"აუდიტორია 115"-ის წევრები გამოცდების გადატანისთვის ყალბ ცნობებს ამზადებდნენ?! - კვირის პალიტრა

"აუდიტორია 115"-ის წევრები გამოცდების გადატანისთვის ყალბ ცნობებს ამზადებდნენ?!

წყაროს ცნობით, უნივერსიტეტში წარდგენილი გაყალბებული დოკუმენტების შესახებ თსუ-ის რექტორიც ინფორმირებულია, მეტიც, საქმე შიდა აუდიტის სამსახურმაც შეისწავლა და დოკუმენტების სიყალბე დაადგინა, თუმცა ამას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია

გამოცდების გადატანის მიზნით, სტუდენტმა თავი მოცვის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლად გაასაღა?!

სტუდენტურმა მოძრაობა "აუდიტორია 115"-მა თსუ-ის მეექვსე კორპუსი სამთვიანი პიკეტირების შემდეგ, რამდენიმე დღის წინ დატოვა. სტუდენტების მტკიცებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამენტმა უმაღლესი განათლების შესახებ"კანონში შესატანი ცვლილებათა კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის მიღებასაც ისინი ითხოვდნენ.

როგორ გაგრძელდება პარლამენტის განათლების კომიტეტისა და "აუდიტორია 115"-ის ურთიერთობა, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა შესაძლოა, ისეც იყოს საქმე, რომ განათლების სფეროს რეფორმისთვის თუ მშრომელთა უფლებების დაცვისათვის ბრძოლის პარალელურად, "აუდიტორია 115"-ის ზოგიერთი წევრი სხვადასხვა მაქინაციით თავად არიდებდა თავს განათლების მიღების პროცესის მნიშვნელოვან ეტაპს - გამოცდებს. კერძოდ, როგორც "კვირის პალიტრას" უნივერსიტეტიდან კომპეტენტურმა პირებმა აცნობეს და შესაბამისი დოკუმენტაცია მიაწოდეს, "აუდიტორია 115"-ის ზოგიერთი ლიდერი თუ წევრი გამოცდების გადავადების მიზნით თსუ-ში ყალბი ცნობების წარდგენასაც არ ერიდებოდა.

უფრო კონკრეტულად: წყაროს ინფორმაციით "აუდიტორია 115"-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ჩიხლაძემ, ამავე მოძრაობის წევრ თეიმურაზ ბეჟანიძეს დაამზადებინა ყალბი ცნობა, რომელიც თსუ-ში წარადგინა და დოკუმენტის საფუძველზე საგამოცდო თარიღი გადაავადებინა. დოკუმენტაციაში, რომლის ასლი წყარომ მოგვაწოდა და მისი მტკიცებით, დედანი უნივერსიტეტში ინახება, იკითხება: "2017 წლის ორ თებერვალს გიორგი ჩიხლაძე ესწრებოდა "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა"და "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" მიერ ორგანიზებულ ვორქშოპს, თემაზე: "უმაღლესი განათლების გამოწვევები და უნივერსიტეტების ჩართულობა". წყაროს ცნობით, იმისათვის, რომ გიორგი ჩიხლაძე უკვე გადადებულ გამოცდაზე ისევ არ მისულიყო, მან კვლავ დაამზადებინა თეიმურაზ ბეჟანიძეს ყალბი სამსახურებრივი მივლინების ცნობა, სადაც განმარტებულია, რომ "სტარტ აპ საქართველოს" მხარდაჭერით 2017 წლის 12 თებერვლიდან 2017 წლის 22 თებერვლამდე პოლონეთში კომპანია "ლაგოდოვა პოლანას" ოფისში ევროპის მასშტაბით მოცვის მწარმოებელ კომპანიებსა და დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საქართველოდან თურმე გიორგი ჩიხლაძე, როგორც კომპანია "ვანრიკ გრუპის" (მოცვისა და მაყვლის მწარმოებელი კომპანია) წარმომადგენელი მიიწვიეს. ამავე ინფორმაციის თანახმად, გიორგი ჩიხლაძემ უნივერსიტეტში მის მიერ წარდგენილ აღნიშნულ ყალბ ცნობასთან ერთად, აგრეთვე წარადგინა სასტუმრო VIჩთOღIA-ს კალკულაცია და ასევე მის სახელზე თვითმფრინავის ბილეთის ჯავშანი.

