"შემდეგი მე ვიქნები!" - კვირის პალიტრა

"შემდეგი მე ვიქნები!"

პირველი "ჯაშუში" სამართლის მოლოდინშია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჟურნალისტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი მრჩეველი სიმონ კილაძე პირველი იყო, ვინც ჯაშუშობის ბრალდებით 2006 წელს დააკავეს - თითქოს სპეცსამსახურებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას აწვდიდა. მაშინდელი შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის დავალებით, კილაძეს დაემუქრნენ, თუ დანაშაულს არ აღიარებდა, მის შვილებს ფიზიკური განადგურების საფრთხე შეექმნებოდათ. საბოლოოდ, კილაძე იძულებული გახდა, დანაშაული ეღიარებინა, რის შემდეგაც ერთწლიანი პატიმრობა და 5-წლიანი პირობითი მსჯავრი დაედო.

"შემდეგი მე ვიქნები!" - სიმონ კილაძემ ეს პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც პროკურატურამ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმე გახსნილად გამოაცხადა.

- რა ფაზაშია თქვენი საქმის ხელახალი გამოძიება?

- მზადდება მიმართვა საქმისთვის გრიფი "საიდუმლოს" მოხსნის თაობაზე, რათა პროკურატურა გაეცნოს ე.წ. განსაკუთრებულ საქაღალდეში არსებულ მასალებს.

- რა გედებოდათ ბრალად?

- ბრალად წამიყენეს ჯაშუშობა უცხო სახელმწიფოს სასარგებლოდ, თითქოს კავშირი მქონდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან და მასალებს ვაწვდიდი ქვეყნის პირველი პირების ვიზიტების შესახებ - პრეზიდენტი ვის ხვდება, რომელ საათზე და ა.შ. ეს ინფორმაცია ყველასთვის, განსაკუთრებით კი ჟურნალისტებისთვის, ისედაც ცნობილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯაშუშობად ჩამითვალეს. მე აშშ-ის საელჩოს ვაწვდიდი ქართული პრესის ანალიტიკურ მიმოხილვას, მასალებს, რომლებშიც კრიტიკულად იყო ასახული ხელისუფლების საქმიანობა. უკმაყოფილებას გამოვთქვამდი ხელისუფლების მიმართ. სწორედ ჩემი დაპატიმრების წინა პერიოდში მოხდა გირგვლიანის საზარელი მკვლელობა, ამას დაემატა ციხის ბუნტი. მღელვარება მატულობდა, დაიწყო აქციებიც. რა უნდა ექნათ? აუცილებელი იყო მოსახლეობის ყურადღების სხვა რამეზე გადატანა. გადაწყვიტეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, მთავარი მრჩეველი სიმონ კილაძე დაეკავებინათ. მოგვიანებით მითხრეს, შენმა დაპატიმრებამ ყველა ინფორმაცია გადაფარაო.

- თუ მიგიწვდებოდათ ხელი საიდუმლო მასალებზე და რომელი ქვეყნის ჯაშუშობა გედებოდათ ბრალად?

- არანაირ საიდუმლო მასალებზე არ მიმიწვდებოდა ხელი. ამისთვის სპეციალური უფლებამოსილებაა საჭირო, რაც მე არ მქონდა. ღიმილის მომგვრელია, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსად არის მითითებული არც ქვეყანა და არც სპეცსამსახური, რომლის სასარგებლოდაც თითქოს ვჯაშუშობდი.

ე.წ. მტკიცებულებები კი თვითონ შექმნეს - ჩემ მიერ ელფოსტით გაგზავნილი მასალებიდან შეადგინეს და ჩემი სამსახურებრივი მოვალეობა დანაშაულად ჩამითვალეს. დღემდე მაქვს შენახული ერთ-ერთი ე.წ. მტკიცებულება - პრესსამსახურის მიერ მომზადებული ღია ბიულეტენი ჟურნალისტებისთვის, რომელშიც წუთობრივად არის გადმოცემული პრეზიდენტის უცხოური ვიზიტი.

- რა ვითარებაში აღიარეთ დანაშაული?

- ჩემს კაბინეტში პირდაპირი ტელედაკავების შემდეგ მოდულში გადამიყვანეს. ერთ საათში ბრიფინგი გამართეს, რომელსაც შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი არველაძე და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გენერალი შალვა ჟღენტი უძღვებოდნენ. მერე პრეზიდენტმაც გააკეთა კომენტარი და დამნაშავედ შემრაცხა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩემი ბედი გადაწყვეტილი იყო... წინასწარი პატიმრობის დროს ყოველდღიურად, ღამითაც მოდიოდნენ საპყრობილეში, მივყავდი მოდულში და მოითხოვდნენ, ბრალდებები მეღიარებინა. სტრესისგან გულის შეტევა დამემართა და საავადმყოფოში წამიყვანეს... საბოლოოდ, როცა შალვა ჟღენტმა "პრინციპული" და "მეგობრული" საუბრისთვის კაბინეტში მიმიწვია, კომპიუტერში ვიდეოჩანაწერი მაჩვენა, სადაც ვნახე, როგორ უთვალთვალებდნენ ჩემი ოჯახის წევრებს და ჩაილაპარაკა, შენი თავი თუ არ გებრალება, ისინი მაინც შეიბრალეო, მივხვდი, ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ...

ჩემი დაკავება ვიწრო წრეში გადაწყდა: მერაბიშვილმა, ადეიშვილმა და არველაძემ მოითათბირეს, შემდეგ გეგმა პრეზიდენტს შეატყობინეს, სააკაშვილიც დაეთანხმა. პასუხი უნდა აგონ მაშინდელმა პრეზიდენტმა და მაღალჩინოსნებმა, ადეიშვილის, არველაძის, ჟღენტის ჩათვლით. დანარჩენი წვრილფეხობაა, რომლებიც მითითებას ასრულებდნენ. 2010 წელს, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ინტერვიუ მივეცი "ამერიკის ხმას", ვამხილე "ნაციონალები", რისთვისაც ტელეფონით მკაცრი გაფრთხილება მივიღე. 2012 წლიდან დავიწყე ჩემი საქმის პროკურორის ძებნა, მაგრამ მითხრეს, აქ აღარ მუშაობსო. ვერ გავიგე გენერალ შალვა ჟღენტის ასავალ-დასავალიც. არველაძე და ადეიშვილი უცხოეთში არიან გაქცეული, მერაბიშვილი კი ვიცით, სადაც ზის. ხელახალი გამოძიება დროს მოითხოვს, მაგრამ იმ იმედით, რომ ჩემი უდანაშაულობა დადასტურდება, ღირს მოთმენა.

ნანა ფიცხელაური