როგორ შევაკავოთ მოძალადე, ანუ დამცავი ოდერი მსხვერპლს ვერ იცავს(?!) - კვირის პალიტრა

როგორ შევაკავოთ მოძალადე, ანუ დამცავი ოდერი მსხვერპლს ვერ იცავს(?!)

მიმდინარე წელს გაცემულია 2566 შემაკავებელი ორდერი, მაგრამ ამის მიუხედავად, მარტო თბილისში მოხდა 10 მკვლელობა, ჯანმრთელობის დაზიანების 12 ფაქტი და სხვადასხვა სახის ძალადობის 480 შემთხვევა

"მთელმა ქვეყანამ იცის ხანუმ ჯეირანოვას საქმე, მაგრამ არავინ დასჯილა, არადა, მთელი სოფლის თვალწინ ქალს, სასტიკად სცემეს, ქუჩაში ათრიეს, მერე კი მან თავი მოიკლა"

ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წელს საქართველოში 17 მკვლელობა მოხდა, არაერთ ადამიანს ოჯახის წევრმა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა, ძალადობის უამრავი ფაქტიც გამოვლინდა. 14 ქალია მოკლული მეუღლის ან ყოფილი მეუღლის მიერ.

ყველაზე შემაშფოთებელია, რომ ხშირად მსხვერპლს ვერც მეუღლესთან განქორწინება შველის, ვერც საქმეში სამართალდამცავების ჩართვა და დამცავი ორდერის გამოცემა. ამას მოწმობს 9 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მომხდარი ტრაგედია. 29 წლის ელენე შიუკაშვილი ეჭვიანობის გამო იძულებული გახდა, მეუღლეს გაშორებოდა და შვილებთან ერთად მშობლების სახლში დაბრუნებულიყო. ქმარი მოკვლით დაემუქრა. საქმეში პოლიცია ჩაერთო. 3 დეკემბერს 32 წლის ავთანდილ ბეჟუაშვილს ყოფილ მეუღლესთან მიახლოება და სატელეფონო კავშირიც კი აუკრძალეს, თუმცა იგი ვერც ამან შეაჩერა - გამოძიების ინფორმაციით, შიუკაშვილების ეზოში შეიპარა და ფანჯარასთან მდგარი მეუღლე სანადირო თოფით მოკლა, მერე კი იქვე მცხოვრები თანაკლასელის ეზოში შევიდა და ტყვია დაიხალა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ბეჟუაშვილი ისევ თელავის საავადმყოფოშია.

ყოფილმა ქმარმა ამ ტრაგედიამდეც სცადა ცოლზე თავდასხმა, მაშინაც აცნობეს პოლიციას. მაშინ ბეჟუაშვილს გადაჭრილი სანადირო თოფი აღმოაჩნდა და საქმე იარაღის უკანონო ტარების ბრალდებითაც აღიძრა, მაგრამ სასამართლომ ის გირაოთი გაათავისუფლა. დამცავი ორდერიც ფარატინა ქაღალდად დარჩა. ანალოგიური შემთხვევა მოხდა თბილისში. პოლიციის ცნობით, 30 წლის გიორგი დოლიძემ 28 წლის მეუღლე ნინო კილასონია ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა, მერე კი თავი მოიკლა. სამართალდამცავები ამ კონფლიქტზეც იყვნენ ინფორმირებული. მაშინ ქალი ლანჩხუთიდან გამოექცა მოძალადე ქმარს და შვილებთან ერთად თავი დას შეაფარა. ამ შემთხვევაშიც გაცემული იყო დამცავი ორდერი, მაგრამ ვერც ნინო დაიცვა სახელმწიფომ.

კიდევ ერთი ოჯახური კონფლიქტი, რომელზეც პოლიცია ინფორმირებული იყო - ვარკეთილში 35 წლის ნელი სონიძე ხალხის და ერთ-ერთი შვილის თვალწინ ქმარმა სიცოცხლეს გამოასალმა. მოტივად აქაც ეჭვიანობა დასახელდა. ბრალდებულ სარდიონ ღვინიაშვილს სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნინო ჩიხლაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორი: - შემაკავებელ ორდერს გასცემს საპატრულო პოლიცია ფაქტზე რეაგირების დროს და გაიცემა ერთი თვით, ამას აკანონებს სასამართლო, დამცავი ორდერი კი მაქსიმუმ 6 თვით გაიცემა. პრობლემა სხვა რამეა: არ ხდება მონიტორინგი, არღვევს თუ არა მოძალადე დამცავი ორდერის პირობებს.

პირველი დარღვევის შემთხვევაში პირს ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრება, ხოლო თუ კიდევ დაარღვია - სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ვერ ვიტყვი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არაფერს აკეთებს, თუმცა სხვა საკითხია, ადგილზე გასული ეკიპაჟი რამდენად რეალურად აფასებს ვითარებას. ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს რისკის შეფასების ფორმა, სპეციალური კითხვარი, რომელსაც საპატრულო პოლიცია იყენებს, ეს კი ხელს უწყობს მას, სწორად შეაფასოს სიტუაცია.

არ გვაქვს ერთიანი დაცვის მექანიზმი. მსხვერპლს ვთავაზობთ თავშესაფარს, ამასაც - სამი თვით, გამონაკლის შემთხვევაში - 6 თვით, იქიდან გასული კი ძალიან ხშირად ღია ცის ქვეშ რჩება. გვქონდა არაერთი შემთხვევა, როცა საკუთარმა ოჯახმა არ მიიღო მსხვერპლი.

ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მუხლი დევს კანონში: თუ სასამართლოს გზით დადგინდება, რომ მსხვერპლმა ვერ მიიღო კუთვნილი წილი მოძალადისგან, მსხვერპლს აქვს უფლება, მოითხოვოს სახელმწიფოსგან ფულადი კომპენსაცია, თუმცა კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, ასეთ დროს კონკრეტულად რომელ უწყებას უნდა მიმართოს, ან რა თანხა უნდა მოითხოვოს, რადგან არ არის განსაზღვრული თანხის ოდენობა. ეს მკვდარი მუხლი 2014 წლიდან დევს კანონში.

ასევე არის მუხლი, რომლის მიხედვით, თუ მსხვერპლს არ სურს იმ ბინის დატოვება, რომელშიც ცხოვრობს, საპატრულო პოლიციას აქვს უფლება, მოძალადე გაიყვანოს სახლიდან. ეს გადაწყვეტილება იმოქმედებს იმ პერიოდით, რა დროითაც გამოცემულია ორდერი, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმაზე, სად უნდა წაიყვანონ მოძალადე. ცხადია, ქუჩაში უნდა დატოვონ, რადგან არანაირი ცენტრი არ არსებობს მოძალადისთვის. ასეთ დროს შეიძლება მოძალადე გაბრაზებულ გულზე უკან მიბრუნდეს და უარესი ჩაიდინოს.

არის შემთხვევები, როცა პოლიციელი პირველივე გამოძახების დროს არიდებს თავს ორდერის გაცემას და სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლება, რასაც იურიდიული ძალა არ აქვს, თუმცა ადრეულ წლებთან შედარებით მსგავსი ფაქტები შემცირებულია. პრობლემა არის სასამართლოშიც. კახეთში ახლახან მომხდარ მკვლელობაში სასამართლოს ბრალეულობა გამოიკვეთა, სასამართლომ დაუშვა შეცდომა, როცა გაუშვა გარეთ მოძალადე.

2014 წელს ფემიციდმა, ანუ გენდერული ნიშნით ქალის მკვლელობამ, მასობრივი სახე მიიღო. სოფო ზურებიანის მკვლელობა 2014 წელს ძალიან გახმაურდა, 11 წელი მიესაჯა მის ყოფილ მეუღლეს. განაჩენი ისე დადგა, რომ ბრალდებულს მკვლელობის ბრალდებაც კი არ წაუყენეს. ორი ადამიანის სხეულის დაზიანების ბრალდებით გაასამართლეს. მან მაშინ სოფოს ძმასაც გაუხსნა ცეცხლი. ხშირად პრობლემა საქმის არასწორი კვალიფიკაციაც გახლავთ.

მნიშვნელოვანი კომპონენტია მოძალადეებთან მუშაობა. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აქვს პროგრამა პრობაციაში მყოფი ადამიანებისთვის. უახლოეს პერიოდში დაიწყება მუშაობა ციხეში მყოფ მოძალადეებთანაც. ექვსთვიანი საპილოტე პროგრამა განხორციელდება, რათა მოძალადის ქცევის კორექცია მოხდეს.

"ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი" 13 წელია, ამ მიმართულებით მუშაობს. ისინი ამ დღეებში გლდანში კიდევ ერთ თავშესაფარს გახსნიან.

