ნიკა ჩემია: "ამ თანხის გამო მოვკალი კაცი?" - კვირის პალიტრა

ნიკა ჩემია: "ამ თანხის გამო მოვკალი კაცი?"

ნოდარ ლომინაძე: "ამ გადაწყვეტილებას უნდობლობას ვუცხადებ! დამნაშავეები გაათავისუფლეს, საქმეს თაროზე შემოდებენ და მორჩა!"

გასულ კვირას გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას თერთმეტწლიან პატიმრობას წერტილი დაესვა - თბილისის სააპელაციო სასამართლომ" "თელასის" ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულები უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

26 წლის ნიკა ლომინაძე 2002 წლის 13 აგვისტოს საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. 2006 წლის მარტში მკვლელობა გახსნილად გამოცხადდა და დანაშაულის დამკვეთად გამოძიებამ "თბილგაზის" ყოფილი დირექტორი გია გვიჩიანი ცნო, მკვლელობის შემსრულებლებად კი ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერკილაძე, გიორგი პაპაჩაშვილი და ნოდარ გვიჩიანი (პაპაჩაშვილსა და ნოდარ გვიჩიანს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, ხერკილაძე კი ციხეში გარდაიცვალა). გია გვიჩიანსა და ნიკა ჩემიას უვადო პატიმრობა შეეფარდათ, 2014 წელს კი სააპელაციო სასამართლომ უვადო პატიმრობა ორივეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა.

ნოდარ ლომინაძე, ნიკა ლომინაძის მამა: - ამ გაუგებარ გადაწყვეტილებას უნდობლობას ვუცხადებ! დამნაშავეები გაათავისუფლეს, საქმეს თაროზე შემოდებენ და მორჩა!

ნიკა ჩემია, ყოფილი მსჯავრდადებული: - მე და გია გვიჩიანმა სასჯელი კონკრეტული პირების სიჯიუტის გამო მოვიხადეთ. ნებისმიერს შევხვდებით, სადაც უნდათ და რა ფორმატშიც, ლომინაძის მხარემ გვერდით დაისვას კომპეტენტური იურისტები და გპირდებით, დარწმუნდებიან ჩვენს უდანაშაულობაში.

- ამ საქმეში მძიმე დანაშაული - კილერობა გედებოდათ ბრალად...

- გია გვიჩიანი 2006 წელს ერთ-ერთი სასამართლო პროცესის შემდეგ გავიცანი. რაც შეეხება კრიმინალ ნოდარ გვიჩიანს, რომლის ჩვენების საფუძველზეც დამაკავეს, ადრე ვიცნობდი, უთანხმოება მოგვივიდა და 2000 წლის შემდეგ მასთან შეხება აღარ მქონია. მხოლოდ ხერკილაძესა და პაპაჩაშვილთან ვმეგობრობდი. კილერის როლზე ჩემი დამტკიცება სპონტანურად გადაწყდა. სხვების მსგავსად მეც რომ დავყოლოდი მათ ნებას და ამ დანაშაულში მონაწილეობა მეღიარებინა, ეს იარლიყი სხვას მიეკერებოდა. საქმეში არსებობს ამონაწერი საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან, რომ იმხანად საქართველოში არ ვიმყოფებოდი და ვერც ლომინაძეს ვუთვალთვალებდი. კილერი ჩადენილი მკვლელობისთვის სარგებელს ნახულობს. მე რა სარგებელი უნდა მენახა, როცა თითქოს 5.000 ლარი გადამიხადეს, აქედან 1.500 ლარად მაყუჩიანი იარაღი ვიყიდე, დანარჩენი თანხით - რამდენიმე მობილური, აქეთ-იქით სირბილში დავხარჯე დანარჩენი და ამის გამო მოვკალი კაცი? მაშინ კილერი კი არა, ალტრუისტი გამოვდივარ. ეს არის ბინძური ადამიანების: პროკურორ ანზორ ხვადაგიანის, სააკაშვილისა და მერაბიშვილის მოკერებული იარლიყი. 32 წლისა დამიჭირეს და როგორ ფიქრობთ, ასეთი საშიში ბოროტმოქმედი რომ ვყოფილიყავი, მანამდე არ ვიქნებოდი რამეში შემჩნეული? მე რომ იმათი თამაში მეთამაშა, ციხიდან დიდი ხნის გამოსული ვიქნებოდი.

მხოლოდ იმის გამო, რომ კილერის იარლიყი არ მქონოდა, მომიწია ამდენი ტანჯვის ატანამ. მე და ხერკილაძე სპეცსაკანში მოგვათავსეს და მის თვალწინ ერთი თვე მაწამებდნენ. როგორ ფიქრობთ, ერთად შემთხვევით ჩაგვსვეს? მოითხოვდნენ საპროცესოს სანაცვლოდ მეღიარებინა მკვლელობა. ამას დავიბრალებდი? საქმეში მხოლოდ და მხოლოდ "მოწმედ ქცეული" ბრალდებულების - ნოდარ გვიჩიანისა და გიორგი პაპაჩაშვილის ჩვენებებია, რითაც გირაოს საფუძველზე წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ. ნოდარ გვიჩიანი 2005 წლის ნოემბერში დააკავეს ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე. მან ნიკა ლომინაძის საქმეზე პირველი ჩვენება 5 დეკემბერს მისცა. პროკურატურას არც გადაუმოწმებია, სიმართლეს ამბობდა თუ არა, 500-ათასიანი გირაო გაუფორმა და გაათავისუფლა.

- ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 5 წელი დასჭირდა თქვენი სიმართლის დამტკიცებას.

- პროკურატურის პროფესიონალების გუნდმა სკრუპულოზურად შეისწავლა საქმე. ის ჩვენებებიც კი, რის გამოც სამუდამო პატიმრობა მოგვისაჯეს, არათუ ბრალეულობას, ჩვენს უდანაშაულობას ამტკიცებდა.

- თუ იცით, რა ეტაპზეა ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმის გამოძიება?

- თუ საქმე იმავე პროფესიონალების ჯგუფმა გამოიძია, დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში საზოგადოება სიმართლეს გაიგებს.

გია გვიჩიანს ისე მოახდევინეს 11 წელი, რომ გამოკვეთილი მოტივი არ ჰქონიათ. ყველაფერი, რაც ამ კაცს აჰკიდეს, სიცრუეა! ამ საქმეს ბევრი ჩვენი ახლობელი შეეწირა - გია გვიჩიანის მამა ინფარქტით გარდაიცვალა, ჩემს ძმას ინსულტი დაემართა, დედა დამიავადმყოფდა და გარდამეცვალა.

ჩვენს საქმეში მთელი სახელისუფლებო და ძალოვანი სტრუქტურა იყო ჩარეული ვანო მერაბიშვილითა და ზურაბ ადეიშვილით დაწყებული. საუკეთესო წლები დავკარგე, გამოვედი გაუბედურებული და საშინელი განცხადებები მესმის, რომ ჩვენ მკვლელები ვართ.

ნანა ფიცხელაური