"ვიღაცამ ჩაი მომიტანა, ფინჯანში ჩამიფურთხა და მიბრძანა, დალიეო" - რატომ მოექცნენ სასტიკად ისრაელელი მესაზღვრეები საქართველოს მოქალაქეებს?! - კვირის პალიტრა

"ვიღაცამ ჩაი მომიტანა, ფინჯანში ჩამიფურთხა და მიბრძანა, დალიეო" - რატომ მოექცნენ სასტიკად ისრაელელი მესაზღვრეები საქართველოს მოქალაქეებს?!

"როცა ისრაელში ჩასვლის მიზეზი ვუთხარი, მესაზღვრე ამიყვირდა, რა გოლგოთას მთა, არსადაც არ წახვალო"

საქართველოს მოქალაქეები ისრაელის მესაზღვრეებს არაადამიანურ მოპყრობასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. აცხადებენ, რომ 28 იანვარს ისრაელში ჩასული ოცდაათამდე ქართველი მგზავრის უფლებები დაირღვა, მეტიც, მათ სამი დღით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და არაადამიანურ პირობებში ამყოფეს მხოლოდ იმის გამო, რომ ქართველები არიან. იურისტი, შშმ ბავშვთა უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია "ნათელი მომავლის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი მარიამ მენაბდიშვილი ისრაელის მესაზღვრეებს უკანონო დაკავებასა და დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ისრაელში დაგეგმილი ჰქონდა საქმიანი შეხვედრა, რომელიც შშმ ბავშვებისთვის საქართველოში სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნას ეხებოდა.

- კონტრაქტი უნდა გაფორმებულიყო ჩემსა და ებრაელ მოქალაქეს შორის, რომელმაც საქართველოში შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი უნდა ააშენოს. როდესაც სალაროში პასპორტი მივაწოდე, ბილეთი და დაზღვევა მომთხოვეს. ყველა დოკუმენტი წესრიგში მქონდა, მაგრამ ერთი საათი მაინც ოთახში მაცდევინეს. შეფერხების მიზეზის განმარტებას ვითხოვდი, მითხრეს, რომ უნდა მელაპარაკა მხოლოდ ივრითზე. ამის შემდეგ შემიყვანეს სხვა ოთახში, სახესთან ახლოს კამერა მომიტანეს და მითხრეს, მეთქვა, რა მიზნით ვიყავი ჩასული ისრაელში. შეამოწმეს ჩემი დოკუმენტაცია და ნახეს, რომ ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი. არ მიჯერებდნენ, რომ ისრაელში სამუშაოდ არ მივდიოდი. ავუხსენი, რომ ამის მიზეზი არ მქონდა, რომ საქართველოში მაქვს ბინები, არ ვარ დევნილი, მყავს მცირეწლოვანი შვილები, მეუღლე, რომელსაც აქვს სამსახური და მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია. ამის მიუხედავად, მეუბნებოდნენ, რომ მე ვიყავი საქართველოდან ჩასული მეძავი, მოსამსახურე და უნდა დავეგდო იქ, სადაც მიმითითებენ. შემდეგ ჩამომართვეს საფულე, რომელშიც 1.000 დოლარი მედო, ამიხვიეს თვალები, სხვა ქართველ მგზავრებთან ერთად ჩამსვეს ავტომანქანაში, ჩამოგვართვეს მობილურები... მერე შეგვიყვანეს შენობაში - ფაქტობრივად, თავისუფლება აღგვიკვეთეს, არ მოგვცეს ოჯახებთან დაკავშირების საშუალება. გვიყვიროდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. მერე შემოიტანეს მჟავე და ვადაგასული საკვები, ჩაყარეს ხელ-პირის საბან ნიჟარაში და გვითხრეს, გვეჭამა. ორლიტრიანი პლასტმასის ჭურჭლით დასალევად მოგვიტანეს თბილი და ჭუჭყიანი წყალი.

ვიღაცამ ჩაი მომიტანა, ფინჯანში ჩამიფურთხა და მიბრძანა, დალიეო. ამასობაში მაგიდას შევავლე თვალი და პლასტმასის კოვზი დავინახე. ავიღე და ვუთხარი, თუ არ მომეშვებით, ამ კოვზით ვენებს გადავიჭრი-მეთქი. ხელები გადამიგრიხეს და უფანჯრო ოთახში შემაგდეს, 270 დოლარი გადაიხადე და შენს სამშობლოში გაფრინდებიო... აეროპორტში მივედით, 300-300 დოლარი ჩამოგვართვეს და საქართველოში სხვადასხვა რეისით გამოგვამგზავრეს. ჯერ - კიევში, შემდეგ კი თბილისში ჩამოვფრინდი, ჩემი საბუთები საქართველოში დამხვდა, ჩემოდანი კი - კიევის თვითმფრინავში. ანალოგიურ მდგომარეობაში იყვნენ სხვებიც. იქ იყვნენ შოუბიზნესის წარმომადგენლებიც, რომელთაც ოქროული მოჰპარეს. გვეუბნებოდნენ, თქვენს ხელისუფლებას მოსთხოვეთ იმაზე პასუხი, რაც ხდებაო.

ვაპირებთ საჩივრის შეტანას მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ერთადერთი კითხვა მაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან: რა ჰქვია ამას და რა იყო მიზეზი, რომ ამ ქვეყანაში არ უნდა შევსულიყავი?

ამ მდგომარეობაში 30-მდე ადამიანი აღმოვჩნდით. როგორც მითხრეს, ქართველებს ხშირად უწევთ ასეთი შეურაცხყოფის ატანა ისრაელის მესაზღვრეებისგან. ვითხოვთ, ხელისუფლებამ მსგავს ფაქტებზე რეაგირება მოახდინოს. დავიწყებთ მასობრივ აქციებს და გამოვა ყველა ქართველი, ვინც ამ უკანონობის მსხვერპლია.

კობა ხაჩიძე, მგზავრი: - ისრაელში მივდიოდი როგორც ტურისტი. ჩაფრენისთანავე ქართველებს ჩამოგვართვეს პასპორტები, შეგვიყვანეს ოთახში და გამოგვკითხეს, სად და რატომ მიდიხართო. როცა ისრაელში ჩასვლის მიზეზი ვუთხარი, მესაზღვრე ამიყვირდა, რა გოლგოთას მთა, არსადაც არ წახვალო. შემდეგ მანქანებში შეგვყარეს, წაგვიყვანეს და საკნებში ჩაგვკეტეს. უმძიმეს სიტუაციაში ვიყავით. გვშიოდა და არ გვაჭმევდნენ, ბოლოს ძლივს მოიტანეს თევზის ჰამბურგერი.

წყალი დღეში ერთხელ მოჰქონდათ. უფანჯრო ოთახში სამი ღამის გათევამ მომიწია. შემდეგ წაგვიყვანეს აეროპორტში, ჩაგვსხეს თვითმფრინავში, ჩვენი პასპორტები პილოტს გადასცეს და საქართველოში გამოგვაფრინეს. პასპორტში უკან შემოსვლის ბეჭედი არც ჩაგვირტყეს... გვეუბნებოდნენ, საქართველოდან აქ ჩამოსულები არ დაგინახოთ... ამას სხვებიც დაადასტურებენ. კამერაში შვიდი კაცი ვიყავით. ზედა სართულზე ქალები ჰყავდათ, მათ შორის ინვალიდებიც იყვნენ. როგორ გვექცეოდნენ, ამის დამადასტურებელი კადრებიც მაქვს გადაღებული. ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე ამბობს, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა ქვეყნის ღირსების საკითხია...

10 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ისრაელის ელჩს, შაბთაი ცურის შეხვდა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ისრაელის სახელმწიფოს საზღვარზე საქართველოს მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე და აღინიშნა, რომ აუცილებელია ყველა ასეთი შემთხვევის გამოკვლევა და შემდგომი პრევენცია...

იმის გასარკვევად, რით შეიძლება იყოს გამოწვეული ასეთი სასტიკი დამოკიდებულება ქართველების მიმართ, პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას მივმართეთ:

- პრობლემა გამოწვეული უნდა იყოს სამი ფაქტორით. 1. უსაფრთხოება 2. არალეგალური მიგრაცია და 3. რუსულენოვანი მიგრანტების მხრიდან ნაციონალისტური გამოხდომები. ისრაელმა გაამკაცრა საზღვრები, ვინაიდან პალესტინასთან დაძაბულია სიტუაცია, ხდება ტერორისტული აქტები, ამას ემატება "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან საფრთხის ელემენტები. ეს ქვეყანა, ფაქტობრივად, ალყაშია, ეროვნული უსაფრთხოების გარემო არის მყიფე და მოწყვლადი და ისიც ადეკვატურად ცდილობს რეაგირებას. როცა ქვეყანაში დიდი რაოდენობით ტურისტი ჩადის, ამიტომაც აქვთ ასეთი რეაქცია. ისრაელში არალეგალურად ჩასული დაახლოებით 8 000 ქართველია. რუსულენოვან ებრაელებს დიდი გავლენა აქვთ პოლიტიკაზე, ხელისუფლებაშიც ჰყავთ რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი, საკმაოდ ძლიერი რუსული პარტიაა შექმნილი, რომელიც, ფაქტობრივად, მმართველი პარტიაა. შესაძლოა, რუსული გავლენაც უკავშირდება ქართველების მიმართ დამოკიდებულებას...

ჩვენ ებრაელ ხალხთან არასდროს გვქონია დაძაბული ურთიერთობა. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არასდროს ჰქონია ანტისემიტური გამოხდომები.

ნანა ფიცხელაური