ელისო ამირეჯიბი, ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი: - როცა შემაკავებელი ორდერი ირღვევა, მსხვერპლი თავს იკავებს და ხელახლა არ მიმართავს პოლიციას. საქართველოში ხომ ყველას ეკითხება მეორე ადამიანის ქცევა და ხშირად კიცხავენ იმის გამო, რომ პოლიცია გამოიძახა. არის მეორე პრობლემაც: მოძალადეს ხელს აფარებენ და ხშირად არ გასცემენ დამცავ ორდერს.

კარგი იქნებოდა, რომ მოქმედებდეს სამაჯურების სისტემა, რაც სხვა ქვეყნებში აპრობირებულია. სამაჯური უკეთდება მოძალადეს და განსაზღვრულ რადიუსზე მიახლოებისას ეცნობება პოლიციას.

ყველა ჯოხი პოლიციაზე ტყდება, არადა, ბევრი რამ ევალება პროკურატურას, სასამართლოს. მთელმა ქვეყანამ იცის ხანუმ ჯეირანოვას საქმე, მაგრამ არავინ დასჯილა, არადა, მთელი სოფლის თვალწინ ქალს სასტიკად სცემეს, ქუჩაში ათრიეს, მერე კი მან თავი მოიკლა. ზუსტად იციან, ვინ არიან დამნაშავეები, ვინ მიიყვანა ქალი თვითმკვლელობამდე. სად არის აღდგენილი სამართლიანობა, სად არიან დასჯილები? იყო შემთხვევა, კაცმა მეუღლე მძიმედ დაჭრა და ის 2.000-ლარიანი გირაოთი გამოუშვეს. აუცილებელია მუშაობა მოძალადეებთანაც. როცა ვხვდებით მამაკაცებს, ხშირად ამბობენ, ქალები გაგულიანდნენ ძალიან და ბევრ უფლებას აძლევენ საკუთარ თავსო. არ მოსწონთ თავაწეული ქალი.

მაკა ფერაძე, შს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი:

- ოჯახის წევრის წინააღმდეგ, როგორც წესი, ჩვენებებს არ იძლევიან. ეს პრობლემა თითქმის ყოველთვის დგას. არის შემთხვევა, როცა პოლიციელი დარწმუნებულია პირის ბრალეულობაში, მაგრამ ვერ უმტკიცებს დანაშაულს. ექსპერტიზის ჩატარებაც დროულად უნდა მოხდეს. როცა საქმეში პოლიცია დაგვიანებით ერთვება, მტკიცებულებების მოპოვება რთულდება. სტატისტიკის მიხედვით, ძირითადად, მსხვერპლი არიან 25-დან 40 წლამდე ასაკის ქალები. ისინი მეუღლეებისგან ან მეგობარი მამაკაცებისგან განიცდიან ძალადობას.

ბავშვებზე ძალადობის შემთხვევებიც ხშირია, მაგრამ ასეთი ფაქტების გამოვლენა ჭირს, რადგან ბავშვი ხშირად ვერ აცნობიერებს, რომ მასზე ძალადობენ. ჭირს მოხუცებზე ძალადობის გამოვლენაც, რადგან მათ მარჩენალის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა არ სურთ.

ხშირად მსხვერპლი მოძალადესთან ბრუნდება და მიზეზად ამბობს, რომ წასასვლელი არ აქვს, თუმცა სახელმწიფო მათ სთავაზობს დახმარებას. არასრულწლოვან შვილებთან ერთად შეუძლიათ თავშესაფარში მივიდნენ, მიიღონ სამედიცინო დახმარება, ფსიქოლოგის კონსულტაცია და იურიდიული დახმარება. თავშესაფარში პირის ყოფნის ვადა სამი თვეა, მაგრამ კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება სამი თვით გაუგრძელონ ეს ვადა. მსხვერპლთან მუშაობენ სოცმუშაკები. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მათ დასაქმება და დამოუკიდებელი ცხოვრება შეძლონ.

- შემაკავებელი ორდერი ვერ იცავს მსხვერპლს. გვქონდა არაერთი შემთხვევა, როცა ორდერი გაცემული იყო, მაგრამ მკვლელობა მოხდა.

- შემაკავებელი ორდერი არის პრევენციის მექანიზმი და ეს არ არის იმის გარანტია, რომ მკვლელობა არ მოხდება.

100-დან 98 შემთხვევაში ორდერი მუშაობს. შეიძლება მხოლოდ ორ შემთხვევაში ვერ იყოს დანაშაულის დამაბრკოლებელი.

თეა ხურცილავა