ტრაგედია ბათუმში - კვირის პალიტრა

ტრაგედია ბათუმში

მეზობლები ვარაუდობენ, რომ მამაკაცი უცაბედი შეტევით გარდაიცვალა, დედა კი, რომელიც შვილს უხმობდა და ხმა ვერ მიაწვდინა, გაჭირვებით წამოდგა საწოლიდან, როცა შვილი გარდაცვლილი ნახა, კარისკენ წავიდა და ელდით გარდაიცვალა

31 იანვარს ბათუმში, ინასარიძის ქუჩის 14 ნომერში დედა-შვილის ცხედრები იპოვეს. ვარაუდობდნენ, რომ დედა-შვილი სიცივით გაიყინა, რადგან ოჯახს დავალიანების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი 26 იანვრამდე, ანუ ელექტროენერგიის შეწყვეტამდე არიან გარდაცვლილი. მეზობლები ამბობენ, რომ ქალს გული აწუხებდა, მის ვაჟს კი ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ისინი ბათუმის მერიისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ყველა ბენეფიტით სარგებლობდნენ. 2006 წლიდან ჩართული იყვნენ სოციალური დახმარების პროგრამაში. მეზობლების თქმით, ერთმანეთს სახლის გასაღებს უმალავდნენ და არ არის გამორიცხული, როდესაც მამაკაცი ცუდად გახდა, დედამ გასაღები ვერ იპოვა და მეზობლებს ხმა ვეღარ მიაწვდინა. ამ ვარაუდს ამყარებს ის, რომ მამაკაცი ოთახში იპოვეს, დედა კი კართან. ამასთან, როგორც ითქვა, მამაკაცის გვამი უკვე ხრწნის პროცესში იყო, ქალის კი - არა. მეზობლები ვარაუდობენ, რომ მამაკაცი უცაბედი შეტევით გარდაიცვალა, დედა კი, რომელიც შვილს უხმობდა და ხმა ვერ მიაწვდინა, გაჭირვებით წამოდგა საწოლიდან, როცა შვილი გარდაცვლილი ნახა, კარისკენ წავიდა და ელდით გარდაიცვალა.

დავით ჯაიანი, მეზობელი: - ჯანიკო სარჯველაძე და ვაჟა გოგაძე ამ ქუჩაზე 1973 წელს გადმოვიდნენ. ხშირად ჩხუბობდნენ, სამ-ოთხ წელიწადში დაშორდნენ. ორი ვაჟი ჰყავდათ, რომელთაც დედა ზრდიდა, ქალი მუხლჩაუხრელად შრომობდა, რომ არაფერი მოჰკლებოდა შვილებს... უფროსი, ამირანი, ჯარიდან ფსიქიკაშერყეული დაბრუნდა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. ერთი პერიოდი გამოკეთდა და შინ დააბრუნეს. რამდენიმე წლის შემდეგ ჯარიდან დაბრუნებულ უმცროს ვაჟს, შალვასაც ფსიქიკური პრობლემები შეექმნა, ოღონდ მსუბუქ ფორმაში. გადავწყვიტე, მხარში ამოვდგომოდი და ჩემთან სამსახურში დავასაქმე. მალე დაავადება გაუმწვავდა და სამსახურის მიტოვება მოუხდა. წლები გადიოდა და ძმების ფსიქიკური მდგომარეობა მწვავდებოდა. ხშირად ჩხუბობდნენ, ბოლოს მათი ერთად ცხოვრება აღარ შეიძლებოდა, ამიტომ ერთ-ერთი ყოველთვის ფსიქიატრიულში იყო, მეორე - შინ. ამასობაში ჯანიკო მძიმედ დაავადდა, საწოლიდან ადგომა და სიარული აღარ შეეძლო. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი სოციალური დახმარების პროგრამაში ჩასვეს, ჰქონდათ პენსია, სარგებლობდნენ უფასო სასადილოთი.

- არავინ აკითხავდათ?

- ჯანიკოს დისშვილი მოდიოდა თვეში ერთხელ, ულაგებდათ და ურეცხავდათ. მიუხედავად იმისა, რომ შალვა და ამირანი ფსიქიკურად დაავადებულები იყვნენ, არანაკლებ ყურადღებას აქცევდნენ დედას, ამირანს სასადილოდან მოჰქონდა საკვები, შალვა კი ამ ტრაგედიამდე რამდენიმე ხნით ადრე, ფსიქიატრიულში ჰყავდათ გადაყვანილი. ბოლო რამდენიმე დღე ამირანი რომ აღარსად შემხვდა, მივაკითხე. დავუკაკუნე კარზე. ხმა არავის გაუცია.

- პატრული ვინ გამოიძახა?

- მე. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გააღეს კარი. საშინელი სუნი გამოვარდა. დედა-შვილი გარდაცვლილი ნახეს.

- თქვენც შეხვედით ოთახში?

- არ მომცეს ნება... საწყალი ამირანი ლოგინში ნახეს გარდაცვლილი, ჯანიკო კართან იყო წაქცეული...

- თავიდან ითქვა, გაიყინნენო...

- ასეთი ეჭვი იყო. გადაუხდელობის გამო, გათიშული ჰქონდათ ელექტროენერგია...

- შალვა ფსიქიატრიულიდან რომ გამოვა, შინ მარტო უნდა იყოს?

- არ ვიცი, როგორ უნდა იყოს ავადმყოფი კაცი მარტო...

"ენერგო-პრო-ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც დაადასტურა, რომ აღნიშნულ მისამართზე დენის მიწოდება დავალიანების გამო 26 იანვარს შეწყდა.

სალომე ვარდიაშვილი, ენერგოომბუდსმენი: - "ენერგო-პრო-ჯორჯიადან" გამოვითხოვეთ საბუთები. გასარკვევი იყო, რა გახდა ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზი და მიმართა თუ არა აბონენტმა "ენერგო-პრო-ჯორჯიას" გადასახადის გადავადებასთან დაკავშირებით... საუბარია სამედიცინო ცნობაზე, ვინაიდან, თუ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ადგება საფრთხე, უნდა წარადგინონ დოკუმენტაცია, რის შემდეგაც კომპანია ვალდებულია, გადაავადოს გადახდის ვადა გონივრული ვადით, რომელიც ერთ თვეზე ნაკლები არ უნდა იყოს... ჯერ ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია, თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ასეთი თხოვნით არ მიუმართავს აბონენტს.

ოფიციალურ ვერსიას შსს სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნის შემდეგ წარადგენს...

თორნიკე ყაჯრიშვილი