წლის... საუკუნის პროცესი?! - მაგდა პაპიძის საქმე და სააპელაციო სასამართლოს საბოლოო ვერდიქტი - კვირის პალიტრა

წლის... საუკუნის პროცესი?! - მაგდა პაპიძის საქმე და სააპელაციო სასამართლოს საბოლოო ვერდიქტი

2015 წლის 20 დეკემბერს საზარელი მკვლელობა მოხდა თბილისში - მოკლული მამა-შვილი, ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან იპოვეს. ტრაგედიის გაგრძელება კიდევ უფრო საშინელი აღმოჩნდა - მაგდა პაპიძე, დედა და ცოლი, ქმარ-შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ბრალი 109-ე მუხლით წაუყენეს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სასამართლო პროცესი, რომელიც 2016 წლის ივნის-ივლისში მიმდინარეობდა, მართლაც რომ წლის კი არა, საუკუნის პროცესად იქცა, საზოგადოების ინტერესმა ყოველგვარ მასშტაბს გადააჭარბა.

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. პაპიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელის ზომა, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე, მოსამართლემ განსაზღვრა. პაპიძეს 20 წლის პატიმრობის შემდეგ შეუძლია ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას მიმართოს. ამას გარდა, მას შეუძლია შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართოს.

ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საქართველოში ქალს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. ეს იყო ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელიც დღემდე იწვევს აზრთა სხვადასხვაობას...

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგდა პაპიძის საქმე ხელახლა არ განიხილება.

(იხილეთ ასევე: "ვითომ სიზმარს ჰყვება და შეფარულად ცდილობდა, რაიმე სამხილის გაქრობას" - პაპიძის საქმის საკნადალური დეტალები (ექსკლუზივი)

მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველები ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული ვერდიქტის გაუქმებას ითხოვდნენ, ვინაიდან თვლიდნენ, რომ მსაჯულებმა ვერდიქტი საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით გამოიტანეს და მოსამართლის განმარტებებით არ უხელმძღვანელიათ. ამის საფუძველზე პაპიძის მხარე, ახალი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის ხელახალ განხილვას ითხოვდა, თუმცა ადვოკატების აღნიშნული არგუმენტი სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ყველაფერი კი ასე დაიწყო...

დიღმის მასივში, ფერაძის ქუჩის მაცხოვრებლებს კივილი შემოესმათ. გარეთ გასულებს შემზარავი სურათი დახვდათ. სადარბაზოს შესასვლელთან ეგდო დასისხლიანებული 27 წლის ომარ ქაფიაშვილი. იქვე ახლოს მისი 5 წლის ვაჟი. ომარის დედა და ცოლი კი შველას ითხოვდნენ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და კრიმინალისტები კარგა ხანს მუშაობდნენ. მალე მომხდარ ტრაგედიის მიზეზებზე მეზობლები ალაპარაკდნენ. მაშინვე გაჟონა ინფორმაციამ, რომ მკვლელობაში ეჭვი ცოლზე მიიტანეს. მოგვიანებით ეს ინფორმაცია ძალოვნებმა ოფიციალურად დადასტურეს. მაგდა მკვლელობის დღესვე დააკავეს, სასამართლომ კი წინასწარი პატირმობა შეუფარდა. ამ დღიდან მოყოლებული 6 თვის განმავლობაში რა არა ითქვა და დაიწერა, იყო მოსაზრებები, ვარაუდი, სხვადსახვა მოწმის ჩვენებები, ოფიციალური თუ არაოფიციალური განცხადებები, ამ ამბავზე მომზადდა სპეციალური გადაცემები, დაიწერა და ითქვა უამრავი რამ...

წინასასამართლო პროცესი 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

პირველ პროცესზე პროცესის დაწყებისას მოსამართლის კითხვაზე "ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ" ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა უპასუხა: "თავს დამნაშავედ არ ვცნობ". შემდეგ იყო მოწმების დაკითხვა, დაიკითხნენ, როგორც მაგდას, ისე მოკლულების ოჯახის წევრები, მეზობლები, თანამშრომლები. დაიკითხა თავად მაგდა პაპიძეც.

სწორედ წინასასამართლო პროცესზე მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ, ნაფიცი მსაჯულების მიერ მისი საქმის განხილვის გადაწყვეტილება მიიღო. შემდეგ გაიმართა სხდომა ნაფიცი მსაჯულების შესარჩევად. საქვეყნოდ ცნობილი დანაშაულის განხილვაში 15 ნაფიცი მსაჯული ჩაერთო, 12 ძირითადი და 3 სათადარიგო.

მაგდა პაპიძეს სასამართლო სხდომაზე დანაშაული არ უღიარებია, ბოლომდე ამტკიცებდა, რომ უდანაშაულო მსხვერპლი იყო, თუმცა ამაში ნაფიცი მსაჯულები ვერ დაარწმუნა...

იხილეთ ასევე: "მაგდა პაპიძისნაირ ქალს ცოლად არასოდეს მოვიყვანდი..." (ექსკლუზივი)