ვინ მოკლეს ქავთარაძის ქუჩაზე?! - სნაიპერის სავარაუდო კვალი და დანაშაულის ჯერაც ამოუხსნელი საიდუმლო - კვირის პალიტრა

ვინ მოკლეს ქავთარაძის ქუჩაზე?! - სნაიპერის სავარაუდო კვალი და დანაშაულის ჯერაც ამოუხსნელი საიდუმლო

სავარაუდოდ, მკვლელი მას უცხოეთიდან შემოჰყვა და საქართველოში ყოფნისას უთვალთვალებდა

30 დეკემბერს, დაახლოებით საღამოს შვიდის ნახევარზე, თბილისში, ქვთარაძის ქუჩის #14-ში მამაკაცი მოკლეს.

მომხდარიდან მოკლე ხანში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული რუსეთის მოქალაქე ოლეგ დოევი იყო, რომელიც მეზობლების თქმით, მე-16 სართულზე მდებარე ბინაში, რომლის აივანზეც დაასრულა სიცოცხლე, სულ სამიოდე კვირის გადასული იყო.

გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ მოკლული შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან.

შეგახსენებთ, 2016 წლის იანვარში ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოცხადდა და მკვლელობაში მხილებულებად უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი გამოაცხადა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი სწორედ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებული ოლეგ დოევი იყო.

მაგრამ არაოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ სამართალდამცავები ერთ-ერთ ვერსიად მკვლელობაში სნაიპერის მონაწილეობას განიხილავდნენ.

kvirispalitra.ge-მ სანდო წყაროზე დაყრდნობით გაარკვია, რომ გარდაცვლილი ნამდვილად რუსეთის მოქალაქე, კერძოდ კი ვლადიკავკაზელი ოსია, რომელიც საქართველოში რამდენიმე კვირის შემოსული იყო.

ჩვენივე წყაროს მინიშნებით, სავარაუდოდ, მისი გვარ-სახელი ნამდვილად ოლეგ დოევია, რომელიც რუსეთში თაღლითობის რამდენიმე საქმეში იყო გარეული და მკვლელობაც შესაძლოა ამას უკავშირდებოდეს.

ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს საკმარისი ფაქტები იმის დასამტკიცებლად, რომ მოკლული ნამდვილად ის ოლეგ დოევია, რომელის სახელსაც არაერთი აფერა უკავშირდება, თუმცა მუშაობას ვაგრძელებთ და ვიმედოვნებთ, რომ მალე უფრო მეტი დეტალის გარკვევას შევძლებთ. მანამდე კი გთავაზობთ ოლეგ დოევის დოსიეს.

ოლეგ დოევი ჩრდილოეთ ოსეთში, ვლადიკავკაზში დაიბადა და ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, სხვადასხვა სავაჭრო საქმიანობაში იყო ჩართული. წლების წინ, ციმბირის შიდა სავაჭრო ორგანიზაციების სააგენტოს ("ციმბირის მეტალურგიული კომპანია") თანადამფუძნებელი გახლდათ.

მოსკოვში მცხოვრები ოსი ჟურნალისტის, ზეინაბ ჩოჩიევის თქმით, თუ მოკლული მართლაც დოევია, ძნელი სათქმელია, როგორ და რატომ მოხვდა საქართველოში საკმაოდ ცნობილი დოევი თბილისში და საერთოდაც, რა კავშირი ჰქონდა საქართველოსთან, რომელსაც რუსეთში "საერთაშორისო თაღლითის" სახელით იცნობდნენ:

- მას ჯერ კიდევ ვლადიკავკაზში ცხოვრებისას ტვირთის გადამტანი კომპანიები ჰქონდა, რომელიც მოსკოვში იყო დარეგისტრირებული. როგორც ჩანს, მან ამასობაში გარკვეული კავშირები დაამყარა და მალევე მოსკოვში გადმოვიდა საცხოვრებლად და საქმის საწარმოებლად... მოგვიანებით, როდესაც კომპანია, "ციმბირის მეტალურგიული კომპანია" გაკოტრდა, ის ჯერ ამერიკაში, შემდეგ კი, 2012 წელს, ნიდერლანდებში გადავიდა და ახალი კომპანია დააფუძნა. ამბობდნენ, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში საკმაოდ საეჭვო კავშირები ჰქონდა.

ინტერნეტში მოძიებული მასალების მიხედვით, მან მოგვიანებით სომხეთში, ნათესავის დახმარებით, თევზის ძვირფასი ჯიშების მოშენებას მიჰყო ხელი და წარმატების მიღწევაც არ გასჭირვებია. ამ საქმიანობამ მალე მთელი სომხეთი მოიცვა და საკმაოდ მალე დოევი ანგარიშგასაწევი ძალა გახდა.

ცოტა ხანში, ის ისევ რუსეთში გამოჩნდა და პირველი ნაბიჯები, კრასნოგორსკში გადადგა - დააფუძნა კომპანია სახელწოდებით "იუნიფიში"... მოგვიანებით, ინვესტორების საშუალებით, მან მთელი რუსეთის ბაზარი აითვისა... ამბობდნენ, რომ სწრაფად პოულობდა მეგობრებს სხვადასხვა ქვეყანაში და არაერთი "საყრდენი" ადამიანი ჰყავდა რუსეთის პოლიციის მაღალჩინოსნებშიც, შესაბამისად, მის საქმიანობაში უამრავი ფინანსური დარღვევისა და სხვა ხარვეზების მიუხედავად, მის წინააღმდეგ, საქმე კარგა ხანს არ აღძრულა, თუმცა, შემდეგ, მისი ბიზნესი, პოლიციის შიდა დაპირისპირების საგანი გახდა და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მის კომპანიასა და ანგარიშებს ყადაღა დაადეს...

ერთ-ერთი სტატიის მიხედვით, დოევის სახელთან დაკავშირებულ ერთ-ერთ კომპანიაში სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ინტერესებიც იკვეთებოდა...  მოკლედ, დოევის მიმართ უამრავ ადამიანს ჰქონდა პრეტენზია და მისი მოკვლის სურვილი, სავარაუდოდ, ცოტას არ ექნებოდა.

თუ ის მართლაც სნაიპერის გასროლას ემსხვერპლა, სავარაუდოდ, მკვლელი მას უცხოეთიდან შემოჰყვა და საქართველოში ყოფნის განმავლობაში უთვალთვალებდა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)