"როდესაც მკვლელს ვუთხარი, მე და ჩემი მეუღლის მშობლებმა მოგიტევეთ დანაშაული-მეთქი, ატირდა" - კვირის პალიტრა

"როდესაც მკვლელს ვუთხარი, მე და ჩემი მეუღლის მშობლებმა მოგიტევეთ დანაშაული-მეთქი, ატირდა"

რებეკა ფრაისენი: "ფრიცი ცოცხალი რომ იყოს, არ დაუშვებდა მკვლელის დასჯას"

საქართველოში მოკლული უცხოელი ტურისტის ფრიც მასერის ქვრივი რებეკა ფრაისენი მკვლელობისთვის გასამართლებული მიხეილ ჭინჭარაშვილის შეწყალებას ითხოვს. მისი თქმით, ჭინჭარაშვილის ციხეში ყოფნას მისი მეუღლეც არ ისურვებდა. ჭინჭარაშვილმა მასერი 12 აგვისტოს კახეთში, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე მოკლა, რისთვისაც თავისუფლების 11 წლით აღკვეთა მიესაჯა. რებეკა ფრაისენი მკვლელთან შეხვედრის დეტალებზე "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა:

- საქართველოში საგანგებოდ, სასამართლოზე დასასწრებად ჩამოვედი. მიხეილ ჭინჭარაშვილის დასჯით ვერ აგვინაზღაურდება ის ტკივილი, რომელიც დამნაშავემ მოგვაყენა. არც იმის გარანტია არსებობს, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ სხვა დანაშაულს არ ჩაიდენს. ციხე გამოსასწორებელ დაწესებულებად არ მიმაჩნია. დამნაშავე საზოგადოების, სახელმწიფოს ძალისხმევით უნდა გამოსწორდეს. ჩვენთან, კანადაში, უმძიმესი დანაშაულისთვის მუდმივ პატიმრობას უსჯიან, ისეთსაც, გადახედვას რომ არ ითვალისწინებს, მაგრამ აღდგენითი მართლმსაჯულებაც მოქმედებს, თუ დაზარალებული მოითხოვს.

- დამნაშავესთან შეხვედრა არ გაგიჭირდათ?

- სასამართლომ გამონაკლისი დაუშვა და როგორც გარეშე პირს, დამნაშავესთან შეხვედრის უფლება მომცეს. მიხეილს ვუთხარი, რომ ფრიცის სიკვდილი საშინელებაა ჩვენთვის, მაგრამ არც მისი ციხეში ყოფნა გვინდა, რადგან ფრიცს მიაჩნდა, რომ პატიმრობა და იზოლაცია ანგრევს ადამიანობას. შენ მიმართ სიბრაზეს არ ვგრძნობ და მე და ჩემი მეუღლის მშობლებმა მოგიტევეთ დანაშაული-მეთქი, ატირდა, ნამდვილად რას განიცდიდა, მაგრამ მადლობა გადაგვიხადა, რომ ვაპატიეთ. მის ოჯახსაც შევხვდი და სოფელსაც. ოჯახი თავს იდანაშაულებს იმაში, რაც არ ჩაუდენია, სოფელი ოჯახს ადანაშაულებს, რომ შვილი სათანადოდ არ აღზარდეს. დამნაშავეს ვაპატიე, რათა მე გავთავისუფლებულიყავი სიძულვილისგან და მეცხოვრა მხოლოდ სიყვარულით, რომელიც მე და ფრიცს 9 წელი გვაკავშირებდა.

- რას საქმიანობდა ფრიცი?

- მომთაბარე იყო. უზომოდ უყვარდა ადამიანები, ბუნება, ცხოველები. ჩემთან შეხვედრამდე 60 ქვეყანა ჰქონდა მოვლილი. 41 წლის ასაკში ყველაფერი მოასწრო: საჰარა აქლემით გადაკვეთა, ალასკაზე ძაღლებსა და ირმებთან ერთად ცხოვრობდა, ნიუ-ორლეანში ბავშვებს სკოლაში ასწავლიდა... ბრაზილიაში ბუნების დამცველ ორგანიზაციაში მუშაობდა. 11 წლის წინ, საქართველო რომ ნახა, ჯერ კიდევ მაშინ გადაწყვიტა, კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე კავკასიის მთების გავლით ემოგზაურა.

ფრიცი ცოცხალი რომ იყოს, არ დაუშვებდა მკვლელის დასჯას. ოცნებობდა ისეთი დაწესებულების შექმნაზე, სადაც დამნაშავეს ღირსების და პატივის დაცვით მოეპყრობოდნენ. მისი გეგმები მის გარდაცვალებასთან ერთად არ დასრულებულა. ფრიცის იდეები იმ ადამიანების საშუალებით განაგრძობს არსებობას, ვინც აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების პროექტში ჩაერთვება. მერწმუნეთ, ადამიანის გადარჩენა უფრო იოლია, თუ საზოგადოების წევრად შევინარჩუნებთ, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ციხეში გამოვკეტავთ.

ფრიც მასერი

ფრიც მასერი 12 აგვისტოს მკვლელის მიერ მიყენებული 16 ჭრილობის შედეგად, ტყეში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ფრიცმა საქართველოში ყოფნისას ე. წ. ჩახუტების გულსაბნევი შექმნა, იმის ნიშნად, რომ ადამიანები უყვარდა და იმ ხალხის სიკეთე სურდა, ვის ქვეყანასაც სტუმრობდა. სავარაუდოდ, სიკვდილის წინ რაღაც ისეთი მოხდა, რაც არასწორად გაუგო მკვლელმა, რომელიც ასევე გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის დროს ნასვამი ყოფილა. "ჩახუტების გულსაბნევი" ახლა ფრიცის დანატოვარი ორდენივით არის, რომელიც ყველა იმ ადამიანს შეიძლება მიეკუთვნოს, რომელსაც ფრიცივით უანგაროდ შეეძლო ჰყვარებოდა ნებისმიერი ადამიანი", - ამბობენ მისი მეგობრები.

ეკა ლომიძე