"ადევნება" - ქალთა უფლებების დასაცავად კანონში ახალი ცნება ჩნდება - კვირის პალიტრა

"ადევნება" - ქალთა უფლებების დასაცავად კანონში ახალი ცნება ჩნდება

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ოჯახური კონფლიქტების დროს შემაკავებელ ორდერს სასამართლო ამტკიცებს. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, სასამართლოს ჩართულობა საჭირო აღარ იქნება და შემაკავებელი ორდერი გამოცემისთანავე შევა ძალაში...

გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოიწონა. ის 20-მდე კანონს შეეხება და მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცსა თუ ბავშვზე ძალადობასთან ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა.

სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი ცნება "ადევნება" - უკანონო თვალთვალი, სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით არასასურველი კომუნიკაცია, რომელსაც სისტემატური ხასიათი აქვს, შეიცავს მუქარას ან შეურაცხყოფას მსხვერპლის ან მისი ოჯახის წევრების მიმართ და აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი, ამ ქმედებებისთვის მაქსიმალური სასჯელი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება.

"ზოგს ჰგონია, რომ ადევნების მსხვერპლი შეიძლება მხოლოდ ქალი იყოს. არადა, ვიცით რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მამაკაცი იყო საპირისპირო სქესის ადევნების მსხვერპლი. როდესაც ერთი ადამიანი მეორეს მოსვენებას არ აძლევს, ცდილობს ფსიქოლოგიურად იძალადოს, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს, ეს ქმედება იქნება დასჯადი",- ამბობენ იუსტიციის სამინისტროში.

აბორტის იძულებასთან ერთად, დასჯადი ხდება სტერილიზაციის იძულება. სს კოდექსს ემატება ასევე ახალი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ქალთა გენიტალიების დამახინჯების კრიმინალიზაციას.

იმავე დანაშაულის ჩადენა ორსულის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, ამ სახის ცვლილება მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო დროს ქალთა წინადაცვეთის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა. ამ რიტუალს რელიგიური ან ეთნიკური ტრადიციების გავლენით ასრულებენ...

ცვლილებები შედის "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონშიც. თუკი დღევანდელი რედაქციით ოჯახური ძალადობის მსხვერპლს აქვს უფლება, ისარგებლოს უფასო იურიდიული კონსულტაციით, დროებით საცხოვრებელში ყოფნისას კი ეძლევა 30-დღიანი შვებულება, ეს უფლება გავრცელდება ოჯახს მიღმა ძალადობის მსხვერპლზეც...

თუკი ძალადობის მსხვერპლი არ არის საქართველოს მოქალაქე, არაოჯახური ძალადობის შემთხვევებშიც მიიღებს დროებითი ბინადრობის ნებართვას. სამართალწარმოების დასრულებამდე დაუშვებელი იქნება უცხოელის გაძევება საქართველოდან.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ოჯახური კონფლიქტების დროს შემაკავებელ ორდერს სასამართლო ამტკიცებს. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ სასამართლოს ჩართულობა საჭირო აღარ იქნება და შემაკავებელი ორდერი გამოცემისთანავე შევა ძალაში.

ცვლილებები ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მოძალადის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდების ვალდებულებასაც აწესებს. დღემდე ეს ვალდებულება მხოლოდ ოჯახში გამოვლენილი ძალადობის მსხვერპლს ეკისრებოდა.

ცვლილების თანახმად, საპატიმროს ადმინისტრაცია ვალდებულია, მოძალადის გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე წერილობით შეატყობინოს საუბნო პოლიციას დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით, პოლიციამ კი ძალადობის მსხვერპლ ქალს უნდა აცნობოს ამ პირის გათავისუფლების შესახებ.

პროფესიული საქმიანობისას კონფიდენციალურობის დაცვა ევალებათ ექიმებს, მასწავლებლებს, ადვოკატებს, რომ კომპეტენტურ ორგანოებს მიაწოდონ ინფორმაცია ქალებზე ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო შემთხვევებზე, თუკი არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება...

ხშირად მოძალადე დანაშაულს ცეცხლსასროლი იარაღით სჩადის. ძალადობის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება, შეეზღუდებათ ან ეკრძალებათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება; ხოლო, თუკი პირი უკვე ფლობს იარაღს დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში, მას იარაღი ჩამოერთმევა.

როგორც მთავრობაში ამბობენ, მომზადებული ცვლილებებით საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება სტამბოლის კონვენციას, რომლის მიზანია, დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან, გამოიძიოს და აღმოფხვრას ოჯახში ძალადობა, ხელი შეუწყოს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას. იქმნება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს მხარეთა მიერ კონვენციის ცხოვრებაში გატარებას.

საინტერესოა, რა შენიშვნები ექნება კანონპროექტის ავტორებთან პარლამენტს. სწორედ მათზეა დამოკიდებული შევა თუ არა ცვლილებები კანონებში.

თეა ხურცილავა