"ზიზი ყველაფერს იტანდა, მან კი მოკლა" - კვირის პალიტრა

"ზიზი ყველაფერს იტანდა, მან კი მოკლა"

"ზიზის ყელზე თოკი ჰქონდა შემოხვეული, ექსპერტიზა ჩატარდა და სავარაუდოდ, ყელი აქვს გამოჭრილი..."

"ვახომ თანამშრომელი მოატყუა, ზიზი ბანკშია წასულიო, ცხედარი ოთახში ჩაკეტა და ზიზის მშობლების ეზოში მივიდა..."

4 იანვარს თბილისში, აღმაშენებლის პროსპექტზე, პოლიციის შენობიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, ახალგაზრდა ქალი, ზიზი ურუშაძე, სადისტურად მოკლული იპოვეს. ზიზი ურუშაძის მკვლელობაში ბრალდებული მისი მეუღლე, ვახო სამხარაძე, სამართალდამცავებს თავად ჩაჰბარდა, მან მკვლელობის მიზეზად ეჭვიანობა დაასახელა, მაგრამ ამ ვერსიის კატეგორიულად არ სჯერათ მოკლულის ახლობლებს. მათი მტკიცებით, დამნაშავე ამ გზით ცდილობს მკაცრ სასჯელს თავი აარიდოს. ეჭვობენ, რომ მკვლელობის რეალური მიზეზი ფულია - ბრალდებულს ფული ჰქონდა წაგებული და მეუღლეს ამ თანხას სთხოვდაო.

წყვილი ე.წ. იტალიურ ეზოში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მეზობელი ამბობს, რომ ბინიდან გაიგონა, როგორ სთხოვდა ქმარი ცოლს ფულს.

ზიზის მეგობარი: "ზიზი მაღაზიათა ქსელის მენეჯერი იყო, ყველა საქმეს ის აგვარებდა, საბაჟოზე, ბანკში, საგადასახადოში და სახლში ხშირად ჰქონდა სამსახურის ფული და მეორე დღეს მიჰქონდა საგადასახადოში. ქმარიც, ალბათ, ამიტომ სთხოვდა. ეჭვიანობაზე ლაპარაკი ზედმეტია, ზიზი ძალიან წესიერი იყო, სულ მუშაობდა, ვახო კი მის ნაშრომს ჭამდა...

დარწმუნებული ვარ, ზიზი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ჰყავდა, მაგრამ პრობლემაზე ჩვენთან არ ლაპარაკობდა. 6 წლიდან ვმეგობრობდით, ერთმანეთის ყველა ნაბიჯი ვიცოდით, სულ ერთად ვიყავით და ამ კაცმა დაგვაცილა ერთმანეთს. 2 წუთით რომ შემოირბენდა, დაძაბული იყო, სულ გარბოდა. ვახოს მანამდე სხვა ოჯახი ჰყავდა, ყოფილ მეუღლესთან შვილებიც ჰყავს, მაგრამ მათთან ურთიერთობა არ ჰქონდა. ვახო ვერაზე გაიზარდა. წლების მანძილზე სასამართლოში უმცროს და-ძმას უჩიოდა, მათ მშობლების სახლი გააყიდვინა და წილი წამოიღო. იმ ფულით მანქანა იყიდა, მაგრამ მალე დაამტვრია. ასეთი კაცი იყო ვახო სამხარაძე".

მოკლულის მეგობარი ტრაგედიის დღესაც იხსენებს:

"ზიზი სამსახურში რომ არ მივიდა, დაურეკეს, ტელეფონზე არ პასუხობდა და ამიტომ თანამშრომელი ვახოს შეეხმიანა. წარმოიდგინეთ, მკვლელობა უკვე ჩადენილი ჰქონდა და თანამშრომელი მოატყუა, ზიზი ბანკშია წასულიო. მან ცხედარი ბოქლომით ოთახში ჩაკეტა, შემდეგ ზიზის მშობლების ეზოში მივიდა. იქიდან ზიზის ძმისშვილი გამოიხმო, თავისი მანქანის გასაღები მისცა, უთხრა, შენ გჩუქნიო და მერე სამართალდამცავებს ჩაჰბარდა. შინ რომ მიბრუნებულიყო, ვიღაც შურს იძიებდა და ისიც იცოდა, რომ ჩაბარებით ბრალს შეიმსუბუქებდა. ზიზის ყელზე თოკი ჰქონდა შემოხვეული, ექსპერტიზა ჩატარდა და სავარაუდოდ, ყელი აქვს გამოჭრილი. მთელი სახე დალურჯებული აქვს, შუბლზე - კოპი, ცხვირის ძვალი - გატეხილი, ნიკაპი - მონგრეული, თითის ფალანგები - დამტვრეული. ზიზი ყველაფერს იტანდა, იმიტომ, რომ უყვარდა. მან კი მოკლა", - ამბობს დაღუპულის უახლოესი მეგობარი.

ცისანა მათითაიშვილი, ზიზი ურუშაძის დედა: - ჩემი შვილი 24 საათი მუშაობდა. ეჭვიანი რომ იყო ჩემი სიძე, ამას ვგრძნობდი. რამდენჯერმე ზიზის სამსახურთანაც შევნიშნე, შორიდან უთვალთვალებდა.

ყოველ დილით, სამსახურში წასვლის წინ, მირეკავდა, იმ დღეს რომ არ დარეკა, ვიფიქრე, ალბათ, ტელეფონი არა აქვს დატენილი-მეთქი. ჩემი შვილიშვილი მოვიდა ვარჯიშიდან, პირველის წუთები იყო, ამ დროს დაურეკა ვახომ, ქვევით ჩამოდიო და ბავშვიც ჩავიდა. რომ დაბრუნდა, სულ ცახცახებდა, ვახომ მანქანის გასაღები მომცა და მითხრა, ჩემს მანქანას შენ გჩუქნი, გვერდით ეზოში მყავს დაყენებულიო. ზიზის დავურეკე, მაგრამ ყურმილი არ აიღო, 10 წუთში ისევ დავრეკე, ტელეფონი უკვე გათიშული იყო. ამ დროს ეზოდან ხმა გავიგე, ურუშაძეები სად ცხოვრობენო? ვახოს და და სიძე იყვნენ. შვილიშვილი გავუშვი, ბავშვმა 15 წუთში დამირეკა, პოლიციაში ვარო. მაშინ გავიგე, რომ შვილი აღარ მყავდა.

თეა ხურცილავა