"დავიწყე ფიქრი, როგორ მომეკლა მშობლები" - ირმა ყოჩიაშვილის ჩვენების სკანდალური დეტალები - კვირის პალიტრა

"დავიწყე ფიქრი, როგორ მომეკლა მშობლები" - ირმა ყოჩიაშვილის ჩვენების სკანდალური დეტალები

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის შემზარავი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა. ბრალდებულებმა პირველივე სასამართლო სხდომაზე აღიარეს დანაშაული, მათ შორის - ცხედრის დანაწევრებაც და ყველაზე სასტიკი მკვლელობის დეტალზე საჯაროდ ისაუბრეს.

როცა ასეთ სისასტიკეს ისმენ, გიჩნდება კითხვა - არიან თუ არა ისინი ფსიქიკურად შეურაცხადები. საქმეში არსებობს ექსპერტიზის დასკვნები - არც ერთი მათგანი შეურაცხადი არ აღმოჩნდა, მაგრამ ცხადია ისიც, რომ სრულიად ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი ასეთ სისასტიკეს ვერ ჩაიდენს. ირმა ყოჩიაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა სამმა ექსპერტმა შეისწავლა და მათ მიერ გაცემულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ მას აღენიშნება არაფსიქოზური დონის - შერეული პერსონოლოგიური აშლილობა.

შოკისმომგვრელია გამოძიებისთვის მიცემული მისი ჩვენება, რომელსაც ჟურნალი "გზა" აქვეყნებს, გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

"...7 წლის ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ომარ და ლუბა ყოჩიაშვილების ბიოლოგიური შვილი არ ვიყავი, მას მერე მათთან ურთიერთობა გამიფუჭდა... არ მივდიოდი სახლში და დავიწყე სხეულის დასვირინგება, რის გამოც მშობლები გამუდმებით ფიზიკურ შეურაცხყოფას მაყენებდნენ. ისინი შემზიზღდა საბოლოოდ და უარი ვთქვი მათზე.

...

მშობლები მეუბნებოდნენ, რომ მათი გარდაცვლილი შვილი ანგელოზი იყო, ხოლო მე - სატანის ნაშიერი. ამის გამო მინდოდა მათი დასჯა. 16 ოქტომბერს მე და ბექა ნაქირავებ ბინაში ვიმყოფებოდით, დავიწყე ჩემი მშობლების ლანძღვა და შექმნილი გაუსაძლისი მდგომარეობის ახსნა. აქვე დავამატე, რომ სიამოვნებით მოვკლავდი ორივეს. მაშინ ბექამ მითხრა, რომ გამიწევდა დახმარებას ჩემი მშობლების მოშორებაში. მისი აზრი მომეწონა და დავიწყე ფიქრი, როგორ მომეკლა მშობლები. პირველ მსხვერპლად ავირჩიეთ დედაჩემი, ლუბა ყოჩიაშვილი. საბოლოო მსჯელობის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედით, რომ ლუბა მოგვეკლა მისსავე სახლში დღის საათებში, როცა მამაჩემი სამსახურში იყო. ბექამ შემომთავაზა, დაგვეხმარებინა ამ საქმეში ნ.ჩ, რადგან ის იყო სანდო მეგობარი და დიდ დახმარებას გაგვიწევდა...

...

კარზე დავაკაკუნე. დავიძახე - "დედა, მე ვარ, კარი გააღე". მან გააღო. ბექა შენგელიას წინასწარ ჰქონდა მომზადებული ბინტი, რომელზეც მისხმული იყო მოსადუნებელი, ჩემთვის უცნობი ხსნარი. მიაფარა პირზე ლუბას, რამაც მისი მოდუნება გამოიწვია, თუმცა იქნევდა ხელებს და ეწინააღმდეგებოდა. ამის გამო მე და ნ-მ დავუჭირეთ ლუბას ხელები, ხოლო ბექამ ყელზე ხელის მოჭერით მოახრჩო, რის შემდეგ ის უგონოდ დაეცა იატაკზე.

...

ბექამ გვამის დანაწევრების შემდეგ გაგვიმხილა, რომ ლუბას გულის ჭამას აპირებდა და ეს მისი დიდი ხნის სურვილი იყო...

იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 9 თებერვლის ნომერში

თეა ხურცილავა