"ჩემი მოლოდინი არ გამართლდა!.."
05-12-2016
"ჩემი მოლოდინი არ გამართლდა!.."
"უცხოელი ექსპერტების ჩართვამ ჟვანიას საქმის გამოძიებაში დრო გაწელა"

ექსპერტი, რომელსაც ზურაბ ჟვანიას საქმეზე ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა აქვს გაცემული, ორი წლის წინ სახლში გარდაცვლილი იპოვეს


რატომ ჩამოსცილდა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია პოლიტიკას და რა არის ახალი ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებაში? - ამ და სხვა საკითხებზე გოგლა ჟვანია "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა.

- პოლიტიკაში ყოფნის გრძელვადიანი მიზანი არც არასდროს მქონია. უბრალოდ, ზურას ამბის შემდეგ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩავები, რათა მანკიერი
ხელისუფლების შეცვლისთვის მიგვეღწია. რაც შეეხება იმას, თუ რატომ აღარ ვარ პარლამენტში,­ თავის დროზე "ქართული­ ოცნების" თავმჯდ­ო­მარესთან შევთანხმდი, რომ არჩევნებში­ მონაწილეობას მივიღებდი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჭიროდ ჩათვლიდნენ. აღმოჩნდა, რომ საჭიროდ არ ჩათვალეს, რაც ლოგიკურ გადაწყვეტილებად მივიჩნიე. მეც ჩემს მცირე ბიზნესსაქმიანობას დავუბრუნდი.

- ზურაბ ჟვანია ოდესმე
თქვენს პოლიტი­კოსობას თუ წარმოიდგენდა?

- როდესაც "მწვანეთა პარტიას" ქმნიდა, მეც შემომთავაზა მონაწილეობა, თუმცა­ მაშინ პოლიტიკაში ჩემს თავს ვერ ვხედავდი.­ სხვადასხვა ეტაპზე ამა თუ იმ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებებიც გვქონდა, რაც პირად ურთიერთობას არ გასცილებია...

- ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრები, კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია, გულგრილობის მუხლით გაასამართლეს, თუმცა ისინი ისევ თავისუფალი არიან...

- მკვლელობის საქმეზე დაკავებული ვერავინ იქნებოდა, რადგან ჟვანიას საქმის არსებითი განხილვა არც ყოფილა. კობა ხარშილაძე სულ სხვა ბრალდებით იყო გასამართლებული და რაღაც პერიოდი ისედაც მოხდილი ჰქონდა, ძაძამიაც წინასწარ პატიმრობაში 9 თვის განმავლობაში იმყოფებოდა და ეს ჩაეთვალა სასჯელის მოხდაში.

- ექსპერტი ლევან ჩაჩუაც თავისუფალია,­ რომელმაც თქვენი განცხადებით, ჟვანიას გვამზე დაზიანებები სრულად არ აღწერა...

- ლევან ჩაჩუასთან დაკავშირებული საკითხი ჟვანიას საქმეში ჩვენთვის მაინც ბოლოხარისხოვნად რჩება.

- მრავალჯერ დაანონსდა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმე მალე გაიხსნებოდა.

- გამოძიების პროცესში ინფორმაციამ გაჟონა, ვგულისხმობ თუნდაც იმ გახმაურებულ ფირს, რომელიც "ჰაკიმ ფაშას" სახელით გავრცელდა. ახლაც აქტიური გამოძიება­ მიმდინარეობს და ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. გამოძიებასაც ჰქონდა ამ საქმის ცოტა უფრო ადრე გახსნის იმედი, იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გამოჩნდა... თუმცა იმისთვის, რომ სიმართლე მყარი მტკიცებულებებით დაამტკიცო, თურმე მეტია საჭირო.

- რჩება იმედი, რომ საქმე გაიხსნება?

- დარწმუნებული ვარ, ლოგიკურ დასასრულამდე მივა. უცხოელი ექსპერტების ჩართვამ გამოძიებაში დრო ძალიან გაწელა. ამას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები, შეკითხვების გადაგზავნა, პასუხების მიღება და ა.შ. ზოგიერთმა ასეთი მიწერ-მოწერის შემდეგ განაცხადა, ეს ძალიან მაღალი პოლიტიკური ინტერესის მქონე საქმეა და მასში ჩართვაზე უარს ვაცხადებო. ასეთი თემები იწვევს საქმის გაჭიანურებას.