ინფორმირებული წყაროს ცნობით, "აუდიტორია 115"-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ჭოველიძემ თსუ-ში "არდი ჯგუფის" მიერ გაცემული ყალბი ცნობა წარადგინა, სადაც განმარტებულია, რომ ამავე სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული ლევან ჭოველიძე იმყოფებოდა "არდი მედის" ოჯახის ექიმთან (ექიმი ლია მანჯგალაძე), სადაც მას ექიმმა 2 თებერვლიდან 7 თებერვლის ჩათვლით დაუნიშნა მედიკამენტოზური თერაპია და ბინაზე მკურნალობის რეკომენდაცია მისცა. კომპეტენტური წყაროს ინფორმაციით, მოგვიანებით ჭოველიძემ თსუ-ში კიდევ ერთი ცნობა წარადგინა, ამჯერად "ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი XXI"-ის მიერ გაცემული, სადაც განმარტებულია, რომ ის ამავე ორგანიზაციის ტრენინგებში მონაწილეობდა, რომელიც გაიმართა მსოფლიო ბანკისა და ორგანიზაცია პეოპლე ინ ნეედ-ის მხარდაჭერით, შესაბამისად, უნივერსიტეტში გამოცხადებასაც ვერ ახერხებდა. კომპეტენტური წყაროს ინფორმაციით, ყალბი ცნობების წარდგენით ლევან ჭოველიძემ გამოცდის ჩაბარების თარიღის რამდენჯერმე გადავადება მოახერხა.

"ამავე ინფორმაციის თანახმად, სადაზღვევო კომპანია "არდის" ყალბი ცნობა უნივერსიტეტში "აუდიტორია 115"-ის კიდევ ერთმა ლიდერმა, ვლადიმერ ჩაჩუამ წარადგინა, სადაც იკითხება, რომ ამავე სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული ჩაჩუა იმყოფებოდა "არდი მედის" ოჯახის ექიმთან (ექიმი ლია მანჯგალაძე), სადაც მას ექიმმა დაუსვა დიაგნოზი "მწვავე რესპირატორული ინფექცია", 2 თებერვლიდან 7 თებერვლის ჩათვლით მედიკამენტოზური თერაპია დაუნიშნა და ლევან ჭოველიძის მსგავსად, მასაც ბინაზე მკურნალობის რეკომენდაცია მისცა. ამ ცნობის წარდგენით ვლადიმერ ჩაჩუამაც გამოცდის ჩაბარების თარიღი გადაავადა. კიდევ ერთი მსგავსი დოკუმენტი თსუ-ში "აუდიტორია 115"-ის წევრმა გიორგი ჯოხაძემაც წარადგინა, რომელშიც მითითებულია, რომ ჯოხაძე "ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი XXI"-ის მიერ გამართულ ტრენინგებში 1-ლი თებერვლიდან 7 თებერვლის ჩათვლით მონაწილეობდა. ბუნებრივია, შესაბამისი ცნობის საფუძველზე, გამოცდის გადავადება ჯოხაძემაც მოახერხა.

სხვათა შორის, 2 თებერვლიდან 7 თებერვლამდე ის პერიოდია, როდესაც "აუდიტორია 115"-მა საპროტესტო აქციები რუსთავის ქარხანა""აზოტიდან" გათავისუფლებული მუშების მხარდასაჭერად დაიწყო.

წყაროს ცნობით, უნივერსიტეტში წარდგენილი გაყალბებული დოკუმენტების შესახებ თსუ-ის რექტორიც ინფორმირებულია, მეტიც, საქმე შიდა აუდიტის სამსახურმაც შეისწავლა და დოკუმენტების სიყალბე დაადგინა, თუმცა ამას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია. ინფორმაციის გადამოწმება ჯერ თსუ-ის კანცლერ ნუნუ ოვსიანიკოვასთან, შემდეგ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და რექტორთანაც ვცადეთ, თუმცა კითხვაზე - რექტორის მითითებით, შიდა აუდიტის სამსახურს დაავალეს თუ არა ზემოხსენებული ინფორმაციის შესწავლა და საერთოდ, არის თუ არა აღნიშნული ინფორმაცია რეალური, მხოლოდ ასეთი შინაარსის ოფიციალური წერილი მივიღეთ: "ამ ეტაპზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა აუდიტის სამსახური ამ საკითხს არ სწავლობს".

