- სანამ მტკიცებულებებს არ იპოვიან, ძნელია, რომელივე ვერსია გაიზიარო. იქნებ მოპარული ნივთებიც იპოვონ და ამ გზით გამოძიება სწორ გზას დაადგეს. საქმეში საერთოდ არც ჩანს ქურდობის ფაქტი.

თავის დროზე ბიძინა კუჭავა დაბარებული იყო სასამართლოშიI და არ მოვიდა. რატომ, არ ვიცი. ვიმედოვნებ, გამოძიება ლოგიკურ ჯაჭვამდე მივა.

- თამაზ გოგიას უდანაშაულობაში დარწმუნებული ხართ?

- მაღალთაძის და ჩემი მშობლების მკვლელობის შემსრულებელი ერთია. როცა ეს უდავო ფაქტია, როგორ დავადანაშაულო თამაზ გოგია?! ორივე მკვლელობის ხელწერა სრულიად იდენტურია. ძალოვანებმა ძაღლის გამოყენება ვეღარ შეძლეს, რადგან ცხედრების გარშემო ყველგან დაფქული წიწაკა იყო მოყრილი, ამ გზით კვალი გაქრა. გამათბობელი ჩართული იყო მამაჩემის ოთახშიც და მაღალთაძის ოთახშიც. გამოძიებამ მკვლელობის იარაღს ვერ მიაგნო, თუმცა საქმეში დევს ორი მასრა, რომელზეც ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდა. ამოღებული მასრები უიშვიათესი მოდელის უხმო რევოლვერს ეკუთვნოდა, რომელიც ასევე გამოყენებული იყო 2007 წელს მაღალთაძის მკვლელობისას.

ექსპერტიზის დასკვნით, დედა მკვლელობის დროს გარდაიცვალა. მე ექიმი ვარ, შემთხვევის ადგილზე პირველი მივედი და იმ სისხლის რაოდენობა, რაც ოთახში ვნახე, მაფიქრებინებს, რომ დედამ კიდევ დიდხანს იცოცხლა, სანამ სისხლისგან არ დაიცალა. დედა გარდაცვლილია ჰემორაგიული შოკით, ექსპერტიზის დასკვნაში კი სხვა წერია... საქმეში ბევრი რამეა გადასახედი.

გამორიცხულია, თამაზ გოგია იყოს ჩემი მშობლების მკვლელი. პროფესიონალის ჩადენილია ეს მკვლელობა. წარმოუდგენელია, ეს ყოფილიყო თამაზ გოგია, დადგენილია, რომ მაღალთაძეს საერთოდ არ იცნობდა.

- დღეს თუ გაქვთ პასუხი, რატომ მოკლეს თქვენი მშობლები?

- არ ვიცი, არც ის ვიცი, რა დროს დახოცეს ისინი. ერთი მეზობელი ამბობდა, გავიგონე გასროლის ხმაო, მაგრამ ახლაც ითქვა სასამართლოზე, რომ ისეთი იარაღია გამოყენებული, ხმას ვერავინ გაიგონებდა.

თამაზ გოგია 7 წელია ციხეში ზის, მე კი ბევრ რამეზე ამეხილა თვალი. მინდა, თამაზ გოგიას შევხვდე, როგორც მეგობარს. იქნებ მისი მონათხრობი დამეხმაროს სიმართლის დადგენაში.

- პრეზიდენტისთვის გითხოვიათ მისი შეწყალება, რატომ გადაწყვიტეთ ეს?

- ეს ადამიანი უდანაშაულოა.

30-წლიანი პატიმრობა უდანაშაულოსთვის?!

2009 წლის 13 ნოემბერს თბილისში, საკუთარ ბინაში გენერალი თამაზ ნინუა და მისი მეუღლე მოკლეს. თამაზ ნინუა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში უშიშროების მინისტრი იყო. რამდენიმე დღეში მკვლელობა გახსნილად გამოცხადდა და ნინუას მეგობარი ამხილეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულ თამაზ გოგიას ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებასთან ერთად, თაღლითობა, თანხის მითვისება-გაფლანგვა, იარაღის უკანონო ტარება-შენახვა, კრედიტის უკანონოდ მიღება, გადასახადებისთვის თავის არიდება ჰქონდა წაყენებული.

გამოძიება თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის მკვლელობის მოტივად პარტნიორებს შორის დაძაბულ ბიზნესსაქმიანობას ასახელებდა. მოსამართლე ნინო სანდოძემ უამრავი ბრალდებიდან თამაზ გოგიას ორი მუხლი მოუხსნა, ცოლ-ქმრის მკვლელობისთვის კი 17 წელი მიუსაჯა, ამას სხვა სასჯელებიც დაემატა და 30 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ამასთან, ჯარიმის - 17.500 ლარის გადახდაც დაეკისრა...

გოჩა მაღალთაძე

გოჩა მაღალთაძეს მამუკა გუგეშაშვილთან, მეტსახელად "გუგულასთან", ერთად თბილისში კაზინო ჰქონდა გახსნილი. მაღალთაძე 2007 წლის მაისში ვაკეში, ნაქირავებ ბინაში მოკლული იპოვეს. მისი სხეულიდან უიშვიათესი მასრა ამოიღეს. შემთხვევის ადგილზე ელექტროგამათბობელი იყო ჩართული, კვალის გასაქრობად ოთახში წიწაკა იყო მოყრილი. ამბობდნენ, რომ ბიძინა კუჭავას მაღალთაძესთან კაზინოში 50 000 დოლარი ჰქონდა წაგებული. მკვლელობის იარაღი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი.

თეა ხურცილავა