- ორიოდე წლის წინ კიდევ ერთი ექსპ­ერტი, მამუკა ჩხაიძე, გარდაიცვალა, რომელიც თავის დროზე ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ზურაბ ჟვანიას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარა. ის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე დასაკითხად პროკურატურაში იმყოფებოდა...

- გამიჭირდება რამის თქმა, ერთად­ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ - ამ ექსპერტს ზურაბ ჟვანიას საქმეზე ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა აქვს გაცემული... რაც შეეხება პრემიერის გარდაცვალებიდან სამი თვის თავზე ექსპერტიზის­ ბიუროს ხელმძღვანელის, ლევან სამხარაულის მკვლელობას, ეს ფაქტი საეჭვოა, რადგან ის ზურას საქმის გამოძიების დეტალებზე სრულად იყო ინფორმირებული.

- ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციასთან დაკავშირებული საკითხი ისევ აქტუალურია?

- თუკი ეს მოხდება, პროცესი უცხოელი ექსპერტების ჩართვით უნდა წარიმართოს.

"ზურა ამბობდა, ცხოველთა ქცევის გამოცდილება ძალიან მეხმარება პარლამენტის მართვაშიო"


ზურაბ ჟვანია 9 დეკემბერს 53 წლის გახდებოდა.

დავით გუგუშვილი, ზურაბ ჟვანიას ფონდის გამგეობის თავმჯდომარე:
- ბიოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობ­დით, ორივემ ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრა დავამთავრეთ.
ეთოლოგია (ცხოველთა ქცევის შემსწავლელი მეცნიერება) საბჭოთა კავშირის პერიოდში აღიარებული არ იყო, რადგან დამკვიდრებულ სტერეოტიპებს ეწინააღმდეგებოდა, ამ დარგში მეცნიერული კარიერა კი თითქმის წარმოუდგენელი პერსპექტივა გახლდათ. მიუხედავად ამისა, ზურამ, ჯერ კიდევ მესამე კურსის სტუდენტმა, ჩვენს უნივერსიტეტში საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველი სტუდენტური და ასევე, პირველი ოფიციალური, ეთოლოგიური სამეცნიერო­-კვლევითი ლაბორატორია შექმნა. მოგვიანებით, ის პარლამენტის თავმჯდომარე გახდა და მახსოვს, ნახევრად ხუმრობით თქვა, ცხოველთა ქცევის გამოცდილება ძალიან მეხმარება პარლამენტის მართვაშიო. ზურას საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა, რითაც უსიამოვნო და უხერხულ სიტუაციაშიც კი შეეძლო კეთილგანწყობის შექმნა. ის იყო უაღრესად აქტიური და სულ მაღლა უწევდა თამასას საკუთარ თავს - სადაც მეტი სირთულე ეგულებოდა, იქ მიდიოდა... ჯერ კიდევ 80-იანი წლების დასაწყისში, როცა რელიგიური ცხოვრება იზღუდებოდა, ეკლესიურად ცხოვრობდა, მოძღვარი ჰყავდა, მარხვას იცავდა, საეკლესიო ლიტერატურას კითხულობდა.

...რაც შეეხება სიცოცხლის ბოლო პერიოდს, განსაკუთრებით დატვირთული იყო. თუმცა მაინც გამონახა დრო და სამეგობრო შეგვკრიბა. იმ დღეს ძალიან ხალი­სიანი მოგვეჩვენა. მოგვეფერა, უამრავი რამ გაიხსენა, თითქოს მთელ ცხოვრებას გადაავლო თვალი... ერთმა ჩვენგანმა ხუმრობით ჰკითხა, პრემიერ-მინისტრი კაცი შენს ძმაკაცებს არაფერს გვიწილადებო? თქვენთვის, ძმებო, თითო ტომარა მადლი და თითო ტომარა ნისლი მაქვს დასარიგებელიო, - უპასუხა ზურამ, ოთხი დღის თავზე კი ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დაიღუპა... გაოგნებულები დავრჩით.

მან მართლაც დაგვიტოვა მადლიც და მისი საიდუმლოებით მოცული გარდაცვალებით ჩამომდგარი ნისლიც, რომელიც იმედია, მალე გაიფანტება.

ეკა ასათიანი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები