"ვიცი, რომ ჩემი შვილის მკვლელი ასლან ბეჟანიძეა" - კვირის პალიტრა

"ვიცი, რომ ჩემი შვილის მკვლელი ასლან ბეჟანიძეა"

რატომ გაათავისუფლეს დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული

"ეს წლები ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის, მაგრამ იმედი მქონდა, რომ ოდესმე დამნაშავე პასუხს აგებდა, მოულოდნელად კი მკვლელი გამოუშვეს. იმედი მაქვს, სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეები დარახველიძისნაირი უნამუსოები არ იქნებიან"

თბილისში 2004 წელს გამსახურდიასა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მკვლელობა მოხდა. დათო ოთხმეზურს სამი ჭრილობა მიაყენეს. წლების მანძილზე ეს საქმე გაუხსნელი იყო. 2016 წლის 29 მარტს მთავარმა პროკურატურამ ოთხმეზურის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა და ასლან ბეჟანიძე მოწმეების ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს. თუმცა...

"განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გათავისუფლდეს სასამართლო დარბაზიდან", - დაპატიმრებიდან 9 თვის შემდეგ, ასეთი იყო მოსამართლე გიორგი დარახველიძის ვერდიქტი.

2015 წლის 30 აპრილს მოწმე შოთა შანიძემ პირველმა მისცა ჩვენება: "დავინახე, რომ ბეჟანიძემ მოიქნია ხელი და ოთხმეზურს დაარტყა. დათო დაეცა. ბეჟანიძემ კი დანა ჩაარტყა..." ასლან ბეჟანიძის წინააღმდეგ ჩვენება მისცა კიდევ რამდენიმე პირმა...

აღსანიშნავია, რომ ოთხმეზურის მკვლელობის მთავარი მოწმე, შოთა შანიძე სასჯელს ყველაზე მკაცრ, მეექვსე დაწესებულებაში დღესაც იხდის. ის არაერთხელ ნასამართლევია ხულიგნობისა და მკვლელობისთვის. ბოლოს ციხეშიც ჩაიდინა მკვლელობა. 2008 წლის 31 აგვისტოს ფოთის ფსიქიატრიულიდან გაიქცა და დაბა სიონში 2 კაცი მოკლა, მესამე კი დაჭრა. მას სასჯელთა შეკრებითობით 33 წლით ჰქონდა პატიმრობა მისჯილი, მაგრამ ამნისტიის და შეკრებითობის გაუქმების შემდეგ წლები მოაკლდა. ალბათ დღეს გარეთ იქნებოდა, 2014 წელს თანასაკნელი გიგა ფარტენაძე რომ არ მოეკლა, რისთვისაც წლები ისევ დაუმატეს. 2005 წელს შანიძე ირაკლი გურაბანიძის განზრახ მკვლელობის საქმეშიც იყო გარეული...

ოთხმეზურის საქმეზე ჩვენების მიცემიდან ცოტა ხანში ერთ-ერთ მოწმესთან (გიორგი მორჩილაძე) საპროცესო გარიგება გაფორმდა და პატიმრობიდანაც გათავისუფლდა. ბეჟანიძის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის თქმით, შანიძეც ამას ელოდება:

"2004 წელს ოთხმეზურის მკვლელს ვიღაცამ ხელი დააფარა. წლების შემდეგ კი უდანაშაულო პირის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად პროკურატურამ მოიყვანა რამდენჯერმე ნასამართლევი პირები, რომლებსაც ჩვენებების სანაცვლოდ შეღავათები გაუწიეს - საქმის მოწმეებსა და პროკურატურას შორის გარიგება შედგა და ამ ცრუ ჩვენებების სანაცვლოდ ისინი შეღავათებს მიიღებენ... ნაცვლად სარწმუნო მოწმეებისა (მკვლელობის დროს იმ ადგილას უამრავი ხალხი ირეოდა), ბრალდების მხარემ სასამართლოში დასაკითხად მოიწვია პირები, რომლებიც გამოჩნდნენ 11-12 წლის შემდეგ და მანამდე არსად ფიგურირებდნენ. საგულისხმოა, რომ ყველა მოწმე ამბობს, არავისთვის მოგვიყოლია ეს ამბავი და 12 წლის შემდეგ პირველად განვუცხადეთ გამომძიებელსო. ასეთ მოწმეთა ჩვენებების დამაჯერებლობაზე საუბარიც კი ზედმეტია...

გარდა ნასამართლობისა, კითხვის ნიშნებს აჩენს შანიძის მიმართ ჩატარებული არაერთი ექსპერტიზის დასკვნაც - შანიძეს ფსიქიკური პრობლემები აქვს. სხვადასხვა დროს მკურნალობდა ფსიქიატრებთან. არ გამოვრიცხავ, რომ შოთა შანიძე თანამშრომლობისთვის პატიმრობიდან გაათავისუფლონ. მორჩილაძემ ამას უკვე მიაღწია... მორჩილაძე და შანიძე ასლან ბეჟანიძის წინააღმდეგ ჩვენებაზე ხელის მოწერის დროს ერთ საკანში იმყოფებოდნენ. მათი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები არის ნათელი დასტური, რომ ისინი არიან გამოგონილი მოწმეები, რომლებსაც ფაქტი არ უნახავთ..."

დავით ოთხმეზურის მამა, პროფესორი გიორგი ოთხმეზური დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელი ასლან ბეჟანიძეა...

- დათოს სამი ჭრილობა მიაყენა მკვლელმა. თურმე ჩემს შვილს უთხოვია ტელეფონი, რომ დაერეკა, ის არ აძლევდა. ამაზე წაკამათდნენ და დაჭრა დანით.

ჯერ კიდევ საავადმყოფოში მითხრეს ჩემი შვილის მეგობრებმა, რომ ამის ჩამდენი იყო ასლან ბეჟანიძე, რომელსაც ზოგი ატატოს სახელით იცნობდა. ფეხში მიყენებული ჭრილობა არ აკმარა და დანა კიდევ ორჯერ დაარტყა გულსა და ხელში.

მომხდარის მეორე დღეს დარეკა დედაჩემთან სააკაშვილმა და უთხრა, ქალბატონო მარიკა, ამ საქმეს პირად კონტროლზე ავიყვანო, მერე დარეკა გურამ დონაძემ, 2 საათში დამნაშავე ჩაგვბარდებაო. მაგრამ ასე არ მოხდა, დამნაშავე გააპარეს.

- ახლახან მოსამართლემ ბეჟანიძე უდანაშაულოდ ცნო.

- სამარცხვინოა მოსამართლე დარახველიძის განაჩენი, მან მკვლელი გაამართლა. სასამართლოზე ბრალდებულის ადვოკატი ამბობდა, ეს ჭკუასუსტია და სახლში გაუშვითო. მაშინ მოსამართლე ელენე გოგუაძემ ის პატიმრობაში დატოვა, გიორგი დარახველიძემ კი უდანაშაულოდ ცნო. სწორედ მან გაამართლა ბაჩო ახალაია რამდენიმე ეპიზოდში, გაამართლა ჯალათებად ცნობილი "მასტერა" და სხვები, მისი წყალობით დღეს გარეთ არის ჯალათი გაგა მკურნალიძეც. მეტსაც გეტყვით: გლდანში, დედის თვალწინ, ოთხმა ბიჭმა ცემით მოკლა ახალგაზრდა და დარახველიძემ ოთხივე სასამართლო დარბაზიდან გაუშვა.

- 2015 წლამდე რატომ დუმდნენ თქვენი შვილის მეგობრები?

- ჯერ ერთი, არავინ მისულა მათთან და არ უკითხავს მომხდარზე, თანაც ამბობენ, გვეშინოდა დამნაშავის გავლენიანი მფარველებისო. კონკრეტული სახელი და გვარია ცნობილი - მირიან კვეზერელი, რომელიც იმ დროს თბილისის პროკურატურაში საგამოძიებოს უფროსის მოადგილე იყო. ის მფარველობდა ასლან ბეჟანიძეს, დღეს კვეზერელი ბეჟანიძის მამინაცვალია.

- წლების მანძილზე პროკურატურა რას გპასუხობდათ?

