"დამეხმარეთ, თორემ ცოტა ხანში ვერც ცოცხალს მნახავთ და ვერც მკვდარს" - მონობის თანამედროვე ფორმა­ სექსტრეფიკინგი - კვირის პალიტრა

"დამეხმარეთ, თორემ ცოტა ხანში ვერც ცოცხალს მნახავთ და ვერც მკვდარს" - მონობის თანამედროვე ფორმა­ სექსტრეფიკინგი

"საქართველოში სექსტრეფიკინგის პრეტენზიით ძირითადად სომეხი, უზბეკი და ყირგიზი მოქალაქეები მოგვმართავენ"

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. ყოველწლიურად მსოფლიოში ტრეფიკინგის მსხვერპლი მილიონობით ადამიანი ხდება. შრომით ტრეფიკინგთან ერთად, აქტუალურია ქალებით ვაჭრობის ფორმა - სექსტრეფიკინგი.

რამდენიმე თვის წინ, 23 წლის ქართველი მოდელი კრისტი მედიასაშუალებით ჰყვებოდა, როგორ გახდა სექსტრეფიკინგის მსხვერპლი ჩინეთში. იმის ნაცვლად, რომ გოგონა დაპირებულ სამოდელო კონკურსზე გასულიყო, აღმოჩნდა კლუბში, სადაც მამაკაცების გართობა ევალებოდა. კრისტისთან ერთად ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა 16 წლის ელენეც. გოგონებმა გაქცევით უშველეს თავს და პოლიციის დახმარებით გამოაღწიეს აეროპორტიდან. მოდელის თქმით, ჩინეთში სექსმუშაკად ბევრი ქართველი გოგონაა დასაქმებული და მათთვის ეს ფულის შოვნის წყაროა.

სამწუხაროდ, ჩვენი თანამემამულეები უცხო ქვეყნებში ხშირად ხდებიან შრომითი თუ სექსტრეფიკინგის მსხვერპლი.

თბილისსა და ბათუმში ფუნქციონირებს ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სტრუქტურული ერთეულები, რომელიც ბენეფიციართა უფლებებს იცავს.

ლაშა ჯინჯიხაძე, სახელმწიფო ფონდის დირექტორის მოადგილე: - ფონდი 2006 წელს შეიქმნა. თბილისსა და ბათუმში გახსნილია თავშესაფარი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი, თუ ესაჭიროება თავშესაფარი, ან იურისტის თუ ფსიქოლოგის დახმარება. ფონდი ასევე გასცემს ერთჯერად დახმარებას 1.000 ლარის ოდენობით. ამ სერვისებით არა მარტო ჩვენი, უცხო ქვეყნების მოქალაქეებსაც შეუძლიათ სარგებლობა.

ჩვენი სტატისტიკით, 2013 წელს ფონდის მომსახურებით ისარგებლა 33-მა ბენეფიციარმა. აქედან 29 საქართველოს მოქალაქე იყო, 4 - უცხოეთისა. 2014 წელს 12 მსხვერპლიდან 5 - საქართველოს, 7 კი უცხო ქვეყნის მოქალაქე გახლდათ. 2015 წელს 13 ბენეფიციარიდან 9 საქართველოს, 4 - უცხოეთის მოქალაქე იყო, წელს კი მხოლოდ ორმა ბენეფიციარმა მოგვმართა.

სექსტრეფიკინგის პრეტენზიით ძირითადად სომეხი, უზბეკი და ყირგიზი მოქალაქეები მოგვმართავენ. რამდენიმე მათგანს შინ დაბრუნებაშიც დავეხმარეთ. ასე რომ, ადამიანები არა მარტო უცხო ქვეყნებში, საქართველოშიც ხდებიან ტრეფიკინგის მსხვერპლი.

დიანა როსტიაშვილი, შსს-ს ტრეფიკინგთან ბრძოლის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი:

- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2016 წლის 30 ივნისის ანგარიშით, მსოფლიოს 176 სახელმწიფოდან საქართველო ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების შეფასების უმაღლეს საფეხურზე - ე.წ. პირველ კალათაში მოხვდა.

ტრეფიკინგთან ეფექტიანად საბრძოლველად შს სამინისტროში შეიქმნა ტრეფიკინგთან და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის სამმართველო, რომელიც სისტემატურად ახდენს ტრეფიკინგის რისკშემცველი დაწესებულებების, ადგილების გამოვლენას. გარდა ამისა, შექმნილია ე.წ. სპეციალისტების ჯგუფი (Task Force), რომელიც შედგება 7 დეტექტივ-გამომძიებლისა და 5 პროკურორისგან, რათა მოხდეს ადამიანით ვაჭრობის დანაშაულების გამოვლენა, გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა.

შსს აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების პოლიციის ატაშეებთან. სწორედ ისინი ეხმარებიან ერთმანეთს ინფორმაციის ოპერატიულად მოპოვებაში.

"ოჯახს დავურეკე, სასწრაფოდ ფული გამომიგზავნეთ, თორემ ვერც ცოცხალს მნახავთ და ვერც მკვდარს-მეთქი..."

თამარი, 28 წლის:

- 24 დღე სტამბოლში ვიყავით გამომწყვდეული. ერთ ადგილას 3 დღე ვიმუშავე, ანაზღაურების გარეშე. დღეში ერთხელ გვაჭმევდნენ. 10 კაცს მხოლოდ ერთ პურს გვაძლევდნენ. პასპორტები ჩამორთმეული გვქონდა. ნინო გელაშვილი და ვინმე ლელა გვემუქრებოდნენ, - პასპორტებს დაგიხევთ და ვნახავთ, როგორ წახვალთო... ბოლოს, გორში ოჯახს მალულად დავურეკე, დამეხმარეთ, სასწრაფოდ ფული გამომიგზავნეთ, თორემ ცოტა ხანში ვერც ცოცხალს მნახავთ და ვერც მკვდარს-მეთქი...

თამარი თურქეთში ტრეფიკინგის მსხვერპლი თავისივე მეზობლის წყალობით გახდა. ღია ცის ქვეშ დარჩენილმა თურქეთში მცხოვრები ქართველები მოძებნა, მათ შორის გორელები და მათი დახმარებით დაბრუნდა შინ...

იხილეთ ასევე: მეძავად გაყიდული გოგონას თავზარდამცემი ამბავი

ნანა ფიცხელაური