"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მაისურაძე გადაეცეს საქართველოს და არა - რუსეთს" - რატომ დააკავეს ანტიტერორისტული ცენტრის ექსუფროსი ლიტვაში?! - კვირის პალიტრა

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მაისურაძე გადაეცეს საქართველოს და არა - რუსეთს" - რატომ დააკავეს ანტიტერორისტული ცენტრის ექსუფროსი ლიტვაში?!

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ზურაბ მაისურაძე ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ლიტვის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, მაისურაძე ლიტვაში უკრაინიდან  ჩაფრინდა.

49 წლის მაისურაძის საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეყვანა რუსეთმა მოითხოვა, ვინაიდან ის ტერორისტებთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი.

4 დეკემბერს ვილნიუსის რაიონულმა სასამართლომ მაისურაძეს 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ამ დროის განმავლობაში, რუსებმა ლიტვურ მხარესთან შეთანხმებით დაკავებულის ექსტრადიციის საკითხი უნდა გადაწყვიტონ. ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მაისურაძის დაკავებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც ლიტვური წყაროები წერენ, ვილნიუსის საქალაქო სასამართლო მაისურაძის ექსტრადაციაზე მოგვიანებით იმსჯელებს.

ზურაბ მაისურაძის სახელი ფიგურირებს ლოპოტას სპეცოპერაციიის საქმეშიც. სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშის მიხედვით, შსს-ს მაშინდელი მაღალჩინოსნების ორგანიზებით, საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოჰყავდათ ჩეჩნები, მათთვის ბინებს ქირაობდნენ და უფორმებდნენ იარაღს. მეომრებს ჰპირდებოდნენ ე.წ. დერეფანს ჩეჩნეთში გადასასვლელად.

სახალხო დამცველი, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, ანგარიშში აღნიშნავდა, რომ ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფთან უშუალო კავშირი ჰქონდათ და მათთვის საჭირო ყველა საკითხს აწესრიგებდნენ შს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე, შსს-ს მაღალჩინოსნები სანდრო ამირიძე და ზურაბ მაისურაძე.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი:

- ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს, ზურაბ მაისურაძე შსს-ს ანტიტერორისტული ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.  ის იყო მომლაპარაკებელი იმ რაზმთან, რომელიც ლაფანყურის ტყეში იმყოფებოდა. სულ იყო სამი მომლაპარაკებელი - მაისურაძე, ამირიძე და მაჩალიკაშვილი. ამ სამეულში უფროსი იყო მაისურაძე. ისინი თავიდანვე იყვნენ იმ პროცესში ჩართული, რასაც ამ ახალგაზრდების საქართველოში ჩამოყვანა და მათი შესაბამის ბაზებზე მომზადება ჰქვია.

- როგორ მოხვდა მაისურაძე მოგვიანებით უკრაინაში?

- დეტალები არ ვიცი, როდის და როგორ მოხვდა უკრაინაში, მაგრამ ამ ქვეყანაში რატომაც იკრიბებოდნენ კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები, ცნობილია. მათი კონსოლიდაცია მიხეილ სააკაშვილის ფიგურის გარშემო ხდებოდა და ალბათ, სხვადასხვა ტიპის დავალებებს ასრულებდნენ და გარკვეულ მომზადებასაც გადიოდნენ იმისთვის, რომ 2016 წლის არჩევნების შედეგებზე გავლენა მოეხდინათ, საბედნიეროდ, არ ან ვერ მოხდა ამ ხალხის გამოყენება და როგორც ჩანს, მერე ყველამ თავის გზა აირჩია. თუმცა ეს ჩემი ვარაუდია.

- როგორც ცნობილია, მისი დაკავების შესახებ მოთხოვნა რუსეთის მხრიდან იყო, თქვენი აზრით, რუსეთი რა კავშირშია ამ ყველაფერთან?

- ის რაზმი, რომლის ლიკვიდაციაც ლაფანყურში მოხდა, მიდიოდა რუსეთისაკენ. რუსეთის პოზიციდაან დაახლოებით ეს ასე გამოიყურება, რომ ტერორისტების რაზმი მიდიოდა რუსეთის ტერიტორიისკენ და იქ უნდა მოეხდინათ ცუდი ამბები. ისინი შეაჩერეს ქართველმა სპეცსამსახურებმა, მაგრამ რუსეთში, სავარაუდოდ, მიიჩნევენ, რომ ამ ამოცანის დამსახავი  იყო საქართველოს იმჟამინდელი ხელმძღვანელობა, დავალების უშუალო მიმცემი და ოპერაციის ხელმძღვანელი კი მაისურაძე, სწორედ ამის გამო, მოითხოვა რუსეთმა მაისურაძის დაკავება, რათა უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ ამ რაზმის მომზადების თაობაზე და ამასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ თუ საქმე ექსტრადირებაზე მიდგა, მაისურაძე ექსტრადირებული იყოს საქართველოში და არა რუსეთში.

იხილეთ ასევე: "იმედი გვქონდა, რომ ქართველები არ გაგვიმეტებდნენ" - ლაფანყურის სპეცოპერაციის სკანდალური დეტალები

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)