- 2010 წელს დაგვიბარეს მე და ჩემი მეუღლე პოლიციის სამმართველოში და გვითხრეს, რომ საქმეს გამოიძიებდნენ, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ. ჩემი მეუღლე დარდს გადაჰყვა... 2015 წელს დამირეკეს პროკურატურიდან, ბეჟანიძე ავიყვანეთო. ახლა სასამართლოზე აპელირებდნენ, ის ჭკუასუსტიაო. მე ეს არ მაინტერესებს, ვიცი, რომ მკვლელი ასლან ბეჟანიძეა.

ამ უბედურების შემდეგ, ბეჟანიძის დედა ხან ამბობდა, არ ვიცი, ჩემი შვილი სად არისო, ხან ამბობდა, ცოლი მოიყვანა და მგონი, ესპანეთშიაო. წარმოგიდგენიათ, 12 წელი სახლში იმალებოდა ჭკუასუსტი ადამიანი და შიშით სახლიდან ფეხს არ დგამდა?

- შანიძის ჩვენების საფუძველზე გაიხსნა ეს მკვლელობა. ის მრავალჯერ ნასამართლევია და შესაძლოა, ამის სანაცვლოდ საპროცესოც გაუფორმონ. მეორე მოწმემ ამ ჩვენების შემდეგ შეღავათი მიიღო. ეს გარემოებები ეჭვებს არ გიჩენთ?

- რა მოხდა, რომ ნასამართლევი არიან მოწმეები, ისინი სიმართლეს ამბობენ! მათ გარდა კიდევ სამი პირი ამხელს დამნაშავეს. ვთქვათ, შანიძე ტყუილს ამბობს, დანარჩენები ხომ ამხელენ?! ერთი მოწმე ამბობს, შემხვდა ბეჟანიძის და და მკითხა, ჩემმა ძმამ ვინ დაჭრა და სად არისო. მეორე მოწმე ამბობდა, ატატომ დაჭრაო. გასაგებია, რომ მისიანებს უნდათ, მათი ჭკუასუსტი შვილი ციხეში არ იჯდეს, მაგრამ რას ფიქრობს მოსამართლე, როცა დამნაშავეს გარეთ უშვებს? რაში უნდა მჭირდებოდეს უდანაშაულო კაცის დაჭერა? ჩემთვის მთავარია, დამნაშავე დაისაჯოს.

ეს წლები ძალიან მძიმე იყო, მაგრამ იმედი მქონდა, რომ ოდესმე დამნაშავე პასუხს აგებდა, მოულოდნელად კი მკვლელი გამოუშვეს. იმედი მაქვს, სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეები დარახველიძისნაირი უნამუსოები არ იქნებიან.

სასამართლო პროცესებსაც ვეღარ გავუძელი, ყველა სხდომას ვერ დავესწარი, რადგან ფარსის ყურება აღარ შემეძლო. ვერ გავუძელი ადვოკატის ტყუილებს... ერთი წამით ეჭვი არ მეპარებოდა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგებოდა, იმდენად ნათელი იყო ყველაფერი.

უსამართლობით შეწუხებული ადამიანი შეიძლება მკვლელად იქცეს. მოსამართლე ჩვენ გვაქცევს მკვლელებად. მეშინია, ქუჩაში ჩემი შვილის მეგობრებს ან ჩემს უფროს შვილს შემთხვევით არ გადაეყაროს დამნაშავე და შური არ იძიონ.

P.S. ცნობილი ადამიანები საზოგადოებას ღია წერილით მიმართავენ:

"ვიმედოვნებთ, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები გამოასწორებენ ამ აღვირახსნილ უსამართლობას და არ დაუშვებენ, რომ ქართულ მართლმსაჯულებას კიდევ ერთი შავი ლაქა მოეცხოს". მიმართვას ხელს აწერენ: ოთარ ჯაფარიძე, კოტე ჯანდიერი, მერაბ ვაჩნაძე, ზაზა აბაშიძე, ნინელი ჭანკვეტაზე, ზაზა მიქაშავიძე, ზაზა შათირიშვილი, მამუკა არეშიძე.

თეა ხურცილავა