"გამწარებული დედა უნდა ფიქრობდეს, შვილის სიკვდილში დამნაშავეს დაიჭერენ თუ არა?!" - კვირის პალიტრა

"გამწარებული დედა უნდა ფიქრობდეს, შვილის სიკვდილში დამნაშავეს დაიჭერენ თუ არა?!"

გამოძიების ინფორმაციით, "რუსთაველის" მეტროდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი შავი "ემელის" მძღოლმა წინ მიმავალი მანქანის გასწრება გადაწყვიტა და დიდი სისწრაფით გადაკვეთა უწყვეტი ზოლი, სადაც "ოპელის" ტაქსის შეეჯახა, რომელშიც სოფო ბერიძე იჯდა. "ოპელის" გზიდან გადაგდების შემდეგ "ემელი" "მერსედესის" მარკის კიდევ ერთ ტაქსის შეეჯახა

24 იანვარს, 23 საათსა და 30 წუთზე, თბილისის მთავარი პროსპექტი შემზარავი შემთხვევის მოწმე გახდა - სამი მანქანის შეჯახების დროს 26 წლის სოფო ბერიძე გარდაიცვალა, ოთხი კაცი კი დაშავდა. სოფო ბერიძე "ოპელის" მარკის ტაქსით გადაადგილდებოდა, რომელსაც ჩაჯდომიდან ერთ წუთში ჯიპი შეეჯახა. სოფო ბერიძე ქუთაისში მუშაობდა და თბილისში სტუდენტ ძმასთან სტუმრად იმყოფებოდა.

მოწმის სახით დაკითხული შემთხვევიდან 10 დღეში დააკავეს

ავარიის შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ემელის" მძღოლს, გიორგი ჯაფარიძეს გავლენიანი მფარველები ჰყავდა, რომლებიც მისი პასუხისმგებლობისგან დახსნას ცდილობდნენ. ამან საზოგადოება გააღიზიანა და ჯაფარიძის დაკავების მოთხოვნით საპროტესტო აქციაც გაიმართა.

შემთხვევიდან მეათე დღეს გიორგი ჯაფარიძე ბრალდებულის სახით დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ჯაფარიძეს "მარიხუანას" მოხმარება დაუდგინდა.

რა ელის "ემელის" მძღოლს - საპროცესო გარიგება თუ თავისუფლების აღკვეთა?

გელა ნიკოლაიშვილი, იურისტი: - პრაქტიკაა ასეთი ჩამოყალიბებული - როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მხარეებს შორის ურთიერთობას. ეს არის გაუფრთხილებლობითი და არა განზრახი დანაშაული და თუ მხარეები შეთანხმდებიან, რომ დამნაშავე დაზარალებულს უპატრონებს, და თუ შემთხვევის დროს იგი ფხიზელი იყო, არა აქვს ნასამართლობა და ა.შ., ასეთი შემთხვევები საპროცესო გარიგებით მთავრდება. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული მხარის ინტერესებშიც შედის დამნაშავე მძღოლის დასჯა - საქმე სასამართლომდე მიდის. საქმის განხილვის შემდეგ თუ დადასტურდა მძღოლის ბრალეულობა და არა იმისი, ვინც დაიღუპა, ამ შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თუ დაზარალებული არ ჩივის, მაშინ ჩამოყალიბებული პრაქტიკის მიხედვით, პროკურატურა აფორმებს საპროცესო გარიგებას. დაზარალებული მხარის თანხმობის მიუხედავად, პროკურატურას აქვს უფლება, მაინც გააფორმოს საპროცესო. სასამართლოს რაც შეეხება, მას არა აქვს პირობითი სასჯელის შეფარდების უფლება, ვინაიდან ეს მძიმე დანაშაულია.

"სანქციები გასამკაცრებელია!"

ვასილ ურუშაძე, ექსპერტი საგზაო უსაფრთხოების საკითხებში: - ამ კონკრეტულ შემთხვევაში აშკარა იყო დარღვევა, როცა მძღოლი უწყვეტ ზოლში გადაჭარბებული სიჩქარით მიდიოდა. საუბარი იყო იმაზეც, რომ მძღოლი აწარმოებდა მოლაპარაკებას დაზარალებულის ოჯახთან, ანუ ფინანსური გარიგების საფუძველზე ცდილობდა, დაუსჯელი დარჩენილიყო. გამოდის, ჩვენ შეგვიძლია, მოვაწყოთ ავარია, რასაც შეიძლება მოჰყვეს ადამიანის დაღუპვა ან დაშავება და მერე ფინანსური რესურსებით, კონტაქტებით და ა.შ. თავი ავარიდოთ სასჯელს. ამ შემთხვევაში მკაფიოდ უნდა იყოს კანონმდებლობა მოწესრიგებული, რათა ყველა დამნაშავე მძღოლი იყოს თანასწორი, იმის მიუხედავად, აპროტესტებს თუ არა დაზარალებული მხარე. ამ შემთხვევაში დიდი გავლენა იქონია საზოგადოებრივმა აზრმა და რეაქციამ იმაზე, რომ დამნაშავე დასჯილიყო. თუმცა, ის, რომ შსს დასჯის მძღოლს, არ არის გამოსავალი, ეს უკვე შემდგარი დანაშაულის აღსრულებაა. პრევენცია არის ის, რომ ვებრძოლოთ იმ მიზეზებს, რაც იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევებს. აუცილებლად უნდა გამკაცრდეს სანქციები ნასვამი მძღოლებისთვის.

