"კილერა" პირადად მემუქრებოდა" - კვირის პალიტრა

"კილერა" პირადად მემუქრებოდა"

ირაკლი გედენიძე: "26 მაისის გადაღება არ მაპატიეს"

მთავარმა პროკურატურამ კიდევ ერთი ხმაურიანი საქმის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და ფოტორეპორტიორების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათია გედენიძეების გამართლებას ითხოვს. "ფოტორეპორტიორების საქმეს" გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა და უკვე დააკავეს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი. მას ბრალად ედება ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ბრალი წაუყენეს მე-8 საპყრობილის ყოფილ დირექტორ ალექსანდრე მუხაძესაც.

გამოძიების ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრესსააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე აშუქებდნენ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის პროსპექტზე მომიტინგეების დარბევის ფაქტებს. ამ ფოტოებმა მსოფლიოს წამყვან პრესსააგენტოებში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რაც ნეგატიურად აისახებოდა იმჟამინდელი ხელისუფლების რეიტინგზე. ანგარიშსწორების მიზნით, 2011 წლის 7 ივლისს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოტორეპორტიორები დააკავეს. მანამდე კი ზურაბ ქურციკიძის სატელეფონო საუბრებს ფარულად უსმენდნენ. ქურციკიძე 2004 წლიდან მუშაობს "ეპა"-ს ფოტორეპორტიორად, რომლის სათავო ოფისი ფრანკფურტშია, ამიერკავკასიის მასშტაბით კი - მოსკოვში. საქმიანობიდან გამომდინარე, მას ხშირი საუბრები ჰქონდა სააგენტოსთან, რომელთაც აწვდიდა როგორც თავის გადაღებულ, ისე ამ სააგენტოს სტრინგერების (უშტატო თანამშრომლები) ირაკლი გედენიძისა და გიორგი აბდალაძის ფოტოებსაც. პროკურატურის ინფორმაციით, შეთითხნილი ბრალდების თანახმად, 2004 წელს ქურციკიძე მოსკოვში კონფიდენციალური თანამშრომლობისთვის გადაიბირეს UHE-ს თანამშრომლებმა. ქურციკიძე თითქოს უგზავნიდა ევროპის პრესსააგენტოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ფოტოებსა და მასალებს, რომლებსაც მოიპოვებდა გედენიძისა და აბდალაძისგან. გამოგონილი ბრალდებით, ფოტოგრაფების ჯაშუშურ ქსელს ეხმარებოდა გედენიძის მეუღლე, ფოტოგრაფი ნათია გედენიძეც.

ფოტორეპორტიორების დაკავებას საპროტესტო აქციები მოჰყვა - საზოგადოება მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდა. პროკურატურის ცნობით, ამის გამო სამართალდამცავებმა დაიწყეს ფოტორეპორტიორებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, დაკავებულებთან შედიოდა დავით დევნოზაშვილი და მუქარით ითხოვდა აღიარებით ჩვენებაზე ხელმოწერას. ნათია გედენიძეს დევნოზაშვილმა წარუდგინა კომპიუტერიდან უკანონოდ მოპოვებული ფოტო და მისი გავრცელებით დაემუქრა. ფოტო მის მეუღლეს, ირაკლი გედენიძესაც აჩვენეს. ცოლ-ქმარმა ვერ გაუძლო ზეწოლას და ხელი მოაწერეს ცრუაღიარებით ჩვენებას. ამის შემდეგ ნათია გაათავისუფლეს, ირაკლის კი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას შეჰპირდნენ და აბდალაძესა და ქურციკიძესთან ერთად სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათ საკნებში დღედაღამ არ ქრებოდა შუქი და მუდმივ ვიდეოკონტროლზე იყვნენ. 8 დღის შემდეგ ქურციკიძე და აბდალაძეც დაითანხმეს აღიარებით ჩვენებაზე. ვიდეოკამერაზე ჩაწერეს აღიარებითი ჩვენებები, რასაც ადვოკატების პროტესტი მოჰყვა. ამიტომ დაკავებულებს უარი ათქმევინეს მათზე და საქმეში სხვა ადვოკატები ჩაერთვნენ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში... დავით დევნოზაშვილს, რომელიც თავს დამნაშავედ არ ცნობს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ირაკლი გედენიძე: - დევნოზაშვილი მეუბნებოდა, შენს შვილებს სკოლაში სიარულისას გადასასვლელზე უწევთ გადასვლა, მანქანები ცუდად მოძრაობენ და უბედური შემთხვევა მოხდებაო... მერე ფოტოებიც იპოვეს კომპიუტერში, ის მე გადავუღე ჩემს მეუღლეს, როცა განათებას ვაყენებდი სტუდიაში. იმ სურათების გასაჯაროებით დამემუქრნენ. მაშინ აზრად არ მომსვლია, რომ 26 მაისის კადრების გამო გვსჯიდნენ. ციხეში ბადრაგმა მიმანიშნა, გაიხსენე 26 მაისიო და, მივხვდი დაკავების მიზეზს. დევნოზაშვილი ცინიკურად გვეუბნებოდა, მე ვარ პროკურორიც, ადვოკატიც, მოსამართლეც, არაფერი გიშველით, თუ არ აღიარებთო.

