დუმილი კლავს! - ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, იჩივლეთ!
06-12-2016
დუმილი კლავს! - ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, იჩივლეთ!
თუ ექიმი რეცეპტის გარეშე წამალს გინიშნავთ, გიწერთ ფურცელზე, რომელზეც აღნიშნულია კლინიკის ლოგო და ექიმის ვინაობა, ეს არის მტკიცებულება, რომ მან გარიგების პირობა შეასრულა და გასამრჯელო ეკუთვნის. გასამრჯელო შეიძლება იყოს პროცენტები, რომელიც თითოეულ წამალზე ერიცხება და მყისიერად ჯდება მის ანგარიშზე ან თვის ბოლოს ხელფასის სახით იღებს

"კვირის პალიტრის" გასულ ნომერში დაბეჭდილ სტატიას "მომხმარებელი ვერც კი გაიგებს,­ როგორ გააცურებენ ფარმაცევტებთან შეკრული­ ექიმები", მკითხველის გამოხმაურება­ მოჰყვა. გვწერენ, გვიამბობენ ფაქტებს, რომელთა­ საფუძველზე ირკვევა, რომ
ზოგიერთი ექიმი პაციენტის გაცურებას მხოლოდ მედიკამენტების გამოწერის­ დროს როდი ცდილობს. პაციენტს აცურებენ, როდესაც სასწრაფო დახმარების სამსახური დაასკვნის, რომ მდგომარეობა მძიმეა და საავადმყო­ფოში უნდა გადაიყვანონ. შესაძლოა, მდგომარეობა მართლაც მძიმე იყოს, მაგრამ სჯობდეს სხვა კლინიკაში­ მკურნალობა და არა იქ, სადაც­ სასწრაფო დახმარების ჯგუფი გადაწყვეტს; პაციენტს აცურებენ, როდესაც
კლინიკაში ლაბორატო­რიულ ან ინსტრუმენტულ გამოკვლევებზე მიდის და უნიშნავენ იმაზე მეტ გამოკვლევას, ვიდრე სჭირდება; პაციენტს აცურებენ, როდესაც მწვავე ტკივილით საავადმყოფოში შედის, განსაკუთრებით, თუ შეტევა მუცლის არეში აქვს. ასეთ დროს ხშირია დასკვნა - აპენდიციტი, რომელიც გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს.

ქეთი ბანძელაძე: -
დედამთილი მუცლის მწვავე შეტევით შევიყვანეთ ერთ-ერთ კლინიკაში. ექიმმა ხელით გასინჯა, ანამნეზი გამოიკითხა და დაასკვნა, აპენდ­იციტია, სასწრაფოდ საოპერაციოდ მოამზადეთო. ექოსკოპიას არ უკეთებთ-მეთქი? - ვიკითხე გაოცებულმა, ექიმმა კი ირონიულად მიპასუხა, თუ მაგის გარეშე ვერ მივხვდი, ავადმყოფს რა სჭირს, რა ექიმი ვარო. არადა, დედამთილს თურმე აპენდიციტი ადრეულ ასაკში ამოსჭრეს და ბედად, პაციენტის საოპერაციოში შეყვანამდე მოსულმა ჩემმა ქმარმა და მულმა სასოწარკვეთილებმა შესძახეს, დედას ბრმანაწლავი არა აქვს, ხელს თუ დააკარებთ, გიჩივლებთო. ერთი გენახათ შემცბარი დასტაქრების სახე, ისე დაიბნენ, აქეთ გვკითხეს, თუ აპენდიციტი­ არა, აბა, რააო?

ენციკლოპედიური განმარტება გვეუბნება, რომ ექიმი ეწოდება საგანგებოდ განსწავლულ ადამიანს, რომელსაც ავადმყოფობის თავიდან აცილება და მკურნალობა ევალება. ენციკლოპედიურ განმარტებებში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ XXI საუკუნის საქართველოში და განსაკუთრებით ბოლო წლებში, ქართველი ექიმების დიდი ნაწილი ასევე დახელოვნებულია ბიზნესში და პაციენტს უყურებს არა როგორც ადამიანს, რომელსაც შველა სჭირდება, არამედ როგორც ვაჭარი საქონელს, რომლისგანაც მოგების მიღება შეიძლება.

ნინო ლ., ექიმია, ობიექტურ მიზეზთა გამო ვინაობის გასაჯაროებას ერიდება, გვიხსნის სქემას, რა ხდება კლინიკებში და როგორ კეთდება სამედიცინო ბიზნესი:
- თუ ექიმის კაბინეტთან რიგში დგომა გიწევთ, ერთხელ მაინც გეყოლებათ ნანახი ფარმაცევტული აგენტი, რომელსაც მკლავზე­ ფარმაცევტული კომპანიის ლოგოიანი ჩანთა აქვს გადაკიდებული და გეუბნებათ, პაციენტი არა ვარ, ექიმთან რაღაცას დავტოვებ და გამოვალო. შესაძლოა, მართლაც მაშინვე გამოვიდეს, ან კარგა ხანს დარჩეს, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ დიდი რიგი დგას.
ასეთი აგენტები ყველა ფარმაცევტულ კომპანიას ჰყავს. რაც უფრო მეტ ექიმს დაიყოლიებენ თანამშრომლობაზე, მით მეტ ბონუსს მიიღებენ ხელფასთან ერთად. ამავე დროს ექიმიც იღებს სარგებელს.

თუ ექიმი გეუბნებათ, რომ წამალი ამა და ამ კომპანიის აფთიაქში უნდა იყიდოთ, ე.ი. იმ კომპანიისგან წილს იღებს.
თუ ექიმი რეცეპტის გარეშე წამალს გინიშნავთ, გიწერთ ფურცელზე, რომელზეც აღნიშნულია კლინიკის ლოგო და ექიმის ვინაობა, ეს არის მტკიცებულება, რომ მან გარიგების პირობა შეასრულა და გასამრჯ­ელო ეკუთვნის. ეს შეიძლება იყოს პროცენტი, რომელიც თითოეულ წამალზე ერიცხება­ და მყისიერად ჯდება მის ანგარიშზე, ან თვის ბოლოს ხელფასის სახით იღებს.
ფარმაცევტული კომპანიის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ექიმთან არა მხოლოდ პროცენტებზე შეთანხმდნენ, უცხოეთში, სამედიცინო კონფერენციებში მონაწილეობაც დაუფინანსონ.

ანალოგიური ხდება გამოკვლევებზეც, მიუხედავად იმისა, რა სახის იქნება, ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული. ხშირად ექიმი ამბობს, მინდა ამ ლაბორატორიის ანალიზი ან ამ კონკრეტული ექოგრაფის დასკვნა, ან რომელიმე ექიმთან გიშვებ სამკურნალოდ, რადგან მას ვენდობიო. ძირითადად, ასეთი მითითებების უკან გარიგება დგას, თუმცა არიან ღირსეული ექიმები, რომლებიც გარიგებაზე უარს ამბობენ...

ჩემი კოლეგა ნინო ლურსმანაშვილი იხსენებს: -
ახლ­ობელი ცუდად გახდა. გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. გასინჯეს, ნემსი­ გაუკეთეს და გამოაცხადეს, მდგომარეობა მძიმეა და სასწრაფოდ კლინიკაში­ უნდა გადავიყვანოთო. რახან პაციენტის მკურნალი ექიმი ერთ-ერთ კლი­ნიკაში მუშაობდა და ამ ქალის სამედიცინო ისტორიაც იქ ინახებოდა, ვთხოვეთ, იქ გადა­გვეყვანა, მათ კი ქვა ააგდეს­ და თავი შეუშვირეს. იძულებ­ული გავხდით, ბრიგა­და გაგვეშვა­ და ავადმყ­ოფი ჩვენვე წაგვეყ­ვანა სასურველ კლინიკაში,­ სადაც­ აღმოჩნდა, რომ მდგომარეობა არცთუ მძიმე იყო და სტაციონარულ მკურნალობას არ საჭიროებდა.
როგორც ახლობელმა ექიმმა გვითხრა, სასწრაფო დახმარების ბრიგადებთან გარიგებული ყოფილა სხვადასხვა კლინიკა და ერთი პაციენტის მიყვანაში 40 ლარს უხდიან. ეს ამბავი ახლახან, ზაფხულში იყო. არადა, მეგონა, შევარდნაძის პერიოდთან ერთად მოკვდა.

ვლადიმერ შალუტაშვილი:
- დედას ნაღვლის ბუშტი გაუსკდა და ოპერაცია­ ერთ ცნობილ კლინიკაში გავუკეთეთ. მიუხედ­ავად იმისა, რომ გადაუდებელი იყო, ექიმებმა ვაჭრობა დაგვიწყეს, ჯერ ფული გადაიხადეთ და ოპერაციაზე მერე ვილაპარაკოთო.
ოპერაციის თანხის გარდა, 448-ლარიანი წამალიც გვაყიდვინეს, თან მიგვ­ითითეს, რომელ აფთიაქში გვეყიდა ორი 50-50-გრამიანი ფლაკონი. დედას მეორე არ დასჭირდა, რადგან პირველივე ფლაკონზე ალერგია მისცა, ხელ-ფეხი დაუსივდა და მდგომარეობა დაუმძიმდა. ექიმისგან ვითხოვდით, განემარტა ან ეჩვენებინა დანიშნულება, რის საფუძველზეც წამალი გაუკეთა, ის კი პასუხის უქონლობის გამო გვემალებოდა...

