"ერთი ქალი ხუთ კაცს როგორ მოერეოდა?!" - კვირის პალიტრა

"ერთი ქალი ხუთ კაცს როგორ მოერეოდა?!"

სკოლა რესტორნად არის გადაქცეული. კვირა ისე არ გავა, ღრეობა არ მოაწყონ

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლის საქმის მწარმოებლის, 27 წლის ინეზა ხარაბაძის მიმართ საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა. დაკითხვაზე მისულმა სამართალდამცველებმა მასთან გასაუბრება ვერ შეძლეს, რადგან ხარაბაძე შოკურ მდგომარეობაშია. გავრცელებული ინფორმაციით, მან ხუთ პედაგოგს სცემა და სკოლის ინვენტარი დაამტვრია.

დაზარალებულმა პედაგოგმა დავით ხარაბაძემ განაცხადა, რომ პირველ კლასში გაკვეთილს ატარებდა, როცა ინეზა ხარაბაძე თავს დაესხა და თავში ხელკეტი ჩაარტყა. მისი აზრით, საქმის მწარმოებელი საათების გამო დაუპირისპირდა.

დავით ხარაბაძე, პედაგოგი: - ფეხის მოტეხილობის გამო ორი თვით ბიულეტენზე ვიყავი და გაკვეთილებს ინეზა ატარებდა. გამოჯანმრთელების შემდეგ ჩემი საათები დავიბრუნე. მეუბნებოდა, მეორე ფეხიც უნდა მოგტეხო, რომ სკოლაში ვეღარ მოხვიდეო...

პირველ კლასში გაკვეთილს ვატარებდი, რომ შემოვარდა ხელკეტით და თავში ჩამარტყა. თვალთ დამიბნელდა და წავიქეცი. ბავშვებს შეეშინდათ, ზოგი ატირდა. ხმაურზე შემოვიდნენ სასწავლო ნაწილის გამგე და გვერდით კლასში მყოფი დირექტორი და ინეზა ხარაბაძე კლასიდან გაიყვანეს, ინეზა მეორე სართულზე ავიდა და ვინც შეხვდა, ყველას ფიზიკურად გაუსწორდა. სამასწავლებლოში კი კომპიუტერები, პრინტერი, სკანერი და სხვა ინვენტარი დაამტვრია...

ინეზა ხარაბაძის ძმა ირწმუნება, რომ მის დას პროვოკაცია მოუწყვეს, ამიტომ სარჩელის შეტანას აპირებს სკოლის დირექტორის, სასწავლო ნაწილისა და ოთხი მომჩივანი პედაგოგის წინააღმდეგ.

ენვერ ხარაბაძე, ინეზა ხარაბაძის ძმა: - კონფლიქტი გამოწვეულია იმ ზეწოლით, რომელსაც სკოლის დირექტორი სასწავლო პროცესის განმავლობაში ჩემი დის მიმართ ახორციელებდა. მასზე გამუდმებით ხდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, მის წინააღმდეგ ხლართავდნენ ინტრიგებს.

დირექტორმა ავთანდილ ძირკვაძემ ჩემს დას წაართვა საათები, რის შესახებაც რესურსცენტრსაც ვაცნობეთ და აჭარის განათლების მინისტრსაც. ჩემი და იყო საქმის მწარმოებელი, დირექტორი კი მას ზღუდავდა. ბოლოს იქამდე მივიდა, რომ დოკუმენტებთან მიკარების უფლებას არ აძლევდა და კაბინეტიც კი დაულუქა. დირექტორს თანამშრომლებთან ხელშეკრულებები არ ჰქონდა გაფორმებული. მან ყველა პედაგოგი გადაიბირა, შიდა პრობლემები რომ არ გახმაურებულიყო, მაგრამ მე ყველაფერს სააშკარაოზე გამოვიტან.

ჩემი და ჯოხით არავის შევარდნია, როგორ გგონიათ, ერთი ადამიანი ხუთს მოერეოდა? ჩემი და ისეთ შოკურ მდგომარეობაშია, ვერც კი ველაპარაკებით. გამუდმებით ტირის, ყვირის, ლაპარაკიც არ შეუძლია და საავადმყოფოშიც ვერ მიმყავს. თუ ამდენ კაცს ჩემი და დაესხა თავს, რატომ აქვს თვალები ჩალურჯებული, ხელებზე ნაჩხვლეტები? სცენარი წინასწარ იყო მოფიქრებული. ინეზა სკოლაში რომ მივიდა, იქამდე მიიყვანეს, კონფლიქტში ჩაითრიეს და მერე თვითონ დაესხნენ თავს. სამედიცინო დასკვნაც დაადასტურებს, ვის დაესხნენ თავს და ვინ არის დაზარალებული. ყველაზე მძიმე დაზიანებები ჩემს დას აქვს მიღებული. მათგან, ვინც აცხადებს, თავს დაგვესხაო, არც ერთი საავადმყოფოში არ წაუყვანიათ, და არც მკურნალობა დასჭირვებიათ. ჩემი და ფსიქიკურად გაუწონასწორებელი რომ ყოფილიყო, სკოლაში მუშაობის უფლებას ვინ მისცემდა? ისიც სიცრუეა, თითქოს დირექტორმა ერთი თვით დაასაქმა და საათები მისცა. ამაზე ბრძანებაც კი არ არსებობს.

პედაგოგები, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ, ნაყიდი დიპლომებით მუშაობენ და ყველანი დირექტორის უკანონო ქმედებების თანამონაწილეები არიან.

საქმე ის არის, რომ წინა საღამოს დავით ხარაბაძემ ჩუმად წაიღო ჩემი დის კომპიუტერი (ალბათ, დირექტორმა გაატანა) და ყველა დოკუმენტაცია წაუშალა, დირექტორმა კი კაბინეტი დაუკეტა. ალბათ, ამან გააღიზიანა ჩემი და...

დირექტორის თავგასულობას, მის ფინანსურ მაქინაციებს ბოლო უნდა მოეღოს. დავამტკიცებ, რომ ძირკვაძეს ჰპატრონობს და ფინანსურ მაქინაციებში ხელს უწყობდა აჭარის განათლების მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე. ჩემი დის ხელში იყო ყველა ინფორმაცია, პედაგოგების იურიდიული დოკუმენტაცია. ინეზამ გადაწყვიტა, ყველაფერი მოეწესრიგებინა, მათ შორის - ხელშეკრულებებიც, მაგრამ მისი მოთხოვნის მიუხედავად, მასწავლებლებმა საბუთები არ შეაგროვეს. საბუთების წესრიგში მოყვანის მოთხოვნამ გამოიწვია მათი უკმაყოფილება.

აბსურდია, რომ ერთი ქალი ხუთ ადამიანს გაუსწორდა, მით უმეტეს, მათ ცემის არაფერი ეტყობათ. განათლების სამინისტრო თუ ჩაერევა ამ საქმეში, კარგი იქნება, რადგან აჭარის განათლების სამინისტროში მათ მფარველი ჰყავთ სულიკო თებიძის სახით. უნდა დადგეს სკოლის დირექტორის, სასწავლო ნაწილისა და იმ ოთხი პედაგოგის პასუხისმგებლობის საკითხი.

სკოლა, ფაქტობრივად, რესტორნად არის გადაქცეული. კვირა ისე არ გავა, ღრეობა არ მოაწყონ. ჩემი და მდგომარეობიდან რომ გამოვა, მეტი რამ გაირკვევა.

ნანა ფიცხელაური