ტრაგედია სენაკში - კვირის პალიტრა

ტრაგედია სენაკში

"ნიკა შორს არსად დადიოდა, არც მშობლის ყურადღება აკლდა, იმ დღეს სათამაშოდ გავიდა ეზოში და დაიკარგა"

24 თებერვალს სენაკში დაკარგულ 8 წლის ნიკა გაბეჩავას რამდენიმე დღეა მდინარე ტეხურაში სამაშველო სამსახური უშედეგოდ ეძებს. მშობლები შვილის მკვლელობაში მეზობელს ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, ბრალდებულმა 8 წლის ბიჭს თავში ქვა ჩაარტყა, შემდეგ კი ტეხურაში გადააგდო. საქმეზე დაკავებულ ლევან ბარძიმაშვილს, რომელმაც რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება, სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ლადო გაბეჩავა, ნიკას ბიძა: - ბარძიმაშვილი ამბობდა, მდინარის სანაპიროზე ჯართს ვაგროვებდით, ნიკამ შემაგინა, თავში ქვა ჩავარტყი, მოვკალი და მდინარეში გადავაგდეო. დღის მეორე ნახევარში კი შეცვალა ჩვენება, ბავშვს ქვაზე ფეხი დაუსხლტა, წყალში ჩავარდა და ვერ გადავარჩინე, ცურვა არ ვიციო. ამბობენ, რომ ის ფსიქიკური ავადმყოფია, თუმცა არც ისეთი, ვერ გაიაზროს რას აკეთებს და რას ამბობს. ნიკა შორს არსად დადიოდა, არც მშობლის ყურადღება აკლდა, იმ დღეს სათამაშოდ გავიდა ეზოში და დაიკარგა. შორიახლოს არსებულმა კამერამ დააფიქსირა, რომ ისინი ხიდზე ერთად მიდიან, ამის შემდეგ დაჰკითხეს ბარძიმაშვილი.

ჩემი ძმა სენაკში ნაქირავებ სახლში ცხოვრობს. ჩემი რძალი ორი თვის წინ მეორე, 4 წლის შვილთან ერთად თურქეთში წავიდა სამუშაოდ. ნიკა გულის მანკით დაიბადა და პირველი ოპერაცია ახალშობილს გაუკეთეს, 9 წლის ასაკში მეორე ოპერაცია უწევდა. ტეხურა არ არის იმსიღრმე მდინარე, ბავშვი თუ ჩავარდა, ვერ გამოეღწია - ნიკამ ცურვა იცოდა.

ლაშა ხოშტარია, ლევან ბარძიმაშვილის ადვოკატი: - როცა საქმეში ჩავერთე, ბრალდებული უკვე ორჯერ იყო დაკითხული და უკვე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად გაჰყავდათ. ბრალდებულმა დეტალურად აღწერა ვითარება - ბავშვს ქვაზე ფეხი დაუსხლტა, წყალში ჩავარდა, არც ბავშვს სცოდნია ცურვა, არც მე ვიცოდი, ვყვიროდი, ვინმე მომხმარებოდა, მაგრამ ვერავის მივაწვდინე ხმაო.

- რატომ შეცვალა ჩვენება?

- ამბობს, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გავუძელი, პროკურორთან დაკითხვაზე სიმართლე ვთქვი და ახლაც იმავეს ვამბობ, მაგრამ გამომძიებელს წინააღმდეგობა ვერ გავუწიეო.

- ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა ბრალდებულს?

- ჯერ არა, თუმცა აშკარაა, რომ ავადმყოფია, პარანოია აქვს. მარტო გარდაცვლილის ოჯახს კი არა, ბრალდებულის ნათესავებსაც აინტერესებთ, რა მოხდა. ძალადობას თუკი ჰქონდა ადგილი, ის ოჯახისთვისაც სახიფათოა, ასე რომ, არანაირი ინტერესი არ არის, რომ ოჯახს სასჯელის არიდება უნდოდეს. მეზობლებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, წინა საღამოს ლევანს და ნიკას მამას ერთად დაულევიათ.

ვიდეოფირზე ჩანს, რომ ნიკა და ლევანი ხიდიდან მდინარის ნაპირისკენ, ანუ შემთხვევის ადგილამდე ჩადიან. კადრიდან როცა იკარგებიან, 13 წუთში ბარძიმაშვილი უკან ბრუნდება და ხიდიდან მდინარეს გადაჰყურებს, თითქოს რაღაცას თუ ვიღაცას ეძებს მდინარეში.

- მდინარეზე რა მიზნით წავედითო, რას ამბობს?

- როგორც სოფელში ამბობენ, ბავშვი ჯართს აგროვებდა ხოლმე. ბრალდებულიც ამას ამბობს, თუმცა შემთხვევის ადგილზე ჯართი არ აღმოჩენილა.

- ამბობენ, ბავშვმა ცურვა იცოდა და მდინარეც არ არის ისეთი ღრმა, რომ მისი დახმარება გასჭირვებოდა.

- მდინარის სიღრმე 1 მეტრზე მეტია, დინებაც ჩქარია და მასში ზრდასრულიც შეიძლება დამხრჩვალიყო. გვამის დროულად აღმოჩენა ამ საქმეს ნათელს მოჰფენს.

ნანა ფიცხელაური