"თუ საქმეს არ შეწყვეტენ, სასამართლოზე სინოდის 47 წევრის დაკითხვა იქნება საჭირო" - კვირის პალიტრა

"თუ საქმეს არ შეწყვეტენ, სასამართლოზე სინოდის 47 წევრის დაკითხვა იქნება საჭირო"

ადვოკატი აქამდე უცნობ სატელეფონო საუბრის ჩანაწერს ასაჯაროებს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი:

- მოვითხოვთ თავიდან ბოლომდე გაასაჯაროონ ჩანაწერები, კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვებით პროკურატურას უნდა, გაამართლოს თავისი მოქმედებები, თითქოს აღკვეთეს დიდი დანაშაული... დადონ ფაქტი, რომ მამა გიორგიმ შეიძინა ციანიდი.

- ბევრი უფლებადამცველი ამბობს, რომ ჩანაწერებში დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

- ისინი პროკურატურის პოზიციის გამყარებას ცდილობდნენ. ეს ცოტა უხერხულია. ამბობენ, თითქოს მამა გიორგი თანხას ელოდებოდაო. ტყუილია. როცა ის დააკავეს, ჯიბეში 4.500 ევრო და 500 დოლარი ჰქონდა. ეს ფაქტი გამორიცხავს ვერსიას, რომ დეკანოზს ფული არ ჰქონდა. ჩანაწერში მამა გიორგის ეუბნება ირაკლი მამალაძე: "ხვალ თუ ფულს მომცემ, ხელი ხელში იქნება ეს ციანიდი". თუ ადამიანს რამის შეძენა ეჩქარება და ფული აქვს, არ გადაიხდის? გავრცელებული ჩანაწერებიდან ჩანს, როგორ ცდილობს ირაკლი მამალაძე გამოსტყუოს სიტყვები. იგი დღემდე ამტკიცებს, მას პატრიარქის მოწამვლა უნდოდაო. მაშინ რატომ არ ასაჯაროებენ სხვა ჩანაწერს, რომელიც საქმეში დევს?

- რას გულისხმობთ?

- ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია. ერთი ადამიანი ურეკავს მამა გიორგის და ეუბნება:

"- წაიკითხე გამზარდიას სტატია?

მ. გ. - არა, არ წამიკითხავს, რას ამბობს?

- პატრიარქის მოკვლა უნდათ და გერმანიაში იმიტომ წაიყვანესო.

მ. გ. - გამზარდიამ დაწერა? ვაი, ამათ პატრონს, ეს არის უნამუსო კაცი.

- მართლა, ტო, თბილისში უნდოდათ, იცოდნენ, ფატალური შედეგი იქნებოდა და წაიყვანეს გერმანიაშიო.

მ. გ. - ახლა წავიკითხავ, მეც მითხრეს, რაღაცას წერენო.

- დაგიგდე სიგნალზე...

იმავე საკითხზე ისევ ის ადამიანი ხელმეორედ ურეკავს და ინტერესდება, წაიკითხა თუ არა მამა გიორგიმ სტატია. ის პასუხობს:

მ. გ. - ბიჭო, მე რას ვფიქრობ, იცი, უნდა დაიბაროს პატრიარქის დაცვამ და დაჰკითხოს გამზარდია, გაირკვეს, რის საფუძველზე ამბობს ამას. მე ვფიქრობ, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურმა ეს უნდა შეისწავლოს. მერე შესაბამის სამსახურებს უნდა მიმართონ. არ შეიძლება ასე ყურიდან ყურში ამის გაშვება. თუნდაც ის, რომ მეუფე იაკობზე გამზარდიამ დაწერა ადრე ეგ, რომ მოკვლას უპირებდნენ. მე ვფიქრობ, რომ მაშინაც უნდა დაებარებინა იგი სოსოს (იგულისხმება ოხანაშვილი), ვიღაცა უნდა შეხვედროდა. უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტი ხომ მარტო პატრიარქის დაცვა არ არის, ეს არის საპატრიარქოს უსაფრთხოების დაცვა.

- გამზარდია აშკარად რაღაცას მაიმუნობს.

მ. გ. - ვისი ტიკი-ტომარაა, ის ვიღაცის დაკვეთას ასრულებს, თან რა პროვოკაციაა, ვიღაცა რომ გაიგებს პატრიარქის მოწამვლა უნდათ და გერმანიაში იმიტომ წაიყვანესო, გესმის, ეს რა არის? სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაა. გადატრიალების ტოლფასია.

- გადატრიალების გეგმა არსებობს ხო?

მ. გ. - ვახ, მე კიდევ უარესს ვხედავ მაგაში, ღმერთმა დაიფაროს და, ეს ტექსტი წაიკითხოს პატრიარქმა, ის ოპერაციას არ გაიკეთებს, ტკივილით მოკვდება. იმედია, ამას არ ანახვებენ ახლა".

ამ სიტყვებს ამბობდა მამა გიორგი პატრიარქზე და გაიძახიან, პატრიარქის მოკვლას გეგმავდაო... გულისამრევია პროკურატურის პოზიცია. პატრიარქზე ზრუნვის მეტს არაფერს აკეთებდა ეს ადამიანი და ამხელა ცილს სწამებენ. როგორც ჩანს, გამზარდიამ თავიდანვე დაიწყო მესიჯების გაგზავნა, ის აშკარად ასრულებდა ვიღაცის დაკვეთას. რაზეც ახლა ვისაუბრე, 8 თებერვლის სატელეფონო საუბარია, ამ დროს მოსმენაზე იყო მამა გიორგის ტელეფონი. ის დაიკითხება და მეტ კითხვას გასცემს პასუხს. ან თუ იცით, როდის ჩავიდა ანზორ ჩუბინიძე გერმანიაში? პრემიერ-მინისტრმა 14-ში თქვა, დღეს გავგზავნეთ გერმანიაშიო, არადა, 10 თებერვალს, მამა გიორგის დაკავებამდე იყო ჩასული. მითხარით, სანამ მამა გიორგის დააკავებდნენ, რისთვის ჩავიდა, ვის სანახავად, კითხვა არავის უჩნდება?

- რისთვის ჩავიდა?

- პასუხი სხვამ გასცეს, მე ჯერ არ ვისაუბრებ. პროკურატურას არაერთხელ მივმართე, შეწყვიტეთ საქმე-მეთქი, ჩუმად ვარ ჯერჯერობით, რადგან ვიცავ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს ინტერესებს, მაგრამ, თუ საქმეს არ შეწყვეტენ, ძალიან ბევრი რამ ვიცი... ველოდები გამოძიებას, თუ არადა, ამას მსვლელობა მიეცემა. სასამართლო პროცესზე სინოდის 47 წევრის დაკითხვა იქნება საჭირო, ძალიან ბევრი მასალა მაქვს, ვურჩევ, დაამთავრონ ეს სპექტაკლი.

- ჩანაწერებში ისმის მამაოს ფრაზაც, - შორენა უნდა წავიდეს მარილზეო...

- ეს ამოგლეჯილი ფრაზებია. ირაკლი მამალაძე ეკითხება:

"- შორენა სად მიდის?

- შორენა მარილზე...

- სადა მარილზე?

- მარილზე, მაგას ხომ იცი, წინასწარმეტყველება აქვს. მამა გაბრიელმა უწინასწარმეტყველა, ფსიქიურად შეიშლები პატრიარქის გარდაცვალებამდე და საპატრიარქოს დაუწყებ "კრუგების" რტყმას და არ შეგიშვებენ შიგო. ეგ იცის მაგან...

- ანუ შეიძლება შენ შორენას ადგილზე წახვიდე?.."

პროკურატურამ ისე შეწყვიტა ეს საუბარი, რომ ინტრიგა ყოფილიყო, თითქოს მარილზე წასვლა ნიშნავს, რომ უნდა მოეკლა.

9 თებერვლის ჩათვლით სატელეფონო საუბრების უმრავლესობა მიმდინარეობს მამა გიორგისა და ბანკის თანამშრომლებს შორის, მას ბანკიდან კრედიტის გამოტანა სურდა. რაც გავრცელდა, იქიდანაც ჩანს, როგორ ალაპარაკებს ირაკლი მამალაძე მამა გიორგის.

- კიდევ საყურადღებო რა არის იმ ჩანაწერებში?

- რაც გავრცელდა, არის ორი შეხვედრიდან ამოღებული ფრაგმენტი. ერთი მამალაძემ ჩაწერა კლინიკაში და მეორე - რესტორანში. კლინიკაში ჩანაწერი იწყება ირაკლი მამალაძის სიტყვებით: "ხალხის ლანძღვაში მიხდიან ფულს"... მერე საუბარია მეუფე სერაფიმეზე და მამა გიორგი ამბობს, როგორ ცუდ დღეში ჩააგდო ის ხალხმა. იქვე ლაპარაკობს, დავით გარეჯელზე, როგორ მოისყიდეს წარმართებმა ფეხმძიმე ქალი და როგორ დაადებინეს დავით გარეჯელზე ხელი, ამან დამაორსულაო. მამა გიორგი ამბობს, ის, რაც გაუკეთეს მამა სერაფიმეს, მოწყობილიაო. მერე აჩვენებს ბაკურიანში გადაღებულ ოჯახის წევრების ვიდეოს. შემდეგ მიდის შორენაზე საუბარი. თუ როგორ უნდა, მას კლინიკა მიითვისოს. მამა გიორგი ამბობს:

- გრანტი უნდა ვიშოვო, რომ კლინიკა ფეხზე დავაყენო, თორემ შორენა წასართმევად გამზადებულია.

ამ დროს ირაკლი მამალაძე ამბობს: - რა გაუმაძღარი ქალია ეს შორენა.

მერე ფინანსურ რაღაცებზე ლაპარაკობს მამა გიორგი, მერე კი თუთიყუშზე, ყვავილებზე... ამასობაში ირაკლი მამალაძე კალიუმზე ლაპარაკს იწყებს. ეუბნება, - აბა, შედი "გუგლში" და მოიძიე ინფორმაციაო. ეს არის კლინიკის ჩანაწერი, მეორე ჩანაწერი გაკეთებულია რესტორანში. იქ ისმის ირაკლი მამალაძის სიცილი, სულ იცინის. საუბრობენ ცხოვრებაზე, ქალებზე და უცებ ირაკლი იწყებს საუბარს ექსპერტიზაზე.

- დაკითხულებიდან სასულიერო პირი ბევრია?

- არა, მხოლოდ მეუფე პეტრე. დაჰკითხეს მამა გიორგის მეგობრები ბათუმში, თანამშრომლები, მისი სიძე, რომელსაც აეროპორტში წასვლამდე 1.000 დოლარი გადასცა. აინტერესებდათ, ეს ფული მამა გიორგიმ რატომ მისცა. ის ბიძაშვილის ქმარია, ბანკის ვალი ჰქონდა და ამიტომ მისცა, იმ 1.000 დოლარიდან 500 ბანკის ვალი გადაიხადა...

მერწმუნეთ, პროკურატურას არა აქვს მტკიცებულებები. რაც ნახეთ, იმაზე მეტი საქმეში არ არის. ჩვენ მის უდანაშაულობას დავამტკიცებთ. ის ყველაფერზე ისაუბრებს და საზოგადოება ბევრ რამეს შეიტყობს.

თეა ხურცილავა