(ავტო) სიკვდილის არითმეტიკა - 21 დღეში გზებზე 19 ადამიანი დაიღუპა! - კვირის პალიტრა

(ავტო) სიკვდილის არითმეტიკა - 21 დღეში გზებზე 19 ადამიანი დაიღუპა!

2016 წლის 11 თვის მონაცემით, საქართველოში 6 360 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა და 600-მდე მოქალაქე გარდაიცვალა

ყოველდღიურად გვესმის ტრაგიკული შედეგებით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ და რეაგირება ნულის ტოლფასია. ცუდად მუშაობს ადმინისტრირებისა და აღსრულების სისტემა, რომელმაც მძღოლებს უსაფრთხოების წესების დაცვა უნდა აიძულოს. მძღოლს ყველაზე მეტად მართვის მოწმობის დაკარგვის და დიდი ჯარიმის ეშინია. რახანია, ვითხოვთ ახალი სისტემის დანერგვას, რომელიც საშუალებას იძლევა, ყოველ უხეშ დარღვევაზე მძღოლს ქულები ჩამოაკლდეს (მისთვის მინიჭებული 100 ქულიდან), ამგვარად მან რამდენიმე დღეშიც კი შეიძლება დაკარგოს მართვის მოწმობა

ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა დღითი დღე მძიმდება - ბოლო დღეების მანძილზე ავტოსაგზაო შემთხვევების ქრონოლოგიური სურათი თავზარდამცემია:

14 დეკემბერს ურეკში ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა (ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მიმავალი "ოპელი" და ტრაილერი შეეჯახნენ);

23 დეკემბერს რუსთავში მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად სამი ახალგაზრდა გარდაიცვალა. მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა გახდა;

26 დეკემბერს ახმეტაში ავტოავარიის გამო ორი კაცი დაიღუპა;

28 დეკემბერს ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას მოქალაქე ემსხვერპლა.

2017 წლის პირველ იანვარს რუსთავში ავტოავარიას 5 ახალგაზრდა შეეწირა (გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი დიდი სიჩქარით მოდიოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და მეგობრობის პროსპექტზე გმირთა მემორიალს შეეჯახა).

3 იანვარს მცხეთასთან ახლოს 2 გოგონა და 2 ბიჭი დაიღუპნენ, მათი ავტომობილი ხეს შეასკდა...

2016 წლის 11 თვის მონაცემით, 6 360 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა და 600-მდე მოქალაქე გარდაიცვალა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრით, საგზაო უსაფრთხოების წესების უხეშად დამრღვევის მიმართ როგორც სახელმწიფომ, ასევე საზოგადოებამ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოიჩინონ.

ეკა ლალიაშვილი, "ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის", გამგეობის თავმჯდომარე:

- ყოველდღიურად გვესმის ტრაგიკული შედეგებით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ და რეაგირება ნულის ტოლფასია. ცუდად მუშაობს ადმინისტრირებისა და აღსრულების სისტემა, რომელმაც მძღოლებს უსაფრთხოების წესების დაცვა უნდა აიძულოს.

მძღოლს ყველაზე მეტად მართვის მოწმობის დაკარგვის და დიდი ჯარიმის ეშინია. რახანია, ვითხოვთ ახალი სისტემის დანერგვას, რომელიც საშუალებას იძლევა, ყოველ უხეშ დარღვევაზე მძღოლს ქულები ჩამოაკლდეს (მისთვის მინიჭებული 100 ქულიდან), ამგვარად მან რამდენიმე დღეშიც კი შეიძლება დაკარგოს მართვის მოწმობა.

საჭიროა ქუჩებში უკონტაქტო პატრულირების დანერგვაც როგორც ქალაქში, ასევე მაგისტრალებზე, მეტი ვიდეოთვალისა თუ რადარის დამონტაჟება. საგზაო უსაფრთხოების გამკაცრებული რეგულაციები შეამცირებს სიჩქარის გადაჭარბებისა და საპირისპირო ზოლზე გადასვლის შემთხვევებს.

- რატომ გაჭიანურდა საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში?

- ჯერ კიდევ გასულ წელს იყო ლაპარაკი, რომ ეს კანონი 2017 წლისთვის უნდა ამოქმედებულიყო. ახლა გვპირდებიან, რომ მას თებერვალში, საგაზაფხულო სესიაზე განიხილავენ, თუმცა არ არის გამორიცხული, ისევ გადაიდოს.

წინა მოწვევის პარლამენტში დავაყენეთ საკითხი, რომ კანონპროექტის განხილვა დაჩქარებულიყო, რაზეც მოგვიგეს, წინ არჩევნებია, ამდენად, ეს თემა ახლა ინტერესის საგანს არ წარმოადგენს და პლენარულ სხდომაზე რომ გავიტანოთ, შესაძლოა, ჩავარდესო.

ამჯერად იმავე მოთხოვნით ახალი პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მივმართეთ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ განხილვა შემოდგომამდე გადაიდოს.

- ესე იგი, მდგომარეობა უიმედოა?

- ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმაY 2017 წლისთვის, რომელიც მთავრობამ 29 დეკემბერს დაამტკიცა, მას პრემიერმა მოაწერა ხელი. ეს არის ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მე-6 პუნქტში უკონტაქტო პატრულირებისა და ქულათა სისტემის აუცილებლობაზეა ლაპარაკი. ჩვენ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით გავაგრძელებთ აქტიურობას, პარლამენტი ვალდებულია, დამტკიცებული სამოქმედო გეგმის მიხედვით იმუშაოს.

- ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო უარესდება. ამას რა განაპირობებს?

- პირველ რიგში ის, რომ იმატა ავტომობილებისა და გამოუცდელი მძღოლების რაოდენობამ. ავტოსაგზაო შემთხვევებიც გახშირდა, მით უფრო, რომ ადმინისტრირებისა და აღსრულების მექანიზმი მოშლილია. საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონის ძალაში შესვლას აზრი არ ექნება, თუკი დასჯის სისტემა და მიდგომა თანასწორუფლებიანობის პრინციპზე არ იქნება აგებული და წესების ნებისმიერ დამრღვევს თანაბარ მდგომარეობაში არ ჩააყენებს.

- საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრება ამ მძიმე ვითარებაში ერთადერთი გამოსავალია?

- ქულათა სისტემა დაინერგა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის 28-მდე ქვეყანაში, რამაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პრევენციის წილი მნიშვნელოვნად გაზარდა და საგზაო უსაფრთხოების დონე გააუმჯობესა. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები ცხადყოფს, რომ ქულათა მინიჭების სისტემის შემოღებამ 20-30%-ით შეამცირა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები. ასე რომ, ზემოთ აღნიშნული კანონის ამოქმედება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მდგომარეობას, რაც ათეულობით და, შესაძლოა, ასეულობით სიცოცხლის გადარჩენის ტოლფასია.

შემზარავი სტატისტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში 6432 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული.

ეს მაჩვენებელი 440-ით აღემატება 2014 წლის მონაცემებს. 922-ით მეტია 2013 წლის რეგისტრირებულ შემთხვევებზე და 1073-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს.

2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში 602 ადამიანი დაიღუპა. წინა წელთან შედარებით დაღუპულთა რაოდენობა 91-ით არის გაზრდილი.

გაზრდილია დაშავებულთა რაოდენობაც. - 2012 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 7 734 ადამიანი დაშავდა, 2013 წელს - 8 045, 2014 წელს - 8 536, ხოლო 2015 წელს დაშავებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 651-ით გაიზარდა.

ეკა ასათიანი