"ორი კაცის სიცოცხლე იმსხვერპლეს და პასუხიც კი არავის უგია" - კვირის პალიტრა

"ორი კაცის სიცოცხლე იმსხვერპლეს და პასუხიც კი არავის უგია"

შარშან, 26 აპრილს, ტრაგედია დატრიალდა, - შენობა, სადაც პროექტი "ვარსკვლავების აკადემია" მიმდინარეობდა, ჩამოიქცა და  ორი ახალგაზრდა დაიღუპა. "რუსთავი 2"-ის მემონტაჟეების, ნიკა გელაშვილისა და გიორგი გაბუნიას ცხედრები 14-საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ იპოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ტრაგედიის მიზეზად სამშენებლო კომპანიისა და მშენებლების დანაშაული გამოიკვეთა, თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, პასუხი არავის ეგო. თავიდანვე ითქვა ისიც, რომ კომპანია "არტიქსი", რომელიც შენობას რეკონსტრუქციას უკეთებდა, გავლენიანი პერსონების პროტეჟე იყო. ჭირისუფლების თქმით, საქმე საეჭვო მიმართულებით თავიდანვე ქალაქის მერმა გიგი უგულავამ წაიყვანა.

ის არც შენობის რეკონსტრუქციას ესწრებოდა და არც ამ საქმის ექსპერტია, მაგრამ გვარწმუნებდა, მშენებლები მზიდ კედლებს არ შეხებიან, შენობას მხოლოდ კოსმეტიკურად არემონტებდნენო.

ნუცა თოფჩიშვილი, ნიკა გელაშვილის დედა: - იმის გამო, რომ დანაშაული აშკარა იყო, დააპატიმრეს მშენებელი და წაუყენეს უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, მაგრამ სასამართლო პროცესი არც ჩატარებულა, ისე გაათავისუფლეს დარბაზიდან - დავით გვასალიას საპროცესო გარიგება გაუფორმეს! მისთვის ჯარიმაც კი არ დაუკისრებიათ. სასამართლოს გადაწყვეტილებამ დამარწმუნა, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს სამართალი.

მაშინდელი "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ჩიქოვანი კი დასჯის ნაცვლად ამ ამბიდან ორ კვირაში მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ დანიშნეს. პრეზიდენტი სააკაშვილი რომ გაიძახოდა, 10 დღეში ყველაფერი გამოიკვლიეთ და დამნაშავეები დასაჯეთო, ეს არის დამნაშავეების დასჯა? ადვოკატებმა მალევე დაადგინეს, რომ რეკონსტრუქცია-დემონტაჟი ისე მიმდინარეობდა, რომ ნებართვა და საბუთი არ გააჩნდათ.

რადგან დანაშაულის დაფარვა შეუძლებელი აღმოჩნდა (ყველა სპეციალისტი ამბობდა, რომ შენობა არასწორი რეკონსტრუქციის გამო დაინგრა), სხვა გამოსავალი იპოვეს, - კანონს, სამართალს, ექსპერტიზის დასკვნას ყურადღებაც კი არ მიაქციეს და დამნაშავე დარბაზიდან საქმის განხილვის გარეშე გაუშვეს. დავრწმუნდი, რომ ამ ქვეყანას კლანი მართავს. ორი კაცის სიცოცხლე იმსხვერპლეს და პასუხიც კი არავის მოუთხოვია მათთვის.

მათი ცინიზმით გაოგნებული ვარ. რამდენიმე თვის წინ ჩემთან მოვიდა გიგა ბოკერიას ქვისლი (მისი მეუღლე ამ ფირმის ერთ-ერთი დამფუძნებელია), ვინმე ნინუა, რომელმაც  ირონიულად განმიცხადა, რაო, როგორ წერ, მეორე ირინა ენუქიძე გავხდებიო, მშენებელს ადვოკატსაც ავუყვან, ვუპატრონებ კიდევაც და თუ გინდა, შენც დაგიქირავებ ადვოკატსო. ვუთხარი, თქვენ ბოკერიას იმედით ხართ დიდ გულზე-მეთქი. ბოკერიას სულ არ ვიცნობ, თვალითაც არ მინახავს არასოდესო. ბოკერიას ქვისლი მეუბნება, რომ თურმე ქვისლს არ იცნობს. შვილი მომიკლეს და ასეთ ცინიზმს და თვალებში ნაცრის შეყრასაც აღარ თაკილობენ.

ჩემს შვილს ვერავინ გამიცოცხლებს, არც ისე ვარ გაბოროტებული, ყველას სიკვდილი და ჩამოხრჩობა მინდოდეს, მაგრამ დამნაშავეები არ უნდა დაისაჯონ? სამი დღე შენობა ყანყალებდა, არ გამოჩნდა ერთი სპეციალისტიც კი, რომელიც გააფრთხილებდა შენობაში მყოფ ხალხს. ორი წერილი მივწერე პრეზიდენტს, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიმიღია.

დეკემბრის ბოლოს პროკურატურაში წერილი გავგზავნე, სადაც საქმის ხელახალ გამოძიებას ვითხოვდით და არც ამჯერად გამხადეს პასუხის ღირსი. როგორც იქნა, მთავარ პროკურორ ზოდელავამდე მივაღწიე. სანამ საუბარს დავიწყებდი, ზოდელავამ დამასწრო, მითხრა, დანაშაულია, რომ მშენებელი გაათავისუფლეს დარბაზიდან. ამ თანამდებობაზე რომ მოვედი, პირველი, რაც გავაკეთე, ის იყო, რომ ამ საქმის პროკურორი თანამდებობიდან დავითხოვეო. მართალი გითხრათ, არ მჯერა.

ის პროკურორი, რომელიც საპროცესო გარიგებით დამნაშავის გათავისუფლებას ითხოვდა, ლოყებაწითლებული ძლივს ლუღლუღებდა პროცესზე, სირცხვილით იწვოდა კაცი. აპოლონ დანელიას რომ მითითება არ ჰქონოდა ამ საპროცესო გარიგების გაფორმებაზე, გაბედავდა ამას? ვის უბრმავებენ თვალებს, ვის სჯერა ამისი?

უდანაშაულო ხალხს არ უფორმებენ საპროცესო გარიგებას და ორი ახალგაზრდის სიკვდილში ბრალდებულ კაცს 4 თვეში პროკურორის ინიციატივით უშვებენ? ზოდელავას ვუთხარი, ხუთი თვეა ჩემი წერილი გიდევთ პროკურატურაში საქმის ხელახალ გამოძიებაზე და პასუხი მაინც გამეცით-მეთქი. მითხრა, საქმის თავიდან გამოძიებაზე ლაპარაკი ზედმეტიაო. სამაგიეროდ მირჩია, პოლიტიკოსებს თავს ნუ გამოაყენებინებთო.

ვიმეორებ, არ მინდოდა ამ საქმის პოლიტიზება, ქუჩაში გასვლა და პრესკონფერენციების ჩატარება, მაგრამ იძულებული გამხადეს. ცხადია, იმავე დღეს დაიწყეს საქმის ჩაფარცხვა.

თეა კახიანი, ნიკა გელაშვილის მეუღლე: - ერთადერთი ადგილი, სადაც მტყუან-მართალი უნდა გაირკვეს, სასამართლოა, სასამართლომ კი ეს საქმე საერთოდ არ განიხილა. მათ, ვისაც დღევანდელ სამართალდამცავ სტრუქტურებთან საქმე არ ჰქონიათ, წარმოუდგენლად ეჩვენებათ ის, რასაც ვყვები. ვერ წარმოუდგენიათ, რომ XXI საუკუნეში შეიძლება ასეთი უსამართლობა ხდებოდეს. მართლაც ძნელი დასაჯერებელია, რომ ქვეყანაში არის კასტა, რომელიც არად დაგიდევს კანონს, არადა ეს სრული სიმართლეა. სასამართლო და საგამოძიებო სტრუქტურები მხოლოდ ნიღაბია, ფასადი, თითქოს ქვეყანა ვართ და ვითომ სახელმწიფო ინსტიტუტები გვაქვს.

მეგონა, ჩვენ იმიტომ ვერაფერს გავხდით, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა ოჯახების წევრების ინტერესებს შევეხეთ-მეთქი, არადა, დავრწმუნდი, რომ სამართალი არც სხვებისთვის არის ამ ქვეყანაში. პროკურატურამ 10 დღეში უნდა გასცეს პასუხი ნებისმიერ საჩივარს, ჩვენ კი ხუთი თვეა პასუხი არ გვაღირსეს. ვის მივმართოთ, სად ვიპოვოთ სამართალი?

მერაბ ჩიქოვანი, ადვოკატი: - ვითხოვთ წინასწარი გამოძიების დაწყებას იმ ფაქტებზე, რომელთაც ყურადღება არ მიაქციეს გამომძიებელმა და ზედამხედველმა პროკურორმა. საქმეში დევს ლევან სამხარაულის სახელობის ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მიუთითებს, რომ შენობაში რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა, ამ დროს კი გამოძიებამ "დაადგინა", რომ თურმე რეკონსტრუქცია კი არა, "კოსმეტიკური რემონტი მიმდინარეობდა".

საქმე ის არის, რომ რეკონსტრუქციისთვის საჭიროა მერიის არქიტექტურის სამსახურის ნებართვა, რაც სამშენებლო კომპანიას არ გააჩნდა. აშკარაა, რომ რეკონსტრუქციასთან ერთად  მიმდინარეობდა დემონტაჟიც, რასაც ასევე სჭირდება ნებართვა.

არ შეიძლება  პროექტი და  შენობის რეკონსტრუქცია-დემონტაჟი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდეს. "რუსთავი 2"-ს "ვარსკვლავების აკადემიის" პროექტის ყველა მონაწილესთან, მათ შორის ტექნიკურ პერსონალთანაც, გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულებები, სადაც მითითებული იყო, რომ პროექტში მონაწილე პირებს არ ჰქონდათ უფლება, დაეტოვებინათ შენობა და ვალდებული იყვნენ, ყოფილიყვნენ იმ შენობაში, რომელსაც სთავაზობდა "რუსთავი 2".

ირაკლი ჩიქოვანმა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩააყენა პროექტ "ვარსკვლავების აკადემიის" მონაწილენი, რადგან მათ არ ჰქონდათ საშუალება, მიეღოთ ზომები თავის დასაცავად, დაეტოვებინათ შენობა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და გულისხმობს ისეთ მოქმედებას, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლისათვის რეალურ და კონკრეტულ საფრთხეს. ამ კონკრეტულ შემთხვევას კი, საფრთხეზე აღარაფერს ვამბობ, ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.