იყვნენ თუ არა მფარველები?

მომხდარიდან მეორე დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ემელის" ჯიპის მძღოლი გიორგი (გიბო) ჯაფარიძე იმ მიზეზით არ დააკავეს, რომ მას მისი მოგვარე ვიქტორ ჯაფარიძე და მინისტრი სოზარ სუბარი მფარველობენ. მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ საინფორმაციო საშუალებებით უარყო ეს და განაცხადა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, რომლისგან დაზღვეული არავინ არის. ესკატეგორიულად უარყო სოზარ სუბარმაც.

მძღოლის ახლობლების ვერსია - საბედისწერო ქვეითი

ჯაბა კ., გიორგი ჯაფარიძის ახლობელი: - გიორგი და მისი ძმა ძიუდოისტები არიან, მესტიაში კარგი სახელით სარგებლობენ. სამწუხარო ამბავი მოხდა... როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია, მძღოლი ნასვამი იყოო, არ დავიჯერეთ, ვინაიდან გიორგი არც სვამს და არც ეწევა. მას არც კრიმინალური წარსული აქვს. ამბობენ, რომ გიორგი სხვისი მანქანით იყო, როგორც ვიცი, მას მანქანა არც ჰყავს. არც ის მჯერა, რომ გიორგის ვიქტორ ჯაფარიძე და სოზარ სუბარი აფარებენ ხელს. მატერიალურად არც დიდად შეძლებული ხალხია. ჩვენ ასე ვიცით, რომ გიორგიმ ფეხით მოსიარულეს აარიდა მანქანა და ამიტომ დაეჯახა ტაქსის.

"სოფოს მამა დაკრძალვის წინა დღეს გაუჩინარდა"

დათო, სოფო ბერიძის ოჯახის ახლობელი: - სოფოს დაკრძალვის წინადღეს სოფოს მამა გიორგი გაუჩინარდა და დღემდე არავინ იცის მისი ასავალ-დასავალი. კაცი შვილის დაკრძალვას არ დასწრებია. სოფოს ოჯახში ენით აუწერელი უბედურება ტრიალებს. ეს არ კმაროდა, რომ ჭორი გაავრცელეს, ოჯახი ავარიაში დამნაშავეს გაურიგდა და ფული აიღოო. ეს ოჯახი შვილის ხსოვნას ფულზე არ გაყიდის.

რას ჰყვება სოფო ბერიძის დედა

"კვირის პალიტრა" დაღუპული სოფო ბერიძის დედას დაუკავშირდა.

შორენა მუშკუდიანი: - როცა საუბარი და მითქმა-მოთქმა დაიწყო იმაზე, ავარიაში დამნაშავის ოჯახი სოფოს მშობლებს გაურიგდაო, ისედაც გაუბედურებული, ამან საერთოდ გამაგიჟა. სამძიმარზე ორჯერ იყვნენ იმ ოჯახის წევრები მოსულები, მათ სამძიმარი ნამდვილად უნდა ეთქვათ ჩემთვის, ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვეს და არ უნდა მოესამძიმრებინათ? ჩემი შვილის სახელი ფულზე არ გაყიდულა და არც არასოდეს გაიყიდება. რისთვის უნდა სოფოს დედას სოფოს შემდეგ ფული?! საღ-სალამათი შვილი ხელიდან წამში ისე გამომეცალა, მომხდარის დაჯერება და გაანალიზება დღესაც მიჭირს. მე ისეთი შვილი მყავდა, მის სპეტაკ სახელს აუგად არავის მოვახსენიებინებ.

ჩემს ტკივილს აწი არაფერი შეამსუბუქებს. როდესაც გავიგე, რომ თითქოს დამნაშავეს ხელს აფარებენ, ეს ვერ ავიტანე. როგორ, კანონი არ უნდა არსებობდეს და გამწარებული დედა უნდა ფიქრობდეს იმაზე, დაიჭერენ თუ არა შვილის სიკვდილში დამნაშავეს? დამნაშავეს შვილმკვდარ დედაზე მეტად გამოძიების და სასამართლოსი უნდა ეშინოდეს, რომელთა ობიექტურობის იმედი ჯერ კიდევ შემრჩენია. არავინ მძულს, არავის ვწყევლი, არც ერთი ადამიანის გამწარებას არ ვთხოვ უფალს. ღმერთმა ყველას შვილი დაიცვას განსაცდელისგან. დაე, მე ვიყო ბოლო დედა, ვინც შვილი მიწას მიაბარა.

არის თუ არა პატრული ლოიალური დამრღვევების მიმართ

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანთან ინტერვიუ რუსთაველის გამზირზე მომხდარი ავარიის თემით დავიწყეთ.

- არსებობს მოსაზრება, რომ საზოგადოების რეაქციამ განაპირობა, რომ სამართალდამცველებმა დააკავეს "ემელის" მძღოლი, რომლის დაუდევრობითაც რუსთაველის პროსპექტზე გოგონა დაიღუპა.

- ეს შემთხვევა მრავალკომპონენტიანი იყო, მასში სამი ავტომობილი მონაწილეობდა, იყო რამდენიმე თვითმხილველი, რომელთა ჩვენებები, ასევე, ექსპერტიზების ჩატარება იყო საჭირო. ჩვენ არ შეგვიძლია ადამიანს ბრალი წარვუდგინოთ მხოლოდ საზოგადოების აზრისა და განწყობის მიხედვით. გამოძიებას უნდა ჰქონდეს პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები და ექსპერტიზის პასუხები. თუმცა ვერდიქტს მაინც სასამართლო გამოიტანს.

- ქვეყანაში კატასტროფულად გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევები, რა არის მიზეზი?

- უწინარეს ყოვლისა ის, რომ კატასტროფულად გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა. მხოლოდ თბილისში ნახევარ მილიონამდეა და საპატრულო პოლიცია ვერ მოახერხებს ყველა ავტომანქანის თვალყურს. შსს-მ კარგა ხნის წინ შეიმუშავა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონპროექტი, რომელიც განსახილველად პარლამენტს გადაეცა. პარალელურად, დავიწყეთ ე.წ. ჭკვიანი კამერების პროექტზე მუშაობა და მისი დანერგვა. "ჭკვიანი კამერები" პატრულის ჩაურევლად დააფიქსირებენ დარღვევებს და რეაგირებასაც მოახდენენ. კამერები დაკავშირებული იქნება შსს-ს ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრთან, რომელიც საუკეთესო უცხოური გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა. საპატრულო პოლიციამ შეისწავლა ყველა ის სახიფათო ადგილი, სადაც მეტია ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი და მისცა ადგილობრივ თვითმმართველობებს რეკომენდაცია, სად უნდა განათავსონ კამერები.

სამწუხაროდ, ჩვენი მძღოლები არ მიეკუთვნებიან კანონმორჩილთა კატეგორიას. ჩვენ ვცდილობთ, კანონმორჩილების კულტურა საზოგადოებაში ბავშვობიდანვე ჩამოყალიბდეს. შსს-ს სოციალურ კამპანიაში "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის" ჩართული არიან საზოგადოების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, მწერლები, მსახიობები და ა.შ.

ავტოავარიების მიზეზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ერთ-ერთია, მაგალითად, ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობა. დღეს არ მუშაობს ტექდათვალიერების კომპონენტი და ამას სამწუხარო შედეგიც მოსდევს. შეამჩნევდით, რომ ზოგიერთ მძღოლს მანქანაში წებოვანი ლენტით აქვს დამაგრებული ესა თუ ის ნაწილი. ჩვენ ამაზეც ვრეაგირებთ და ვაჯარიმებთ.

- თუმცა ვერ უარყოფთ, რომ პატრული დაჯარიმებისას ზოგჯერ ლოიალურია. რატომ არ აჯარიმებთ ხშირად დამრღვევ მძღოლებს?

- ჩვენს ხელთ არსებული ადამიანური რესურსი არ ჰყოფნის ყველა პრობლემას. ამასთან, საპატრულო პოლიცია სადამსჯელო რაზმი არ არის და ზოგჯერ უფრო ეფექტიანია, გაესაუბრო მძღოლს, აპატიო დარღვევა და არ გამოუწერო ჯარიმა. რა თქმა უნდა, გააჩნია დარღვევასაც. რეაგირების გარეშე არ რჩება თავზე ხელაღებული მძღოლების დარღვევები, რომელთა ქმედებაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და სხვა მძღოლებს.

ნანა ფიცხელაური