ქეთი წიქარიშვილი:
- რამდენიმე თვის წინ ნათესავს ავტომობილი დაეჯახა.­ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქუთაისის­ ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც პროცედურები ჩაუტარდა. ერთ-ერთმა ექიმმა, ჩანს, პაციენტის მდგომარეობის სიმძიმითა­ და მისი ახლობლების დაბნეულ­ობით ისარგებლა და ოჯახის უფროსს როგორც "კეთ­ილისმსურველმა" უთხრა, თბილისში ამა და ამ კლინიკაში გადაიყვანეთ, აქ მაგას ვერ გადაარჩენენო. ახლობელმა კი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს, გვითხრა, თბილისში პაციენტს ისეთს ვერ­აფერს გაუკეთებენ, რასაც ქუთაისში ვერ შეძლებენო. ამასთან, თბილისში დაზღვევით გათვალისწინებული თანხები, ფასების სიძვირიდან გამომდინარე, უფრო მალე ამოგეწურებათ და არ გირჩევთ ვიღაც ექიმის ვითომ კეთილ რჩევაზე აყოლასო. სამწუხაროდ, არ დავუჯერეთ, მაგრამ დავუჯერეთ იმ ექიმს, რომელიც, როგორც მოგვიანებით გავიგე, თურმე სარგებელს იღებს კლინიკებისთვის პაციენტების გაგზავნაში...

შორს წაგვიყვანს ფაქტების ჩამოთვლა, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო არც უარყ­ოფს­ და აცხადებს, რომ ბევრია გასაკეთებელი ამ სფეროს სრული და შედეგიანი რეფორმისთვის, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ისევ საზოგადოებამ უნდა ითამაშოს.

"კვირის პალიტრასთან" საუბარში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ არაერთხელ განაცხადა, თუ პაციენტი ეჭვობს, რომ მისი უფლებები­ ილახება, უნდა მიმართოს ხარისხის კონტროლის სააგენტოს: - უნდა იჩივლოთ, რომ დაფიქსირდეს­ ხარვეზი, რამაც შესაძლოა ადამიანი შეიწიროს...

P.S. ყველას, ვინც სამედიცინო სფეროში დარღვევების შესახებ ინფორმაცია წერილობით ან სიტყვიერად მოგვაწოდა, ვკითხე,­ დარეკეს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505, როდესაც ეჭვი შეეპარათ, რომ მათი უფლება ირღვეოდა და ექიმი ბოროტად ან გამორჩენის მიზნით სარგებლობდა. სამწუხაროდ, აბსოლუტური უმრავლესობა მპასუხობს, რომ არათუ ხარისხის კონტროლის სააგენტოში არ უჩივლიათ, ცხელი ხაზითაც არ უსარგებლიათ.

ჯანდაცვის სამინისტრო გვაფრთხილებს, რომ ვიჩივლოთ, რადგან დუმილი კლავს.
მხოლოდ რედაქციაში გამოგზავნილი წერილები და პირად საუბრებში­ მო­ნათხრობი ოფიციალური ტენდენ­ცი­ის სურათს ვერ ქმნის, რადგან თქვენი დუმილი იწვევს იმას, რომ ასეთ ფაქტებზე რეაგირება არ (ვერ) ხდება და არის წინაპირობა იმისა, რომ ამ მახინჯმა მოვლენამ უფრო ფართო მასშტაბები შეიძინოს.

ეკა ლომიძე
luxo
13 დეკემბერი 2016 09:08
ექიმი იქამდე არ უნდა მიიყვანო რომ, ჰიპოკრატეს ფიცს უღალატოს: -"არა ავნო"
ნინო
13 დეკემბერი 2016 01:04
მე ექიმი ვარ და ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი შევალიე ჩემს პროფესიას,ძალიან ბევრი უსასყიდლოდ,ბევრიც მიზერულ თანხად მიწევდა მუშაობა.ჩემთანაც გამოჩნდებიან ხოლმე დისტრიბუტორები,მათთან კონტაქტი კარგია ერთის მხრივ იმიტომ რომ ახალ წამლებს ვეცნობი,მაგრამ დავიფიცებ რომ თუ პაციენტს წამალი არ სჭირდება არანაირი თანხის გულისთვის მას არ დავუნიშნავ!ჩემთვის უპირველესია პაციენტის ინტერესი!მე ღმერთის და ხალხის წინაშე ვარ პასუხისმგებელი!მეც წავაწყდები ხოლმე ისეთ შემთხვევებს რაზეც გული ძალიან მწყდება.2დღის წინ იყო ჩემთან ერთი გაჭირვებული ოჯახი,რომელთაც 4წლის ავადმყოფი შვილი ჰყავთ.ამ ბავშვს თოდუას სამკურნალო ცენტრში ჩაუტარდა გამოკვლევა,რაშიც 500ლარი გადაიხადეს,შემდეგ ვიღაც მოწვეულ პროფესორთან გაატარეს კონსულტაცია,რაშიც 80 ლარი გადაიხადეს,მან კი დაუნიშნა წამალი,რონოციტი,თვეში130ლარის ღირებულების,2თვის განმავლობაში.ამ მედიკამენტის ანოტაციაში კი მითითებულია რომ 18 წლამდე არ გამოიყენება!
ნატა
12 დეკემბერი 2016 21:00
მე ექიმი ვარ,გული მტკივა, რომ ექიმის წოდება ტალახში ამოისვარა,გაუფასურდა,...რასაც თქვენ ბრძანებთ,ყველაფერი ნებადართული იყო. სად იყავით აქამდე,ადრე არ გადარდებდათ პაციენტის ბედი? ახლა აღმოჩნდა ფარმაცევტული კომპანიების დამანგრაველი ქმედებები? თუ რამე ახალი იგეგმება?...

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები