დაკავებული დეკანოზის ჩვენების სკანდალური დეტალები
06-03-2017
დაკავებული დეკანოზის ჩვენების სკანდალური დეტალები
"იარაღი, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინიდან ამოიღეს­, მთავარ მოწმეს, ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის"

გასულ კვირას დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა მატროსოვის ციხეში 8 საათი გაგრძელდა. დაკავებულ სასულიერო პირს, სავარაუდოდ, კიდევ ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. იგი ჩვენების მიცემამდე ძალოვანებს ოჯახის უსაფრთხოების დაცვას სთხოვს და იმედი აქვს, რომ სამართალდამცავები ამ პრობლემას მოაგვარებენ.

"თუ ერთ მტკიცებულებას მაინც მომიტანენ, რომ მას სურდა შორენას მოკვლა, ხმას არ ამოვიღებ"


ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ მამა გიორგი უდანაშაულოა:


- მამა გიორგიმ 30-გვერდიანი ჩვენება მისცა. თავიდან თხრობით დაიწყო. შემდეგ გაჩნდა დამატებითი შეკითხვები, რომლებიც საქმეს არ უკავშირდებოდა. მაშინ მამა გიორგიმ თქვა, თუ ჩემი ოჯახი და ჩემი უსაფრთხოება იქნება დაცული, მაშინ გავცემ პასუხსო, მაგრამ დღემდე მისი ოჯახის უსაფრთხოება დაცული არ არის. მოწმე ირაკლი მამალაძეს კი დაცვა
დაჰყვება. მამა გიორგის ოჯახს არ სჭირდება დაცვა იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც მასზე გავრცელდა, და ირაკლი მამალაძეს სჭირდება?

დღემდე ადვოკატებს არ გვაძლევენ დეტალებზე საუბრის უფლებას, არადა, ხელი რომ არ მოგვეწერა გაუთქმელობაზე, მასალებს არავინ მოგვცემდა. ჩვენ ახლა ბეწვის ხიდზე დავდივართ, რადგან, მინიმუმ, შეიძლება საქმეს ჩამოგვაცილონ. 10 დღე მამა გიორგის უთვალთვალებდნენ, მოსასმენი აპარატურა დაუმონტაჟეს, მას ძალოვანებთან შეთანხმებით ხვდებოდა ირაკლი მამალაძე და სასამართლოს ნებართვის აღებამდეც მალულად იწერდა. ბოლო დღეები მის ყველა­ ნაბიჯს აკონტროლებდნენ, მაშინ სად არის ჩანაწერი, რომ მან შეიძინა ციანიდი?

მამა გიორგის არც ციანიდი უყიდია, არც ჰქონია, მას ჩანთაში ჩაუდეს. საქმეში პატარა ჩანაწერია, რაც მის ბრალეულობას არ ადასტურებს.

- ჩანაწერებში ციანიდი არ ფიგურირებს?

- სამწუხაროდ, ვერ ვისაუბრებ, თუმცა გეტყვით, რომ მამა გიორგის დაინტერესება აშკარად არ არის. გაასაჯაროონ ჩანაწერები და საზოგადოება დარწმუნდება მამა გიორგის უდანაშაულობაში, ოღონდ თავიდან ბოლომდე გაასაჯაროონ და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილი მასალა.

- ჩანაწერებში ისმოდა ფრაზა "შორენა მარილზე უნდა წავიდეს"?

- არც ერთი ფრაზა არ არის, რომელიც დაადასტურებს, რომ მამა გიორგი მკვლელობას ამზადებდა.

- მაშინ ის გვითხარით, ვის ინტერესში შედიოდა მამა გიორგის დაკავება?

- ამ დეტალებზე უნდა მამა გიორგის საუბარი და ამიტომ ითხოვს ოჯახის უსაფრთხოებას. ბრალი 12 თებერვალს წაუყენეს და 14 თებერვალს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს არ უხსენებია, რა ეწერა ბრალში. უდანაშაულობის პრეზუმფცია ყველანაირად დაარღვიეს, ცალკე მუხლი დაირღვა იმით, რომ საქმის მასალები სხვებს ანახეს. სასაცილოა, ამ საქმეზე ლაპარაკობს ყველა, გარდა საქმის ადვოკატებისა... თუ ერთ მტკიცებულებას მაინც მომიტანენ, რომ მას სურდა შორენა თეთრუაშვილის მოკვლა, ხმას არ ამოვიღებ.
მამა გიორგი წნეხში ჰყავთ, სასულიერო პირებს მისი ნახვა აუკრძალეს. როცა ადვოკატები პატრიარქს შევხვდით, მან გვითხრა, მე მისგან ორგულობა არასოდეს გამიგონიაო. მამა გიორგი ამბობს, ჩემთვის მთავარია, ჩემი სჯეროდეს პატრიარქს და მერე ვიბრძოლებ ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლადო.

- რას ამბობს ჩვენებაში ირაკლი მამალაძეზე?

- ირაკლი მისი გარე ბიძაშვილია, ირაკლის ძმისშვილიც ჰყავს მონათლული. მისი ჩვენება რომ მივუტანე, წაკითხვა არ უნდოდა, ადამიანურად გაუჭირდა იმასთან შეგუება, რომ ეს ახლობელმა გაუკეთა.

- სოსო ოხანაშვილი ფიგურირებს ამ ჩანაწერებში­?

- არ ფიგურირებს, არ ვიცი, რატომ აკავშირებენ ამ საქმესთან.

- მაშინ რატომ ამბობს, რომ შეიძლება დააკავონ?

- ჩვენ ვნახეთ, როგორ დააკავეს უდანაშაულო მამა გიორგი და შეიძლება სხვაც დააკავონ. მთავარია, ვინმეს თვალში არ შეეჩხირო.

- მამა გიორგი მეუფე დიმიტრის ნახვას ითხოვსო, მართალია?

- თავიდან მეუფე ანდრიამ და მეუფე პეტრემ მოინახულეს. მეუფე დიმიტრის ხელში გაზრდილია. ვფიქრობ, მეუფე დიმიტრი მას მოინახულებს.

- ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, მამა გიორგი საპატრიარქოში არსებულ ფინანსურ მაქინაციებს ემსხვერპლა. ამაზე ისაუბრა?

- 2015 წლიდან მოყოლებული მამა გიორგიმ არაერთი წერილი გაგზავნა საპატრიარქოში და ითხოვდა, სინოდს განეხილა იქ მოყვანილი ფაქტები. ამბობს, პირადად პატრიარქს ვესაუბრე ამ საკითხებზე. ბოლო წერილში ვწერდი, თუ არ დაინტერესდებით აქ მოყვანილი ფაქტებით, მაშინ მე ამ თანამდებობიდან გადამაყენეთო. Mარაერთხელ შევიტანე განცხადება, მაგრამ არათუ განიხილეს, არამედ სინოდის სხდომაზე განსახილველ საქმეთა სიაშიც კი არასოდეს მოხვედრილაო. მამა გიორგი ერიდება საპატრიარქოს შიდა თემებზე საუბარს, რადგან არ უნდა გასაჯაროება, მაგრამ პროკურატურას მხოლოდ ეს საკითხები აინტერესებდა.

- პროკურატურა ამბობს, რომ მამა გიორგიმ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, რადგან მას კრიტიკული კითხვები დაუსვეს.

- სიცრუეა. იმ დღეს ძალიან ცუდად იყო. არც ადვოკატებს გვინახავს და არც პროკურორებს. ექიმს შევხვდით და მან გვითხრა, ციება აქვს, სიცხე დაუვარდა 35,5-ზე, წნევაც დაბალი აქვს და საკანში აღებინა კიდეც. კანკალებს, ფეხზე რომ დგას, იკეცება და ვერ შეძლებს ჩვენების მიცემასო. მაშინ ვუთხარით, ეს დაეწერა ექიმს, მაგრამ კატეგორიული უარი თქვა, ამას მე ვერ დავაფიქსირებო. ამის მერე ვთხოვეთ, იგივე ეთქვა პროკურორებთან, მაგრამ იქ თქვა, ცუდ­ად არის, მაგრამ ჩაის თუ დალევს, გამოკეთდება და დაჰკითხეთო. ექიმის ამ პასუხზე აღვშფოთდით. გამოვიდნენ პროკურორები და თქვეს, კრიტიკული შეკითხვები რომ დაუსვით, არ უპასუხაო, არადა, მამა გიორგის საერთოდ არ შეხვედრიან.

- სამარტოო საკანშია?

- დიახ, და 24-საათიანი ვიდეო­თვალთვალია. სანამ უფლებას მისცემდნენ, ოჯახს მისთვის ტანსაცმელი შეეგზავნა, ციხის ადმინისტრაციამ მას ტანსაცმელი, ლოცვების წიგნი და სანთლები მისცა.

"პროკურატურას ნამუსი რომ ჰქონდეს, ცრუ დასმენისთვის ირაკლი მამალაძეს უნდა აგებინოს პასუხი"


მამა გიორგის მეორე ადვოკატი მიხეილ­ რამიშვილი მეტ დეტალს ასაჯაროებს:

- მოვითხოვთ, ეს საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ, თუმცა ჯობს, პროკურატურამ აღიაროს, რომ აბსურდული საქმეა.
მამა გიორგიმ მითხრა, ვიბრძოლოთ ბოლომდე, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდესო.

- ჩვენებაში თუ თქვა მამა გიორგიმ, იარაღი როგორ აღმოჩნდა მასთან?

- ის იარაღი, რომელიც ამოიღეს­ დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინიდან, ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის.
ძველით ახალ წელს მისულა მასთან, პრობლემა მაქვს პოლიციასთან, ამიტომ არ მინდა, სახლში მქონდეს და გთხოვ, შემინახეო. როცა იარაღი მიუტანა, მაშინ უკვე დაწყებული იყო საქმის მოკვლევა, როგორც ჩანს, იფიქრეს, თავი დავიზღვიოთ, საქმე გავამყაროთ მტკიცებულებითო და ირაკლი მამალაძემაც მიუტანა იარაღი. კარგად იცოდა, რომ შეუნახავდა. მამა გიორგიმ უთხრა კიდეც, თუ ეს იარაღი არაოფიციალურია, ჩააბარე პოლიციას და მოიშორეო. ცოტა ხანი იყოს შენთან და მერე წავიღებო. სწორედ ეს იარაღი ამოიღეს მამა გიორგის ბინიდან. პროკურატურას ნამუსი რომ ჰქონდეს, ცრუ დასმენისთვის ირაკლი მამალაძეს უნდა აგებინოს პასუხი, ამის ნაცვლად ის დაცვით დადის დღეს და უტიფრად გაიძახის, პატრიარქის მოწამვლა იგეგმებოდაო.

"გარკვეული ძალები ცდილობენ, მეც მომიწყონ პროვოკაცია"


- მამა გიორგი­ კატეგორიულად ამბობს, მითხარით, რა ანგარება უნდა მქონოდა, შორენა რატომ უნდა მომეწამლაო? მას პატრიარქთან ძალიან ხშირი ურთიერთობა ჰქონდა.­

ჩვენებაში ამბობს, რომ გერმანიაში წასვლამდე დღეში რამდენიმეჯერ რეკავდა გერმანიაში, პატრიარქის ჯანმრთელობას კითხულობდა. პროტოკოლით იყო ვალდებული, იქ ყოფილიყო, რადგან კლინიკის დირექტორია. ამაზეც ლაპარაკობს თავის ჩვენებაში...

ადვოკატმა ის მძიმე სიტყვებიც წამიკითხა, რომელიც ციხეში მყოფმა დეკანოზმა დაწერა: - იმ დღეს მომცა ნაწერი და მითხრა, წამეკითხა პროკურორებისთვის და შემდეგ მიმეტანა წმინდა სინოდის წევრებთან.

"ყოვლად წმინდა სამებავ, კრულყვოს, მზე დაუბნელოს, ზეცამ წვიმა არ მისცეს, მიწამ ნაყოფი შეუწყვიტოს, წყალი სისხლად ექცეს და მისი სისხლი წყლად, თუ მე შევიძინე ციანიდი პატრიარქის, რომელიმე სასულიერო პირის ან შორენას მოსაწამლად. მე ვიყო ჩემი ოჯახით წყეული, ან ყველა ის პიროვნება და მისი ოჯახი, ვინც ეს მე მომიწყო და ჩამიდო ჩანთაში საწამლავი. აწ და უკუნისამდე ამინ"
ჯვარი ჰქონდა წერილს დასმული. ეს სიტყვები წავუკითხე პროკურორებს და გადაღებულიც აქვს გამოძიებას. იქიდან გამოსულმა პროკურორებმა თქვეს, მამა გიორგიმ დაგვწყევლაო. მამა გიორგიმ ის ხალხი დაწყევლა, ვინც მოუწყო ეს ყველაფერი.
ეს წერილი წმინდა სინოდისთვის უნდა წამეღო, მის აღსრულებას ითხოვდა მამა გიორგი, ანუ ანათემაზე გადაცემას, მაგრამ მოცვივდნენ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ვერ გაიტანთო. მამა გიორგი იქვე იდგა და ისევ მას დავუბრუნე, რადგან გამოტანის უფლება­ არ მომცეს. ამაზე მეტი რა უნდა თქვას ადამიანმა?! რომელი მოძღვარი, თან სამი შვილის მამა დაიწყევლება ამ სიტყვებით, დაწყევლის ოჯახს და შვილებს გაწირავს?!

დაკითხვაზე მამა გიორგის ეკითხებოდნენ, ვინ რომელ დაჯგუფებაშია და ვინ ვის მხარეს არის, რაზეც მან პასუხი არ გასცა.
ჩვენებაში ამბობს, რომ შორენასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ხანდახან იყო გაუგებრობა, როგორიც, ჩვეულებრივ, ადამიანებს აქვთ ხოლმე. იმ ჩანაწერებში თემატიკა ძალიან აღრეულია: ნათესავები ყველაფერზე ლაპარაკობენ, მათ შორის მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებანიც არის ნახსენები, არის საუბარი შორენასა და უამრავ სხვა პირზე. არის კიდევ ასეთი ფრაზა: "მე იმას ზაბარტომ გადავაგდებ", რას ნიშნავს ეს? ან "მისი მოღვაწეობა და საქმიანობა უნდა გააჩერო"... ვითხოვთ მთლიანად გაასაჯაროონ ჩანაწერები და დავამთავროთ ეს სპექტაკლი.

მაჩვენონ მტკიცებულებები და გპირდებით, მთელ საზოგადოებას ვეტყვი, შევცდი, ბოდიში, რომ მოვლენებს წინ გავუსწარით-მეთქი. ჩემი ვარაუდით, ეტყობა, ვიღაცას არ მოეწონა საპატრიარქოს ფინანსური საკითხების გახმაურება და მამა გიორგის ეს ყველაფერი მოუწყვეს. ეს ჩემი პირადი ვერსიაა, თავის ვერსიას, ალბათ, მამა გიორგი იტყვის მას მერე, რაც მისი ოჯახის უსაფრთხოება დაცული იქნება...
გარკვეული ძალები ცდილობენ, მეც მომიწყონ პროვოკაცია. მას მერე, რაც ვერ გამაჩუმეს, ისეთი ადამიანები დამიკავშირდნენ, რომლებიც წლებია არ მინახავს. ზოგი სადღაც გაყოლას მთხოვს, ზოგი მეუბნება, რომ ტელეფონში ვერ მეტყვის და სადღაც მიბარებს, მაგრამ ყველას გასაგონად ვამბობ, მე ვერ გამაჩუმებენ. არ წამოვეგები პროვოკაციებს. რომ გამაჩუმონ, მაშინ უნდა გამაგორონ...
მამა გიორგი ზიარებას ითხოვს, სავარაუდოდ, ამ დღეებში მასთან სასულიერო პირები შევლენ და აზიარებენ. რას ეტყვის სასულიერო პირებს აღსარებაში, ეს საიდუმლოდ დარჩება, თუმცა ფაქტია, ეს საქმე ამ კვირაშიც აქტუალური იქნება.

ამონარიდი დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩვენებიდან


"დილის 6 საათზე მოხდა ჩემი აყვანა. იმ დილით აეროპორტში ჩემმა მძღოლმა მიმიყვანა. ჩავაბარე ბარგი. ჩანთა და ორი ყუთით საპატრიარქოს ღვინოები მიმქონდა გერმანელი ექიმებისთვის საჩუქრად. გავიარე რეგისტრაცია და შემდეგ ფოიეში ვიჯექი, ველოდებოდი, როდის დაიწყებოდა თვითმფრინავში ჩასხდომა, გამოაცხადეს ჩასხდომა, გავედი გარეთ და ჩავჯექი ავტობუსში, რომელსაც თვითმფრინავამდე უნდა მივეყვანე. ავტობუსში რამდენიმე ადამიანი იჯდა, ჩემთვის უცხო პირები იყვნენ, ბუნებრივია, მე ისინი მგზავრები მეგონა, დავჯექი სკამზე და უცებ დამეტაკნენ, ერთმა უკნიდან პირზე ხელი ამაფარა, სახეში მომკიდა ხელი, მერე ხელები გამიკავეს და ხელბორკილები დამადეს. უცებ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, გაგიჟებული ვეკითხებოდი, რა ხდება-მეთქი. არც ერთს პოლიციელის ფორმა არ ეცვა. ასე ხელბორკილდადებული გამიყვანეს აეროპორტიდან და ჩამსვეს მანქანაში. ვკითხულობდი მიზეზს. საჭესთან ვინც იჯდა, იმან მითხრა, იცი, რისთვის ხარ დაკავებულიო? რისთვის, ამიხსენი-მეთქი, პირდაპირ მომახალა, შენ პატრიარქი უნდა მოგეწამლაო და მაშინ მითხრეს, რომ დაკავებული ვიყავი პატრიარქის მოწამვლის მცდელობისთვის. გაოგნებული ვიყავი. მიმიყვანეს პროკურატურის შენობაში, სანამ ეზოში ჩვენი მანქანა შევიდოდა, მანამდე ჯიპი შევიდა, მერე ჩვენც შევედით და მანქანა გაჩერდა. იმ ჯიპიდან გადმოვიდა საშუალო სიმაღლის მამაკაცი, მეც გადმომიყვანეს მანქანიდან, ის მამაკაცი გამეცნო როგორც მამუკა ვასაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე. მკითხა, იცი, რისთვის ხარ დაჭერილიო? ვუთხარი, რომ გაურკვეველი იყო ჩემთვის, თუ რაზე მაკავებდნენ. მისგან მივიღე პასუხად იგივე - პატრიარქის მოწამვლას აპირებდი და ამიტომ ხარ დაკავებულიო. ამის მერე შემიყვანეს შენობაში და როცა შევიტყვე, რას მაბრალებდნენ, დუმილის უფლება გამოვიყენე.

დაკავებიდან 6 საათი იქ ერთ ოთახში ვიყავი გამოკეტილი და ჩემთან ადვოკატი 6 საათის მერე გამოჩნდა. მომხდარით აღშფოთებული ვიყავი. იქ 6 საათი ყველაფერი შემიზღუდეს, მერე მოიტანეს ჩემი ჩანთა და მითხრეს, რომ ციანიდი აღმოჩნდა... მერე ბრალი რომ მომიტანეს, მაშინ გავიგე, რომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დამდეს ბრალი. ეს ტყუილია და თავს წაყენებულ ბრალდებებში დამნაშავედ არ ვცნობ".

ირაკლი მამალაძე: "იარაღთან არასოდეს მქონია შეხება"


ჩვენ ასევე დავუკავშირდით მოწმე­ ირაკლი მამალაძეს, რომელსაც მამა გიორგი ამხელს და ამბობს, რომ იარაღი შესანახად სწორედ მან გადასცა.

- როგორც შევიტყვეთ, მამა გიორგი თავის ჩვენებაში ამბობს, რომ იარაღი, რომელიც მამა გიორგის ბინიდან ამოიღეს, თქვენ გადაეცით ძველით ახალ წელს.

- მითხარით, საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, რომელი წყაროსგან?

- გვაქვს ინფორმაცია, რომ მამა გიორგის ჩვენებაში ასე წერია.

- ჯერ არ დასრულებულა მისი დაკითხვა და თქვენ ვინ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია?

- ცნობილია, რომ მამა გიორგიმ გამოძიებას 30-გვერდიანი ჩვენება მისცა, სადაც იარაღის საკითხზეც საუბრობს. ამბობს, რომ შესანახად თქვენ მიეცით.

- გამოძიებას ამის შესახებ არ დავუკითხავვარ და ვერაფერს გეტყვით. ისე, აბსურდია, მე იარაღთან არასოდეს მქონია შეხება.



თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები