"დანაშაულის ჩადენის მოტივს წარმოადგენდა ანგარება" - კვირის პალიტრა

"დანაშაულის ჩადენის მოტივს წარმოადგენდა ანგარება"

მთავარი პროკურორის მოადგილე: "ლაპარაკი იყო ერთ-ერთი პირის შესაძლო მკვლელობაზე, არ გვითქვამს, რომ ეს პირი, შესაძლოა, ყოფილიყო მაღალი იერარქიის სასულიერო პირი, რასაც ვერც ამ ეტაპზე დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფთ"(?!)

ინტერვიუ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილესთან, გიორგი გაბიტაშვილთან:

- საქმის გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო. დაწყების საფუძველი გახდა ირაკლი მამალაძის მომართვა, რომელიც განცხადებაში მიუთითებდა, რომ მისმა ნაცნობმა, მამა გიორგი მამალაძემ, სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების, ციანიდის მოძიებაში დახმარება. მამალაძის თქმით, როგორც მან საუბრისას გაარკვია, ბრალდებულს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურამ განცხადების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება, მყისიერად დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რაც პირველ რიგში, მიზნად ისახავდა უმძიმესი დანაშაულის დროულად გამოვლენასა და აღკვეთას.

- რა შინაარსის არის ფარული ჩანაწერები და არსებობს თუ არა საქმეში სხვა მტკიცებულებები?

- როგორც გითხარით, პროკურატურამ ჩაატარა ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხა ათობით მოწმე, ჩატარდა ექსპერტიზები, შედეგად, მოპოვებულ იქნა არაერთი მტკიცებულება. თუმცა ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მტკიცებულებების შესახებ დეტალურად ვერ ვისაუბრებ. საქმეში არის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ბრალდებულის მიერ დანაშაულის მომზადებაზე. გიორგი მამალაძის ბარგში, რომლითაც იგი მიემგზავრებოდა გერმანიაში, აღმოჩენილია ნატრიუმის ციანიდი, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის. მისი გამოყენების შემთხვევაში სასიკვდილო შედეგი გარდაუვალია. მიუხედავად იმისა, რომ ამოღებული ციანიდი ოდენობის თვალსაზრისით მცირეა, საკმარისი იქნებოდა რამდენიმე ადამიანის მოსაკლავად.

- ნებისმიერ დანაშაულებრივ სქემაში მთავარი მოტივია. დადგენილია მოტივი ან პირი, ვისი მოწამვლის მცდელობაც ჰქონდა ბრალდებულს?

- რა თქმა უნდა, გეთანხმებით, საქმეში მტკიცებულებებთან ერთად მნიშვნელოვანია მოტივი. ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივს წარმოადგენდა ანგარება, თუმცა გამოძიება მუშაობს სხვადასხვა ვერსიაზე.

- თქვენი თავდაპირველი განცხადებით, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მოწამვლის მცდელობა პატრიარქის წინააღმდეგ იგეგმებოდა. ეს ეჭვი კიდევ უფრო გაამყარა მაღალი თანამდებობის პირების განცხადებამ, თუმცა მოგვიანებით განიმარტა, რომ სასულიერო პირზე სულაც არ იყო ლაპარაკი. დააკონკრეტეთ, პროკურატურის რომელი ვერსია იყო სწორი?

- პროკურატურის თავდაპირველ განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. ლაპარაკი იყო ერთ-ერთი პირის შესაძლო მკვლელობაზე. არ გვითქვამს, რომ ეს პირი, შესაძლოა, ყოფილიყო მაღალი იერარქიის სასულიერო პირი, რასაც ვერც ამ ეტაპზე დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფთ(?!). მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას და სწორედ ამ მიზნით შეიძინა მომწამლავი ნივთიერება. იგი აპირებდა გამგზავრებას გერმანიაში, სადაც საქართველოს პატრიარქისთვის უნდა გაეკეთებინათ ოპერაცია და მას თან ახლდა მრავალრიცხოვანი გარემოცვა. პირს, რომლის მკვლელობასაც ამზადებდა გიორგი მამალაძე, ვერ დაგისახელებთ. არ გამოვრიცხავთ, რომ გიორგი მამალაძის ქმედება, შესაძლოა, სხვა პირების წინააღმდეგაც ყოფილიყო მიმართული. ამიტომ გამოძიება მუშაობს რამდენიმე მიმართულებით.

პროკურატურა დღესაც მოკლებულია შესაძლებლობას, სრული ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. ამასთან, ჩვენ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა სხვადასხვა ინტერესის მქონე ჯგუფების სპეკულაციებს, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და გამოძიების დისკრედიტაციას. სამწუხაროდ, ამას ხელი შეუწყო პროკურატურის საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გაზეთ `რეზონანსისთვის~ გაკეთებულ განმარტებასთან დაკავშირებულმა გაუგებრობამ. გამოძიების ინტერესებიდან და საქმესთან დაკავშირებულ პირთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ მაქვს შესაძლებლობა, უფრო კონკრეტულად გესაუბროთ. ვერც იმას დავაკონკრეტებ, ვისი მკვლელობის მომზადება ედება ბრალად დეკანოზ გიორგი მამალაძეს. გპირდებით, მას შემდეგ, რაც დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები, ასევე განეიტრალდება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები, საზოგადოება და მათ შორის თქვენც გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებთ.

- როგორც აღნიშნეთ, ამოღებულია რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი. როდის ჩატარდა ჩხრეკა და სხვა ნივთმტკიცებებიც ხომ არ დევს საქმეში?

- ამოღებულია კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი. ასევე, საბრძოლო ვაზნა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა აღნიშნული ნივთები მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და საცხოვრებელ ბინაში ინახავდა. მკვლელობის მომზადების გარდა, მას ამ დანაშაულისთვისაც აქვს ბრალი წარდგენილი.

- თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს...

- ბრალდებული იყენებს დუმილის უფლებას და გამოძიებას არ აძლევს ჩვენებას. მიუხედავად ამისა, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ მოვიპოვეთ სათანადო მტკიცებულებები, გიორგი მამალაძეს წარედგინა ბრალდება და სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება გრძელდება ყველა მიმართულებით, ვმუშაობთ რამდენიმე ვერსიაზე და წინასწარ რაიმე ვარაუდებზე საუბარი მიზანშეწონილი არ იქნება.

რუსუდან შელია