"იქნებ როგორმე დაიხსნათ ცხინვალის ციხიდან ჩემი ძმა"
13-02-2017
"იქნებ როგორმე დაიხსნათ ცხინვალის ციხიდან ჩემი ძმა"
სოფელ დისევის მკვიდრი, 36 წლის გიორგი გიუნაშვილი 8 თვეა, ცხინვალის­ ციხეში ზის. ის ცხინვალის დე ფაქტორეჟიმმა დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილად ცნო. ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს გიუნაშვილი აქტიურად მონაწილეობდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში - სოფელ დისევის ე.წ. თავდაცვის ჯგუფში, ხოლო 2008 წლის 11 აგვისტოს დაცხრილა ოსი სამხედროები, რომლებიც სოფლის მახლობლად პატრულირებდნენ, რასაც ერთი სამხედრო ემსხვერპლა, მეორე კი დაშავდა.

3 თებერვალს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ გიუნაშვილს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ოჯახი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს­ და ხელისუფლებას მის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვს. მათი განცხადებით, გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გიუნაშვილის ოჯახმა სახლი დისევში 2008 წლის აგვისტოში დატოვა... ახლა მისი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი გორის სოფელ ბერბუკის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ.

რევაზ გიუნაშვილი,
გიორგის ძმა: -
ოსებმა გიორგი თავდაპირველად საზ­ღვრის გადაკვეთისთვის დააკავეს და აბსურდული დანაშაული დააბრალეს. ჩვენი სახლი დისევში საზღვრის ახლოს იყო და გიორგი იქ აიყვანეს, მას საზღვარი არ გადაუკვეთია. ჩემი ძმა სამხედრო არ ყოფილა, სამოქალაქო პირია, მშრომელი ადამიანი.

2008 წლის 11 აგვისტოს რუსმა და ოსმა სამხედროებმა დისევი გადაწვეს, იმ დროს სოფელში მხოლოდ მოხუცები იყვნენ დარჩენილი. გიორგიმ იქაურობა დატოვა და მას შემდეგ გორის რაიონში ცხოვრობდა. დააბრალეს, უკანონო ფორმირების წევრი იყო და 2007 წელს ხელყუმბარა ააფეთქაო. თუ იძებნებოდა, როცა სოფელ ხელჩუაში მაღაზიაში ფეხით გადადიოდა (იქ კონტრაბანდული საქონელი იყიდებოდა, სიგარეტს და სასმელს ვყიდულობდით), რატომ­ არ დააკავეს?

- იცით, რა მდგომარეობაშია ციხეში?

- გიორგის "წითელი ჯვრის" მეშვეობით ვუკავშირდებოდით. რამდენიმე ხნის წინ ორი სიტყვა მოგვწერა, არა მიშავსო. ჩვენც ვერაფერს ვწერთ, გაგვაფრთხილეს, ისეთი არაფერი დაწეროთ, რაც პრობლემებს შეუქმნისო. "წითელი ჯვრის" წარმომადგენლებისგან ვიცით, რომ ჯანმრთელობა შეერყა, როცა დააკავეს, ახალი ნაოპერაციები იყო. 20 წელი ციხეში როგორ უნდა გაძლოს, როცა დარწმუნებული ვარ, არც მკურნალობენ. სასამართლოზე ოსური მხარე ამბობდა, დანაშაულს არ აღიარებსო, მაგრამ მათ შეუძლიათ წამებით ნებისმიერს ათქმევინონ ის, რაც მათ სურთ. ოსებს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, საბრალდებო დასკვნასაც კი არ გზავნიან. გიორგის ვის აფეთქებასაც ედავებოდნენ, მის სახელსა და გვარსაც არ ამბობენ, იმიტომ, რომ ის პიროვნება არ არსებობს. ერგნეთში, მოლაპარაკებაზე, ჩვენი მხარე ითხოვდა, გვითხარით იმ პირის ვინაობაო, მაგრამ ცოცხალი თავით არ ამბობდნენ. ამას წინათ ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულმა ქართველებმა გვითხრეს, გიორგი საშინელ მდგომარეობაში ჰყავდათო.

- ვინ არის გიორგის გათავისუფლების ოპერაციაში ჩართული?

- გვეუბნებიან, აქტიურად მუშაობენ სახელმწიფოც და საერთაშორისო ორგანიზაციებიცო. საქმეში ჩართულია ჩვენი პრემიერ-მინისტრიც. გიორგის საკითხი გატანილი იყო ჟენევის სამიტზე და როგორც ვიცით, კიდევ უნდა გაიტანონ. გვეუბნებიან, რომ ოსური მხარე მოლაპარაკებებზე არ მოდის. ხელისუფლებას და ყველას ვთხოვ, იქნებ როგორმე დაიხსნან და გადაარჩინონ ჩემი ძმა, თორემ ჩვენ რა შეგვიძლია?!

ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს­ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში:
- გიუნაშვილის პატიმრობას ლეგიტიმური საფუძველი არ გააჩნია. ის უნდა გათავის­უფლდეს. ეს საკითხი არაერთხელ დაისვა­ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე. გიუნაშვილის საკითხი აქტუალურია ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზეც. სამწუხაროა, რომ 3 თებერვალს, როცა ერგნეთში მიმდინარეობდა შეხვედრა, ჩანიშნული იყო ე.წ. სასამართლო პროცესი, რომელზეც­ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ერგნეთის შეხვედრას ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის - ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდა. მან აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ სწრაფვა... გიუნაშვილისთვის გამოტანილი ე.წ. განაჩენი კი არის არაადეკვატური და ამ მოწოდებების საპირისპირო.

ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი მაქვს. შევხვდი რამდენიმე ელჩსაც. დაგეგმილი მაქვს შეხვედრები ევროსტრუქტურებში. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ შედეგს - გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლებას. იმედია, ყველა მხარე გააცნობიერებს, რომ ეს ძალიან სერიოზული საკითხია.

ნანა ფიცხელაური
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით