რატომ გაუხსნეს ცეცხლი ინტერპოლის თანამშრომლის მანქანას
20-02-2017
რატომ გაუხსნეს ცეცხლი ინტერპოლის თანამშრომლის მანქანას
ერთი ვერსიით, ეს შემთხვევა პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურისა და ანა მარგველაშვილის ყოფილი შეყვარებულის, ბაჩო სირაძის დაპირისპირებას უკავშირდება

15 თებერვალს ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე მცხეთის ქუჩიდან მომავალ­ BMW-ს მარკის X-6-ს ცეცხლი გაუხსნეს... ორმხრივი სროლისას ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა. პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის თვითმხილველი:
"მაღაზიაში ვიყავი, რომ ზედიზედ რამდენიმე­ გასროლა გაისმა. შემოცვივდნენ შეშინებული გამვლელები, მანქანებიდან ტყვი­ის­ წვიმა მოდისო".

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი:­
"თავდასხმის ობიექტი საქართველოს ინტერპოლის ცენტრალური
ბიუროს უფროსი ინსპექტორი როსტომ ლორთქიფანიძე იყო. შატბერაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ლორთქიფანიძე კუთვნილი ავტომანქანით მეგობართან ერთად მიდიოდა, რა დროსაც დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. თავის დაცვის მიზნით ლორთქიფანიძემ სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით თავდამსხმელებს ესროლა, შედეგად დაიჭრა ერთი პირი".

როგორც ამბობენ, ლორთქიფანიძის­ მანქანაში მისი მეგობარი, ბაჩო სირაძე­ იჯდა.
გამოძიება ლორთქიფანიძის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მიდის, მაგრამ კულუარებში სხვა ვერსიები განიხილება. ერთი ვერსიით, თავდასხმის­ ობიექტი, შესაძლოა, ბაჩო სირაძე ყოფი­ლიყო. ცნობილია, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის სამეგობროსა და ბაჩო სირაძეს (ანა მარგველაშვილის ყოფილი შეყვარებული) შორის დაპირისპირებაა. ითქვა, რომ ანას და ბაჩოს ურთიერთობა დაეძაბათ და ვითარების გარკვევა მინდია გოგოჭურმა სცადა. შელაპარაკების ნიადაგზე, 2013 წელს, სირაძე ფეხში დაჭრეს. მაშინ ითქვა, რომ ინციდენტში სამი პირი მონაწილეობდა. მოგვიანებით კიდევ ერთი ფაქტი გახმაურდა, ამ შელაპარაკებისას უკვე გოგოჭური დაჭრეს. 11 იანვარს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბალანჩივაძის ქუჩაზე გოგოჭური და მისი მეგობარი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და ვაკეში მომხდარიც ამ კონფლიქტების გაგრძელებაა. თუმცა ამბობენ, რომ ამჯერად გოგოჭური შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა. მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით, მანქანაში, საიდანაც ცეცხლი პირველად გახსნეს, პრეზიდენტის სიძის მეგობრები ისხდნენ. დაჭრილი 22 წლისაა და გოგოჭურის მეგობარია.

რაც შეეხება ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს უფროსი ინსპექტორის მეგობარ ბაჩო სირაძეს, ის წლების წინ ბოტანიკურ ბაღთან არასრულწლოვნებს­ შორის ქუჩური გარჩევისას დაჭრეს. ამ შემთხვევას ნიკა ჩარქსელიანის სიცოცხლე ემსხვერპლა...

დაზარალებულად ცნობილი როსტომ (ტატო) ლორთქიფანიძე კომენტარს არ აკეთებს, უცნობია ისიც, რა ჩვენება მისცა სამართალდამცავებს და რაც მთავარია, რატომ გაუხსნეს ცეცხლი მის მანქანას.

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები