"არ გამოვრიცხავთ, რომ მამალაძის ქმედება სხვა პირების წინააღმდეგაც ყოფილიყო მიმართული" - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავთ, რომ მამალაძის ქმედება სხვა პირების წინააღმდეგაც ყოფილიყო მიმართული"

ექსკლუზიური ინტერვიუ საქმის მწარმოებელ პროკურორ ჯარჯი წიკლაურთან

"დანაშაულის მომზადება სახეზეა!"

"კვირის პალიტრა" "ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით, საქმის მწარმოებელ პროკურორს, ჯარჯი წიკლაურს ესაუბრა.

- საზოგადოებაში დიდი მოლოდინი იყო დეკანოზ გიორგი მამალაძის დაანონსებული ჩვენების ირგვლივ. თუმცა, ადვოკატების განცხადებით, პროცედურული ქმედებები განზრახ გაჭიანურდა. რეალურად, გქონდათ მიზანი, რომ დეკანოზის ჩვენება არ ყოფილიყო ცნობილი საზოგადოებისთვის?

- როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბრალდებულმა გიორგი მამალაძემ დაკავების დღეს არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და უარი განაცხადა ჩვენების მოცემაზე. დაკავების შემდეგ მას არაერთხელ შევთავაზეთ დაკითხვა, თუმცა, უარს აცხადებდა თანამშრომლობაზე, ერთ შემთხვევაში კი ბრალდებულმა გამომძიებელთან შეხვედრაზეც უარი თქვა. არსებობს შესაბამისი ოქმები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს.

გარდა ამისა, გამოძიების აუცილებლობიდან გამომდინარე, გიორგი მამალაძეს არაერთხელ მივმართეთ ნიმუშების ასაღებად. კერძოდ, 14 თებერვალს შევთავაზეთ, ნებაყოფლობით მოეცა ხმის, ხელწერისა და დნმ-ის ნიმუშები, რაზეც ბრალდებულმა უარი განაცხადა.

ამის შემდეგ გამოძიებამ მიმართა სასამართლოს ბრალდებულისგან ნიმუშების ასაღებად ნებართვის გაცემის თაობაზე. სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. მიღებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, რომელიც ასევე ჩაბარდა გიორგი მამალაძეს, გამოძიებამ ბრალდებულს 16, 17 და 20 თებერვალს კვლავ მოსთხოვა ნიმუშების აღება, რაზეც ბრალდებულმა კვლავ უარი განაცხადა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განჩინების შესრულება ბრალდებულისთვის სავალდებულო იყო.

ნიმუშის აღების მიზნით ყველა შეხვედრისას ბრალდებული უარის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა, არადა, ექიმმა განაცხადა, რომ მას შეეძლო საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბრალდებულისა და მისი ადვოკატის განცხადება, თითქოს ჩვენ გავაჭიანურეთ სამართლებრივი პროცედურები, არის სიცრუე, მიმართულია გამოძიების დისკრედიტაციისკენ და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

- პროკურატურის განცხადებამ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა ვერ მოესწრო, უფრო მეტი კითხვა გააჩინა იმ ფონზე, როდესაც ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დეკანოზი შოკის მომგვრელი ჩვენების მიცემას აპირებდა. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, იქნებ სწორედ ამ "შოკის მომგვრელი" ინფორმაციის გახმაურებას მოერიდეთ?

- უპირველესად, გეტყვით, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებით, რაც საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის აუცილებელი წინა პირობაა. სწორედ ეს არის ჩვენი მოვალეობა, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლი გვავალდებულებს, გამოძიება ვაწარმოოთ ყოველმხრივ და ობიექტურად, ხოლო ამავე კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, მოვალეები ვართ, ბრალდებულის გამამართლებელი მტკიცებულების მოპოვების შემთხვევაში, იგი გადავცეთ დაცვის მხარეს, განსხვავებით ადვოკატისგან, რომელიც ვალდებულია, დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი გამოიყენოს ბრალდებულის სასარგებლოდ და იმოქმედოს მხოლოდ ბრალდებულის ინტერესების დასაცავად. რაც შეეხება გიორგი მამალაძის ადვოკატის განცხადებას, რომ ბრალდებული აპირებდა შოკის მომგვრელი ჩვენების მიცემას და თითქოს ჩვენ ამ ინფორმაციის გახმაურებას მოვერიდეთ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბრალდებული უარს აცხადებდა თანამშრომლობაზე. საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, გამოძიებას აქვს ბევრი შეკითხვა და უპირველესად, ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ ბრალდებულისგან მივიღოთ პასუხები. ამ მიზნით, როგორც დაგეგმილია, გიორგი მამალაძის დაკითხვა მოხდება 27 თებერვალს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაცვის მხარეს უფლება აქვს, თვითონ გამოკითხოს ბრალდებული და ეს ინფორმაცია მტკიცებულების სახით წარუდგინოს გამოძიებას, რაც დღემდე არ გაუკეთებია. აღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ადვოკატები სპეკულირებენ ბრალდებულის დაკითხვის თემით, თითქოს პროკურატურა აჭიანურებს ამ პროცესს.

ვიმეორებთ, ეს არის მათი ტაქტიკა, როგორმე მოახდინონ საგამოძიებო პროცესის დისკრედიტაცია.

- ექსპერტიზის პასუხს დაახლოებით რამდენი ხანი სჭირდება?

- როგორც იცით, საქმეზე დანიშნულია რამდენიმე სახის ექსპერტიზა. თითოეულის ჩასატარებლად და დასკვნის მისაღებად საჭიროა დადგენილი პროცედურების გავლა. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა გიორგი მამალაძემ შეგნებულად გააჭიანურა ნიმუშების მოცემა, რაც აუცილებელია ექსპერტიზის ჩასატარებლად, წინასწარ განსაზღვრა, თუ როდის იქნება ექსპერტიზის პასუხები, შეუძლებელია.

- ადვოკატების განცხადებით, ჩანაწერში, რომელიც მათ მოისმინეს, არ არის საუბარი არც ციანიდზე და არც კონკრეტული პირის, მით უმეტეს, სასულიერო პირის მკვლელობის ორგანიზებაზე. რატომ არ გაეცნენ ადვოკატები სრულად მტკიცებულებებს, თუ გაეცნენ და არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ?

- სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ შეკრებილია არაერთი მტკიცებულება და მათ შორის, სასამართლოს ნებართვით,

ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებიც, სადაც გიორგი მამალაძე ლაპარაკობს სწორედ მომწამვლელი ნივთიერების - ციანიდის შეძენასა და მის გამოყენებაზე ადამიანის წინააღმდეგიორგი

ადვოკატების განცხადება, რომ ჩანაწერებში არ არის ლაპარაკი ციანიდზე, ორი გარემოებით შეიძლება აიხსნას: მათ ზუსტად იციან, რომ აღნიშნული ჩანაწერები არის უტყუარი მტკიცებულება ბრალდებულის წინააღმდეგ და მიზანმიმართულად უარყოფენ ამ ფაქტს, რაც არის დაცვის მხარის ტაქტიკა, ან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადვოკატები საქმის მასალებს არ გასცნობიან.

- სახალხო დამცველსაც იგივე პოზიცია აქვს - მისი განცხადებით, პროკურატურის ბრალდება და დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადება არ ემთხვევა ერთმანეთს.

- ეს იყო სახალხო დამცველის საოცარი "სამართლებრივი" მიგნება. მან აღნიშნა, რომ ინფორმაცია, რომელიც ბრალდებულისგან მიიღო, თურმე, ეწინააღმდეგება პროკურატურის ვერსიას.

როდესაც ბრალდებული არ აღიარებს მისთვის ბრალად წაყენებულ ქმედებას, ბუნებრივია, პროკურატურისა და ბრალდებულის პოზიცია ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვა, რადგან ერთი მხარეა ბრალმდებელი, ხოლო მეორე - ბრალდებული. ეს ხდება ყველა სისხლის სამართლის საქმეში, სადაც ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს. აქვე აღვნიშნავთ, რომ სახალხო დამცველი არც კი დაინტერესებულა გამოძიების მოპოვებული მტკიცებულებებით. ვიმეორებ, რომ საქმეში არსებობს მყარი მტკიცებულებითი სტანდარტი, რაც იყო ბრალდების წარდგენის საფუძველი.

- მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში დევს შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობა. ოფიციალურად თუ ადასტურებთ ამ ფაქტს? და სხვა პირების შესაძლო მოწამვლაზეც ხომ არა აქვს ბრალი წაყენებული გიორგი მამალაძეს?

- როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გიორგი მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას. რაც შეეხება დანაშაულის მომზადებისა და მცდელობის სამართლებრივ გამიჯვნას, საზოგადოებისთვის გასაგები რომ იყოს, განვმარტავ - დანაშაულის მომზადება სახეზეა, როდესაც ბრალდებულმა განზრახ შექმნა პირობები დანაშაულის ჩასადენად, ხოლო მცდელობასთან გვაქვს საქმე, როდესაც პირმა ჩაიდინა განზრახი ქმედება, რომელიც უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, თუმცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანა. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ

ბრალდებულმა განზრახ შექმნა პირობები დანაშაულის ჩასადენად, კერძოდ, მან წინასწარ გამოძებნა დანაშაულის იარაღი - მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი, წინასწარ შეიძინა თვითმფრინავის ბილეთები გერმანიის მიმართულებით, რის შემდგომაც მიემგზავრებოდა დანიშნულების ადგილას განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით.

ამდენად, ბრალდებულმა ყველა პირობა შექმნა იმისთვის, რომ ჩანაფიქრი განეხორციელებინა, რაც ცალსახად მიუთითებს განზრახ მკვლელობის მომზადების სტადიაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი მამალაძის ქმედება არ გადასულა მცდელობის სტადიაზე, რადგან მას არ დასცალდა დანიშნულის ადგილზე გამგზავრება და ვერც დანაშაულის იარაღი, კერძოდ, ციანიდი გამოიყენა კონკრეტული პირის წინააღმდეგიორგი

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, კონკრეტულად ვის მიმართ შეიძლებოდა ყოფილიყო მიმართული ბრალდებულის ქმედება. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ გიორგი მამალაძის ქმედება, შესაძლოა, სხვა პირების წინააღმდეგაც ყოფილიყო მიმართული. გამოძიება მუშაობს რამდენიმე მიმართულებით.

რუსუდან შელია