"მძღოლს ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდა" - ახალი დეტალები ავარიის შესახებ, რომელსაც 26 წლის სოფო ბერიძე შეეწირა - კვირის პალიტრა

"მძღოლს ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდა" - ახალი დეტალები ავარიის შესახებ, რომელსაც 26 წლის სოფო ბერიძე შეეწირა

24 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. სოფო ბერიძე, რომელიც საბედისწერო შემთხვევის დროს, ტაქსით გადაადგილდებოდა, ადგილზე დაუღუპა... თვითმხილველთა განცხადებით, ავარია ML-ის მარკის "მერსედესის" მძღოლის მიზეზით მოხდა, რომელიც მანქანას გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა და მოძრაობის საპირისპირო ზოლში შეიჭრა.

3 თებერვალს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოძიებამ მომხდარში ბრალდებულად სწორედ ML-ის მარკის "მერსედესის" მძღოლი გიორგი (გიბო) ჯაფარიძე დააკავა.

საქართველოს პროკურატურამ კი თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულსთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით უკვე მიმართა.

პროკურატურის განცხადებით, "გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე გიორგი ჯაფარიძემ, რომელიც მართავდა "მერსედესის" მარკის ავტომობილს, დაარღვია "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები, მის წინ თანმხვედრად მიმავალ ავტომობილზე გასწრების მიზნით გადაკვეთა ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა სავალი გზის საპირისპირო ზოლში, სადაც შეეჯახა "ოპელის" მარკის ავტომობილს, რომელსაც მართავდა ნუგზარ ხაჯალია და "მერსედესის" მარკის ავტომობილს, რომელსაც მართავდა მექი დანელია.

ავტოავარიის შედეგად ავტომობილ "ოპელის" მგზავრი სოფიო ბერიძე მიღებული დაზიანების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მგზავრმა მურმან ფალიანმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო მექი დანელიამ და ნუგზარ ხაჯალიამ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები".

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, დაიკითხნენ მოწმეები და დაზარალებულები, დანიშნული და ჩატარებული იქნა სასაქონლო, სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური, სასამართლო სამედიცინო და ნარკოლოგიური ექსპერტიზები. მოპოვებული იქნა შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა.

"სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო გიორგი ჯაფარიძის მიერ

"საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის შედეგად. ასევე, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად გიორგი ჯაფარიძეს ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება "ტეტრაჰიდროკანაბინოლის" (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი. 2017 წლის პირველ თებერვალს ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა გიორგი ჯაფარიძის დაკავების შუამდგომლობით, რაც სასამართლოს მიერ 2 თებერვალს დაკმაყოფილდა. 3 თებერვალს გიორგი ჯაფარიძე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილებით, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა). საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილებით, რაც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს გიორგი ჯაფარიძე დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ახლობელი იყო, შესაბამისად, თითქოს საქმის მიჩქმალვას ცდილობდნენ. ამის თაობაზე კომენტარი ვიქტორ ჯაფარიძემ "ამბები.გე"-სთან გააკეთა:

"ჩემი ნათესავი არ არის. მეც ტელევიზით გავიგე, როგორც სხვა ყველამ. რა კრიმინალური კავშირი, ვინ რა სიტუაციას ალაგებს, რა კომენტარი გავაკეთო? ვიცნობ ამ ადამიანს, 22-23 წლის ბიჭი იქნება, მოჭიდავე იყო, სპორტსმენი ბიჭია, მძღოლი ის იყო, მაგრამ ვიცი, რომ ნასვამი არ იყო. სამწუხაროა, რომ გოგონა დაიღუპა, მეორე ადამიანი კი მართვით სუნთქვაზეა, ამაზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, თუ ვინ რა სისულელეს წერს. გამოძიება გაარკვევს ყველაფერს"