თავიანთი ადვოკატი შემოიყვანეს და მივხვდი, ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა. დრო უნდა მომეგო, ნათია უნდა გაეშვათ გარეთ და ჩემი აღიარების სანაცვლოდ გაუშვეს. სხვა გზა არ მქონდა - სახლი და ავტოფარეხი დალუქეს, საბანკო ანგარიშები გაყინეს და ბავშვები, ფაქტობრივად, ქუჩაში დარჩნენ. მათქმევინეს, თითქოს მასალებს ვაძლევდი ქურციკიძეს... მითხრეს, თქვი, რომ აგვისტოს ომის დროს სამხედროების გეგმები ჩაგივარდა ხელში და ქურციკიძეს გადაეციო. ამაზე კატეგორიული უარი ვთქვი.

- სააკაშვილის ფოტოგრაფი იყავით. მან გასცა დაკავების ბრძანება?

- შესაძლოა, მან იცოდა, მაგრამ ვფიქრობ, ეს ყველაფერი სწრაფად და უნიჭოდ თავად ძალოვანებმა დაგეგმეს... ახლა მთავარია გაირკვეს, ვინ დაგვსაჯა.

გიორგი აბდალაძე, ფოტორეპორტიორი: - იმედია, დევნოზაშვილი სიმართლეს იტყვის. რაც შეეხება მუხაძეს, "კილერას", მისი მუქარა პირადად მოვისმინე, რომ ცოცხალი ვერ გამოვიდოდით. ვიმედოვნებ, მუხაძეს ჩამოიყვანენ საქართველოში და პასუხს აგებს...

მითხრეს, ახლა შენს თანასაკნელებს შენი თანდასწრებით ვაწამებთ, შემდეგ მათთან ჩაგსვამთ და ისინი გაგისწორდებიანო. ყველაფერი გააკეთეს და მიაღწიეს იმის აღიარებას, რაც არ ჩაგვიდენია.

26 მაისის კადრების გამო დავისაჯეთ. გაგვასამართლეს, მაგრამ დღემდე არც ერთმა არ ვიცით ე.წ. აღიარებითი ჩვენებების გარდა, რა დევს ჩვენს საქმეში. დევნოზაშვილმა თურმე პროკურატურას ულტიმატუმი წაუყენა, თუ გამიშვებთ გირაოთი, მაშინ ვითანამშრომლებო. ამბობს, რომ არ გვიცნობს არც ჩვენ და არც მუხაძეს. არადა, მუხაძის გვერდით კაბინეტში მიდიოდა ჩვენზე ზეწოლა. დარწმუნებული ვარ, ერთად ასრულებდნენ დავალებას. ალბათ, პირისპირ შეხვედრა მოგვიწევს, ის უნდა შეაწუხოს სინდისმა და თქვას, ვის დაკვეთას ასრულებდა. სააკაშვილის გარეშე ვერც მერაბიშვილი და ვერც ადეიშვილი ნაბიჯს ვერ დგამდნენ. თუ სინდისი აქვთ, ბოდიში მაინც უნდა მოგვიხადონ.

თეა ხურცილავა