"დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს" - ოჯახის განცხადებით, დაკავებულმა თავდაპირველად 8 წლის ბიჭის მკვლელობა აღიარა - კვირის პალიტრა

"დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს" - ოჯახის განცხადებით, დაკავებულმა თავდაპირველად 8 წლის ბიჭის მკვლელობა აღიარა

მდინარე ტეხურაში სენაკში გაუჩინარებული 8 წლის ბიჭუნას სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. ამ საქმეზე დაკავებულს კი ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სასამართლომ მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

დაკავებულს გამოძიება სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირის დაუხმარებლობას გულისხმობს.

სასამართლოსთან ბავშვის ოჯახის წევრები არიან შეკრებილი, ისინი საქმის გადაკვალიფიცირებას და ძიების განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელებას მოითხოვენ.

ოჯახის ახლობლის განცხადებით, დაკავებულმა თავდაპირველად მკვლელობა აღიარა, თუმცა შემდეგ ეს გადათქვა და განაცხადა, რომ ნიკა ჯართს აგროვებდა, როცა მდინარე ტეხურაში ჩავარდა და მან ბავშვს დახმარება არ გაუწია, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე იმყოფებოდა.

ოჯახის წევრების მტკიცებით, თავდაპირველი აღიარება დაკავებულს ადვოკატმა გადაათქმევინა.

შეგახსენებთ, ნიკა გაბეჩავა 24 თებერვალს, დაახლოებით დღის 3 საათზე, ჩავიდა ეზოში და გაქრა... ოჯახმა და მეზობლებმა, სამართალდამცველებთან ერთად, რამდენიმე დღის განმავლობაში თითქმის ყველა ის ადგილი მოიარეს, სადაც ბავშვი შეიძლებოდა წასულიყო, თუმცა, ამაოდ. მშობლები შვილის უვნებლად პოვნის იმედს არ კარგავდნენ, მაგრამ…

ბავშვის ბიცოლამ kvirispalitra.ge-სთან განაცხადა, რომ დაკავებული გაბეჩავების მეზობელია: " მომხდარის დაჯერება კიდევ მიჭირს, რა უნდოდა ჩვენს პატარასთან. როგორ მოკლა ჩვენი ნიკა, როგორ ასწია ხელი მასზე. დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს".

ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გუშინ პოლიციაში შეჭრა სცადეს.

იხილეთ ასევე: "პოლიცია მოვიდა და მშობლებს ეს საშინელი ამბავი უთხრა" - 8 წლის დაკარგულ ბიჭს მდინარე ტეხურაში ეძებენ, დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი