მოწმეები ციხიდან - როგორ ხსნის პროკურატურა ძველ საქმეებს?! - კვირის პალიტრა

მოწმეები ციხიდან - როგორ ხსნის პროკურატურა ძველ საქმეებს?!

"პატიმრების ჩვენების საფუძველზე ძველი საქმეების გახსნა გრძელდება, განსხვავება მხოლოდ ერთია - ახლა ცემა-წამებით აღიარებითი ჩვენების მიღება არ ხდება, პროკურატურასთან მოლაპარაკების შემდეგ პატიმარი ვიღაცას ამხელს და მას საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ"

პროკურატურა პერიოდულად ძველი საქმეების გახსნით იწონებს თავს და საგანგებო ბრიფინგებსაც მართავს, მაგრამ ხშირად ეს საქმეები ბევრ კითხვას ბადებს.

ოთხმეზურის საქმე

2016 წელს პროკურატურამ დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა და მკვლელობის ბრალდებით ასლან ბეჟანიძე დააკავა. ოთხმეზურის ოჯახის წევრები 12 წელი ელოდნენ გამოძიებას. ბეჟანიძისთვის წაყენებული ბრალი თხუთმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, მაგრამ ის დანაშაულს არ აღიარებდა და სიმართლის დადგენის მოლოდინში ციხეში 9 თვე გაატარა... როგორც ირკვევა, ბეჟანიძე მრავალგზის ნასამართლევი მოწმეების ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს. შოთა შანიძე, მეტსახელად "შიტკა" იყო პირველი, რომელმაც ჩვენება მისცა. გამოძიებამ სხვა მოწმეებიც დაჰკითხა - ლევან ბოჭორიშვილი, გიორგი მორჩილაძე, ჯიმი მაჩაბელი და არჩილ ნასრაშვილი. ყველა მოკლულის მეგობარია და ამტკიცებენ, რომ მკვლელობის თვითმხილველები არიან.

"პროკურატურა ცრუ მოწმეების დახმარებით ცდილობდა უდანაშაულო ადამიანის დადანაშაულებას, მაგრამ ეს საქმე დაინგრა. ცრუ მოწმეები ჩავჭერით ტყუილებში. 2004 წელს ოთხმეზურის ნამდვილ მკვლელს ვიღაცამ ხელი დააფარა. რომ მოენდომებინათ, ამ დანაშაულს გახსნიდნენ. სამაგიეროდ, 2016 წელს პროკურატურამ სრულიად უდანაშაულო პირის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად მოიყვანა მძიმე დანაშაულებში მხილებულები, რომლებსაც ამ ჩვენებების სანაცვლოდ შეღავათები მისცეს. მოწმედ გამოიყვანეს არაერთხელ ნასამართლევი პატიმარი შანიძე, რომელიც ექსპერტებსაც ატყუებდა და შეურაცხადობაც კი გაითამაშა. ამ გზით ადრე რამდენჯერმე აარიდა თავი პასუხისმგებლობას. თვითონაც ამბობს, ვატყუებდი ექსპერტებსო... ასე ხსნის პროკურატურა ძველ საქმეებს", - ამბობს ბეჟანიძის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

მთავარი მოწმე, შოთა შანიძე სასჯელს ყველაზე მკაცრ, მეექვსე დაწესებულებაში იხდის. არაერთხელ ნასამართლევია ხულიგნობისა და მკვლელობისთვის. ბოლოს ციხეშიც ჩაიდინა მკვლელობა. ამ დანაშაულამდე ორი კაცის მკვლელობისთვის იყო გასამართლებული... სასჯელთა შეკრებითობით 33 წლით პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ ამნისტიისა და შეკრებითობის გაუქმების შემდეგ ბევრი წელი ჩამოაკლდა. ალბათ, დღეს გარეთ იქნებოდა, 2014 წელს თანასაკნელი გიგა ფარტენაძე რომ არ მოეკლა. ამისთვის წლები ისევ დაუმატეს...

დღეს შანიძე ოთხმეზურის მკვლელობის საქმეში მთავარი მოწმეა. საინტერესოა, რატომ მოუნდა 12 წლის შემდეგ გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა? ბეჟანიძის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მოწმეებსა და პროკურატურას შორის გარიგება შედგა და ცრუ ჩვენებების სანაცვლოდ ისინი შეღავათებს მიიღებენ. მოწმე გიორგი მორჩილაძესთან საპროცესო გაფორმდა ჩვენების მიცემიდან ცოტა ხანში და ის გაათავისუფლეს, სავარაუდოდ, ახლა შანიძეც ამას ელოდება...

დღეს ბეჟანიძე თავისუფალია, ის უდანაშაულოდ ცნო სასამართლომ და არ არის გამორიცხული, ციხეში გატარებული 9 თვისთვის სახელმწიფოს სოლიდური კომპენსაციის გადახდამაც მოუწიოს.

გურაბანიძის საქმე

აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება, რომელიც უფრო მეტ კითხვას აჩენს - შოთა შანიძე და გიორგი მორჩილაძე კიდევ ერთი მკვლელობის საქმეშიც მთავარი მოწმეები არიან.

შეგახსენებთ, ოთხმეზურის მკვლელობის საქმის გახსნიდან რამდენიმე დღეში, 2016 წლის აპრილში, პროკურატურამ 2005 წელს მოკლული ირაკლი გურაბანიძის საქმეც გახსნილად გამოაცხადა და ბრალდებულიც დააკავა. ირკვევა, რომ სწორედ ამ ორი პირის (შანიძე და მორჩილაძე) ჩვენების საფუძველზე გაიხსნა გურაბანიძის საქმეც. ამ მკვლელობებს ერთმანეთთან კავშირი არა აქვს, მხოლოდ მოწმეები არიან ერთი და იგივე პირები. საქმის პროკურორიც ერთია, ამირან გულუაშვილი.

ტარიელ კაკაბაძე: "უფრო კომიკური სიტუაცია იყო გურაბანიძის საქმეში. ჩვენს საქმეზე გაცილებით მეტი მოწმე ჰყავდა პროკურატურას, მაგრამ მოსამართლე დარახველიძისგან განსხვავებით, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გაიზიარა მოწმეების ჩვენებები და გურაბანიძის მკვლელობაში ბრალდებულს 9 წელი მიუსაჯა.

რაც შეეხება მოწმე გიორგი მორჩილაძეს, ის შანიძესთან ერთად ერთ-ერთი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს, რისთვისაც გაასამართლეს, თუმცა მალე გაათავისუფლეს, 2013 წელს კი ნარკოტიკების შენახვისთვის ისევ დააკავეს. მათი პროკურორი რამდენიმე საქმეზე ამირან გულუაშვილი იყო. მორჩილაძემ პროცესზე დაადასტურა, რომ ორჯერ საპროცესო შეთანხმებებით გათავისუფლდა".

ბეჟანიძის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ თანამშრომლობისთვის შოთა შანიძეც გაათავისუფლონ. სხვათა შორის, მორჩილაძე და შანიძე ასლან ბეჟანიძის წინააღმდეგ ჩვენებაზე ხელის მოწერის დროს ერთ საკანში ისხდნენ.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ადვოკატ ლევან ჯავახაძეს, რომელიც გურაბანიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი შალამბერიძეს იცავს. ირწმუნება, რომ მორჩილაძის და შანიძის ჩვენების გარდა მისი დასაცავის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა:

- ასე ხსნის პროკურატურა ძველ საქმეებს. პატიმრების ჩვენების საფუძველზე შეთითხნეს ბრალი, სხვა მტკიცებულება არ გააჩნდათ, მაგრამ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას არ ეყო გამბედაობა, რომ უდანაშაულო ადამიანი გაეთავისუფლებინა... სასამართლომ განაჩენი ორი მოწმის ჩვენებაზე ააგო და მიუთითა, რომ მათი ჩვენებები დამაჯერებელია, სანდოობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და რომ გიორგი შალამბერიძის ბრალეულობა დასტურდება. არადა, შალამბერიძე და გურაბანიძე ერთმანეთს არც კი იცნობდნენ. როცა შალამბერიძის სასამართლო პროცესები მიდიოდა, პარალელურად განიხილებოდა ოთხმეზურის მკვლელობის საქმე, სადაც იგივე მოწმეები ჰყავდა პროკურატურას. ეს საკითხი წამოვაყენე პროცესზე, მაგრამ მოსამართლემ კატეგორიულად აგვიკრძალა ამაზე საუბარი და პირდაპირ მითხრა, არ მაინტერესებს სხვა დარბაზში რა ხდება, არ მაინტერესებს, ის მოწმეები სხვა საქმეზე რა ჩვენებებს იძლევიან, მე მაინტერესებს ამ დარბაზში რა განიხილებაო. როცა ამ საკითხს ისევ დავუბრუნდი, ხარჩილავამ ირონიულად მითხრა, ხომ გითხარით, ამ საკითხს არ დაუბრუნდეთ, დარბაზზე ნუ თამაშობთო. ბრალდებულ გიორგი შალამბერიძეს მოსამართლემ 9 წელი მიუსაჯა, საბოლოოდ კი ოთხ-ნახევარი, რადგან მაშინ არასრულწლოვანი იყო.

საყურადღებოა, რომ გურაბანიძის საქმეში დევს 2005 წელს მიცემული შანიძის ჩვენება, არ ვიცი, ვინ ესროლა გურაბანიძესო, წლების შემდეგ კი უკავშირდება ციხიდან ტელეფონით სხვადასხვა პირს (ტელეფონები ისმინებოდა) და აძალებდა, ეთქვათ, რომ შალამბერიძემ მოკლა გურაბანიძე. არადა, თავის დროზე შანიძის წინააღმდეგ საქმეც იყო აღძრული ამ დანაშაულის დაფარვისა და ხულიგნობის ბრალდებით, გურაბანიძის საქმეში თავად შანიძე ფიგურირებდა. მოსამართლემ კი მას "ოქროს მოწმე" უწოდა და მისი ჩვენების საფუძველზე გაასამართლა უდანაშაულო ადამიანი.

რაც შეეხება მეორე მოწმეს, გიორგი მორჩილაძეს, ის 2015 წლამდე არ ჩანდა ამ საქმეში, შანიძესთან ერთად იჯდა საკანში და როგორც ჩანს, შანიძემ წააქეზა პროკურატურასთან თანამშრომლობაზე.

გელა ნიკოლაიშვილი, ადვოკატი: - პატიმრების ჩვენების საფუძველზე ძველი საქმეების გახსნა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგაც გრძელდება, განსხვავება მხოლოდ ერთია - ახლა ცემა-წამებით აღიარებითი ჩვენების მიღება არ ხდება, უბრალოდ, პროკურატურასთან მოლაპარაკების შემდეგ პატიმარი ვიღაცას ამხელს და მას საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ... ასე იყო გია გვიჩიანის საქმეშიც - პროკურატურამ მრავალჯერ ნასამართლები პირის ჩვენებით დააკავა გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია. 11 წლის მერე კი აღიარა, რომ ბრალი შეთითხნილი იყო და ისინი უდანაშაულოები არიან. პროკურატურა ყოველთვის მოწოდებულია, გახსნას საქმე, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ხელოვნურად შეკოწიწებული ჩვენებით და ვიღაცების გაუბედურების ხარჯზე. ჯობს იყოს გაუხსნელი საქმეები და 10 დამნაშავე იყოს გარეთ, ვიდრე ერთი უდანაშაულო დაჯდეს ციხეში ცრუ ჩვენებით.

თეა ხურცილავა