პარალელურად, დოკუმენტაციაში მითითებულ ორგანიზაციებს დავუკავშირდით და მათთან შევეცადეთ გადაგვემოწმებინა დოკუმენტების ნამდვილობა."

"ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორმა გიორგი კოპალეიშვილმა განგვიცხადა, რომ 2 თებერვლიდან 7 თებერვლამდე "უმაღლესი განათლების გამოწვევები და უნივერსიტეტების ჩართულობაზე" მათი ორგანიზებით ვორქშოპი საერთოდ არ გამართულა.

"სტარტ აპ საქართველოში" არ დაგვიდასტურეს, რომ ევროპის მასშტაბით მოცვის მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრაზე გიორგი ჩიხლაძე იმყოფებოდა.

რაც შეეხება "არდი ჯგუფის" მიერ გაცემულ ცნობას, ექიმმა ლია მანჯგალაძემ კომპანიის წარმომადგენელ ეკა სილაგაძესთან გადაგვამისამართა, თუმცა მან რამდენიმესაათიანი ფიქრის შემდეგ გვიპასუხა, რომ კომპანია მესამე პირზე ინფორმაციას არ გასცემს.

როდესაც სტუდენტ გიორგი ჯოხაძეს ტელეფონით დავუკავშირდით, ჩვენი ხმა გამართულად ესმოდა, თუმცა, როდესაც შეკითხვა დავუსვით, იმყოფებოდა თუ არა "ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი XXI"-ის მიერ გამართულ ტრენინგებზე, რამდენჯერმე გაგვიმეორა, რომ გადაადგილდებოდა და შეკითხვის შინაარსს ვეღარ იგებდა, რის შემდეგაც ტელეფონი საერთოდ გაგვითიშა. მოგვიანებით მასთან დაკავშირება რამდენჯერმე ვცადეთ, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა. შეკითხვის დასმის შემდეგ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა სტუდენტმა თეიმურაზ ბეჟანიძემაც. ჩვენმა შეკითხვამ დააბნია სტუდენტი გიორგი ჩიხლაძეც, რომელმაც რამდენჯერმე გაგვამეორებინა შეკითხვა, მართლაც იმყოფებოდა თუ არა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" მიერ ორგანიზებულ ვორქშოპზე, მოგვიანებით კი პოლონეთში

"ვანრიკ გრუპის" წარმომადგენლად. დაახლოებით ოცწამიანი პაუზის შემდეგ მან მხოლოდ ასეთი პასუხი გაგვცა: "კვირის პალიტრასთან" არ ვსაუბრობ"; ლევან ჭოველიძისგან კი მივიღეთ პასუხი, რომ მას არ ახსოვს, წარადგინა თუ არა ჯანმრთელობის, მოგვიანებით კი ტრენინგზე ყოფნის ცნობა უნივერსიტეტში და არც ის ახსოვს, მართლაც სჭირდებოდა თუ არა მკურნალობა, ან მართლაც იმყოფებოდა თუ არა აღნიშნულ ტრენინგზე.

P.S. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ გამოგვეხმაურა ორგანიზაცია "ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - XXI", რომლის გამოგზავნილ წერილსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ "კვირის პალიტრის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "აუდიტორია 115"-ის წევრებისათვის გამოცდებისგან თავის ასარიდებლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩვენი ორგანიზაციის - ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - XXI-ის სახელით წარდგენილი ცნობების შესახებ.

გაცნობებთ, რომ აღნიშნული ცნობების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ და არ არის ხელმოწერილი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ, გაყალბებულია ბეჭედი და გამოყენებულია ორგანიზაციის ლოგო. როგორც ირკვევა, ბოროტად ისარგებლა ორგანიზაციის ყოფილმა წევრმა და აუდიტორია 115-ის წევრებისათვის დაამზადა ყალბი ცნობები.

"ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - XXI" გმობს გამოცდებისგან თავის არიდების მიზნით ყალბი ცნობების წარდგენის ფაქტს.

იმედი გვაქვს, აღნიშნულს მოყვება ადეკვატური რეაგირება".

რუსუდან შელია