"მედავებიან ადამიანის სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენებას, რაც არ ჩამიდენია" - რა განაცხადა რიტუალურ მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოზე - კვირის პალიტრა

"მედავებიან ადამიანის სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენებას, რაც არ ჩამიდენია" - რა განაცხადა რიტუალურ მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. საუბარია 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის სასტიკ მკვლელობაზე, რომელიც გასული წლის ოქტომბერში მოხდა. გამოძიების ცნობით, ქალი ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდგომ გაგუდეს, ბოლოს დანით მიაყენეს ჭრილობები. ცხედარი დიდ ჩანთაში ჩადეს და მანქანით ერთ-ერთი ბრალდებული ნაქირავებ ბინაში მიიტანეს. გამოძიების მტკიცებით, სწორედ ამ ბინაში დაანაწევრეს ცხედარი, შემდეგ ორ ჩანთაში გადაანაწილეს და გლდანის მე-8 საპყრობილის ახლოს, გაუქმებულ ნაგავსაყრელზე ამოთხრილ ორმოში ჩააგდეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს…  (იხილეთ: კანიბალიზმის საქმე)

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულები არიან: მოკლული ქალბატონის 18 წლის ქალიშვილი ირმა ყოჩიაშვილი, მისი შეყვარებული, 23 წლის ბექა შენგელია და 17 წლის ნინა ჩ. მათთან ერთად დააკავეს ბექა შენგელიას მამიდაშვილი დათა კვარაცხელია და შენგელიას თანაკლასელი ავთანდილ ამირანაშვილი. მათ დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებათ ბრალი.

მომხდარ მკვლელობაში თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს ბექა შენგელია.

"თავს ნაწილობრივ უდანაშაულოდ ვცნობ. მედავებიან ადამიანის სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენებას, რაც არ ჩამიდენია. ის აღარ იყო ცოცხალი და მისი დანაწევრება მოხდა გვამის გადაადგილების მიზნით და არა რაიმე რიტუალური მიზნებისთვის, რაზეც არის საუბარი. ეს განსაკუთრებული სისასტიკე არაა. კი, სასტიკი ქმედებაა, როდესაც ადამიანს გაგუდავ, მაგრამ არა განსაკუთრებული", - აღნიშნა ბრალდებულმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ირმა ყოჩიაშვილს, რომელიც მოკლული ქალის შვილია, ის თავს წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სრულად ცნობს.

"ინტერპრესნიუსი"