"ასეთი ფაქტი უნდა გახმაურდეს და დამნაშავე სამაგალითოდ დაისაჯოს!" - კვირის პალიტრა

"ასეთი ფაქტი უნდა გახმაურდეს და დამნაშავე სამაგალითოდ დაისაჯოს!"

40 წლის მანდატურისა და 15 წლის არასრულწლოვნის დაქორწინების შემთხვევაშიც, მამაკაცი არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან...

"თავიდან მანდატური სასტიკი წინააღმდეგი იყო ამ ქორწინების - ციხეში ჩავჯდები და არ მოვიყვან ცოლად, ჩემი არ არის ეგ ბავშვიო. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ახლა უკვე თანახმაა, გოგო ცოლად მოიყვანოს"

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თერჯოლაში 15 წლის სკოლის მოსწავლე 40 წლის მანდატურისგან იყო ფეხმძიმედ. სკოლის დირექტორმა, სადაც არასრულწლოვანი სწავლობდა და მანდატური მუშაობდა, გვითხრა, რომ მანდატური არასრულწლოვნის ცოლად შერთვას აპირებს. სოფელში ამბობენ, გოგონას ოჯახს საწინააღმდეგო არაფერი აქვსო...

"კვირის პალიტრა" შეეცადა, გაერკვია, რა მოხდა თერჯოლაში. თერჯოლელებმა გვითხრეს, გოგონა და მანდატური კარის მეზობლები არიან, გოგონა ერთი წელია, რაც სოფლის სკოლიდან თერჯოლაში გადმოვიდა. ის ოთხი თვის ორსულიაო.

თერჯოლის რაიონის მკვიდრი: - არც ერთი ოჯახი მომხდარზე არ ლაპარაკობს. მთელი სოფელი კი არა, რაიონია თავზარდაცემული. ვინ იფიქრებდა, ასეთი ამაზრზენი შემთხვევა თუ მოხდებოდა. მე 16 წლის გოგონა მყავს... ასეთი ფაქტი უნდა გახმაურდეს და დამნაშავე სამაგალითოდ დაისაჯოს, რომ მსგავსის ჩადენა ვინმემ ფიქრადაც არ გაივლოს. მანდატურს ყველა კარგად ვიცნობთ, ერუდირებული წყნარი ადამიანია, მას და მის ოჯახს სოფელში პატივს სცემენ, თუმცა მომხდარით შოკირებული ვართ...

- ეს ამბავი როგორ გახმაურდა?

- ჩვენი სოფელი რაიონული ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრშია.

ყველამ ვიცით, რომ გოგონა სკოლაში ხშირად მიჰყავდა მანდატურს. როგორც გავიგე, ერთი კვირის წინ გოგონას უთხოვია ამ მამაკაცისთვის, ექიმთან წამიყვანეო. მასაც წაუყვანია. გინეკოლოგს გაუსინჯავს და ორსულობის დადასტურებისთანავე პოლიციისთვის შეუტყობინებია. იმასაც ამბობენ, ეს მამაკაცი პირველი არ ყოფილა გოგონასთვის და მანდატური გენეტიკურ ანალიზს ითხოვსო.

მჯერა, სიმართლეს სამართალდამცველები დაადგენენ. ამბობენ, დაქორწინებას აპირებენ და ამით უნდათ საქმის ჩაფარცხვაო. ითქვა ისიც, თავიდან მანდატური სასტიკი წინააღმდეგი იყო ამ ქორწინების - ციხეში ჩავჯდები და არ მოვიყვან ცოლად, ჩემი არ არის ეგ ბავშვიო. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ახლა უკვე თანახმაა, გოგო ცოლად მოიყვანოს.

- ამ კაცს ოჯახი არ ჰყოლია?

- არა, თუმცა ადრე სხვა ქალთან ჰქონია ურთიერთობა და ცოლად აღარ მოუყვანია, იმას ვენები გადაუჭრია.

გოგონას ოჯახი სოციალურად დაუცველია და მშობლები პატიოსანი შრომით ირჩენენ თავს. მამამისი ხან შეშას ყიდის, ხან ნაკელს. ერთი მარჩენალი ძროხა ჰყავდათ და ცოტა ხნის წინ მოუკვდათ.

მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება 140-ე მუხლით (სქესობრივი კავშირი ან სხვაგვარი სექსუალური მოქმედება 16 წლამდე ასაკს მიუღწეველთან) დაიწყო. დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იურისტები ამბობენ, რომ მათი ქორწინების შემთხვევაშიც, მამაკაცი პასუხისმგებლობისგან მაინც არ თავისუფლდება.

გოგა ხატიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი: - "უნდა დადგინდეს, რა ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე. ერთია, თუ ძალადობის ფაქტი დადასტურდა, უკვე შეიცავს გაუპატიურების ნიშნებს; თუ სქესობრივი კავშირი დამყარებულია ნებაყოფლობით, აქ საქმე გვაქვს სხვა ტიპის დანაშაულთან - სახელმწიფო იცავს არასრულწლოვნის სქესობრივ ხელშეუხებლობას და დამნაშავე უნდა გასამართლდეს 140-ე მუხლით... არა აქვს მნიშვნელობა, ეს ადამიანები იყვნენ თუ არა, ან იქნებიან თუ არა ფაქტობრივ ქორწინებაში. მათ ჰქონდათ სქესობრივი კავშირი და ეს მუხლი დამნაშავეს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

- საქმე პედოფილიასთანაც გვაქვს?

- შეიძლება შეიცავდეს პედოფილიის ნიშნებსაც, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობა არ იცნობს პედოფილიის შემთხვევებს, მხოლოდ არეგულირებს სხვადასხვა კომპონენტით, თუმცა პედოფილია დასჯად ქმედებად არ გვაქვს მოაზრებული. მაგალითად, 60 წლის მამაკაცი თუ დაამყარებს სქესობრივ კავშირს არასრულწლოვანთან ნებაყოფლობით ან იმავე ასაკის გოგონასთან 20 წლის მამაკაცი დაამყარებს ასევე ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირს, ორივე შემთხვევაში ერთნაირად არეგულირებს კანონი 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

გვქონდა შემთხვევები, როდესაც 58 წლის კაცმა დაამყარა სქესობრივი კავშირი 12 წლის გოგონასთან. დადგინდა, რომ ეს იყო ნებაყოფლობითი კავშირი და მამაკაცს 140-ე მუხლი შეეფარდა. იმავე მუხლით გასამართლდება 20 წლის მამაკაცი, რომელიც 15 წლის გოგონასთან ნებაყოფლობით სქესობრივ კავშირს დაამყარებს.

მიუხედავად დაზარალებულის თანხმობისა, რომ მას თავად სურს ჰქონდეს სქესობრივი კავშირი, სახელმწიფო იცავს არასრულწლოვნის სქესობრივ ხელშეუხებლობას, ანუ მნიშვნელობა არა აქვს დაზარალებულის პოზიციას. ამ მუხლის მთავარი დაცვის ობიექტია 16 წლის ასაკს მიუღწეველი ადამიანის ფიზიკური და ზნეობრივი განვითარება.

"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, უკვე დაკითხულია სკოლის დირექტორი, დაზარალებული და მანდატური, თუმცა ამ დრომდე მამაკაცი არ დაუკავებიათ.

თორნიკე ყაჯრიშვილი