"ფარულ ჩანაწერებში ლიკვიდაციის რამდენიმე გეგმა იკვეთება"
27-02-2017
"პატრიარქმა ჩანაწერები ნაწილობრივ მოისმინა და საქმის კურსშია იმ პროცესების შესახებ, რომელიც მის ზურგს უკან იგეგმებოდა"

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებული სატელეფონო ჩანაწერების მიხედვით, ავის მზრახველებს რამდენიმე გეგმა ჰქონდათ.

- პირველ რიგში უნდა ვთქვა, რასაც ვაცხადებ, გადამოწმებული და დაზუსტებული ინფორმაციის საფუძველზე გაცხადებული რეალობაა.
როგორც ვიცი, პატრიარქმა ჩანაწერები ნაწილობრივ მოისმინა და საქმის კურსშია იმ პროცესების შესახებ, რომელიც მის ზურგს უკან იგეგმებოდა. სატელეფონო საუბრების მიხედვით, განზრახული იყო პატრიარქის და
მისი უახლოესი გარემოცვის, შორენა თეთრუაშვილისა და მეუფე იაკობის მოკვლა. ფარული ჩანაწერების მიხედვით, ლიკვიდაციის რამდენიმე გეგმა განიხილება. 1. სატელეფონო საუბრებში მამალაძე ლაპარაკობს პატ­რიარქის მენიუზე, ძირითადად, ჩაიზე... ჩემი ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ უწმინდესი ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაიცვლებოდა, მას მოწამლავდნენ, ციანიდის გარკვეულ დოზას კი მოათავსებდნენ შორენას ჩანთაში, რომელსაც
როგორც მამხილებელ მტკიცებულებას, დაცვა აღმოაჩენდა და პატრიარქის მკვლელობას დააბრალებდა. ანუ თუ შორენას ვერ მოკლავდნენ, ამ ფორმით მოიშორებდნენ. 2. პატრიარქის ბუნებრივად გარდაცვალების შემთხვევაში კი შორენას მოკლავდნენ. იგეგმებოდა მეუფე იაკობის მოკვლაც, თუმცა, ჩანაწერებიდან არ ჩანს, მეუფეს და შორენას მოსაკლავად რა საშუალება გამოიყენებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ოფი­ციალურად არავინ არაფერს ამბობს, ძალიან ბევრმა იცის, რომ მეუფე იაკობის მოკვლა ციანიდის ამბის გახმაურებამდე და გიორგი მამალაძის დაპატიმრებამდე ერთი თვით ადრეც სცადეს. ჩანაფიქრის მიხედვით, მეუფე დაახლოებით ისე უნდა მოეკლათ, როგორც გურამ შარაძე, ქუჩაში, საიდანაც მკვლელი გაქცევას მარტივად მოახერხებდა. ჩემი ინფორმაციით, ეს ამბავი ჩანასახშივე აღკვეთეს ქართულმა სპეცსამსახურებმა. რატომ არ გახმაურდა ეს ამბავი? ალბათ ისევ ეკლესიის თხოვნით, რომ შიდა დაპირისპირებების თემა არ გახმაურებულიყო...

რამდენადაც ვიცი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის უწმინდესთან 15-წუთიანი სტუმრობის მიზეზი იყო შეთანხმება შემდეგზე, განუხორციელებელ დანაშაულში მონაწილე პირებმა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად უნდა აგონ პასუხი, ანუ როგორც იტყვიან, სასულიერო პირები უნდა დაიჭირონ. როგორც ვიცი, ამ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ... ვფიქრობ, დამნაშავეთა დასჯა გარდაუვალია, რის შემდეგაც ეკლესია თავის წიაღში თვითონვე მოაგვარებს დანარჩენ პრობლემებს.

ეკა ლომიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები