"დაკითხვისას თავი ვერ შეიკავა და თქვა, რომ შორენას სიკვდილი გაუხარდება" - რას ამბობს პროკურორი "ციანიდის" საქმეზე"? - კვირის პალიტრა

"დაკითხვისას თავი ვერ შეიკავა და თქვა, რომ შორენას სიკვდილი გაუხარდება" - რას ამბობს პროკურორი "ციანიდის" საქმეზე"?

"კვირის პალიტრას" პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი ესაუბრა:

- გამოქვეყნებული მასალების შემდეგ გაჩნდა რამდენიმე კითხვა, მათ შორის - როგორ გამოეპარა საგამოძიებო უწყებას, ვისგან და რა გარემოებაში შეიძინა დეკანოზმა ციანიდი?

- ბრალდებული მოქმედებდა ძალიან ფრთხილად, ყოველდღიურად მისი ვიზუალური კონტროლი დიდ რისკთან იყო დაკავშირებული და არსებობდა საფრთხე, რომ მას შეემჩნია ფარული მოქმედებები, რაც არსებითად დააზიანებდა გამოძიებას. ჩვენ ისედაც ფარულად ვაყურადებდით და ვიწერდით მობილური ტელეფონით მის საუბარს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ვიზუალური კონტროლი ხდება დისტანციიდან, რათა ეჭვი არ აიღოს ობიექტმა. სწორედ ამიტომ აღარ გავწიეთ რისკი და არ ჩატარებულა ვიზუალური კონტროლი. ნებისმიერი ასეთი ღონისძიების შედეგები აისახება შესაბამის ოქმებში, ასეთი დოკუმენტი კი საქმეში არ არსებობს და გაუგებარია, რაზე დაყრდნობით აცხადებენ ადვოკატები, რომ მიმდინარეობდა ბრალდებულის თვალთვალი. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი არ იცნობენ საქმის მასალებს.

ჩვენ განვახორციელეთ მხოლოდ ბრალდებულსა და ირაკლი მამალაძეს შორის შეხვედრების აუდიო-ვიდეოჩაწერა. ბრალდებული თანხის მოძიების შემდეგ გეგმავდა ირაკლი მამალაძისგან ციანიდის შეძენას, თუმცა აღარ შეხვდა მას... ჩვენ დავადგინეთ, რომ გიორგი მამალაძეს საწამლავი უნდოდა ადამიანის მოსაწამლად და სასწრაფოდ სჭირდებოდა გერმანიაში გამგზავრებამდე...

- ჩანაწერებში არ იკვეთება, რომ დეკანოზი აუცილებლად გერმანიაში წასაღებად ეძებს ციანიდს.

- გამოძიებით დადგენილია, რომ გიორგი მამალაძე ციანიდის მოძიებასა და შეძენას ცდილობდა გერმანიაში გამგზავრებამდე. ბრალდებული ჩანაწერებშიც ცალსახად აცხადებს, რომ ციანიდი უნდა გერმანიაში წასვლამდე... დადგენილია, რომ გერმანიაში გამგზავრების წინ გიორგი მამალაძე მიდის ბათუმში, სადაც ბანკიდან გამოაქვს სესხი 30.000 ლარი. ამის შემდეგ აღარ დაჰკავშირებია ირაკლი მამალაძეს. ბრალდებულს დაკავებისას აღმოაჩნდა 4.500 ევრო და 500 აშშ დოლარი, რაც ეკვივალენტია 14.000 ლარის, ხოლო სხვაობა გამგზავრებამდე გახარჯა. ვის გადაუხადა ეს თანხა და ვისგან შეიძინა ციანიდი, ამაზე გამოძიება მუშაობს.

- ჩანაწერში გიორგი მამალაძე საუბრობს ნაცვალსახელებით "ჩვენ", "ისინი"... ვის გულისხმობს? ირაკლი მამალაძის განცხადებით, დეკანოზი თანხას პატრიარქთან გერმანიაში მყოფი პირისგან ელოდებოდა. ანუ, გამოდის, ირაკლი მამალაძემ იცის, ვისთან ჰქონდა კავშირი.

- ხდება იმ პირების იდენტიფიცირება, ვისთანაც ჰქონდა გიორგი მამალაძეს ურთიერთობა. ამ ეტაპზე თავს შევიკავებ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებისგან.

- ითქვა, რომ ბრალდებული წინა თვეებშიც ცდილობდა, ციანიდი შეეძინა სხვა პირისგან და მის უცხოეთიდან ჩამოტანას ითხოვდა. როგორ დაადგინა ეს გამოძიებამ და ვინ მონაწილეობდა მაშინ მოლაპარაკებებში?

- ბრალდებული ჯერ კიდევ 2016 წლის აგვისტოში ცდილობდა, კონკრეტული პირისგან შეეძინა ციანიდი. ჩვენ დავკითხეთ ის პირი და დაგვიდასტურა, რომ გიორგი მამალაძე მას სთხოვდა ციანიდის მოძიებას. აქვე აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჩვენ ამ ფაქტის შესახებ ვიცოდით. ჩვენებაში იცრუა, თქვა, რომ მხოლოდ 2016 წლის ნოემბერში, შორენა თეთრუაშვილის დავალების შემდეგ, დაიწყო ამ ნივთიერების მოძიება.

- ადვოკატების განცხადებით, ჩანაწერებში ირაკლი მამალაძე თემის საკუთარი მიზნებისთვის წარმართვას ცდილობს. ამბობენ იმასაც, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია. კიდევ არის სხვა ვიდეოჩანაწერებიც, თუ საქმეში მხოლოდ ირაკლი მამალაძის ჩანაწერები დევს?

- რა მონტაჟზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როცა ბრალდებულის შეხვედრების მთავარი მიზანი სწორედ ციანიდის შეძენა იყო. გამოქვეყნებულ ჩანაწერებში გიორგი მამალაძე, გარდა ციანიდის შეძენისა, არაფერზე ლაპარაკობს. ადვოკატები იმასაც აცხადებდნენ, რომ ჩანაწერებში არსად იყო საუბარი ციანიდზე, თუმცა გამოქვეყნების შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ ცრუობენ. ახლაც უტიფრად აცხადებენ, რომ მასალა დამონტაჟებულია. რაც შეეხება სრულ ვიდეომასალას, ის რამდენიმესაათიანია და გასაჯაროვდა მხოლოდ ნაწილი, რაც არ ნიშნავს არც მონტაჟს და არც - შინაარსის შეცვლას. მთელ გამოძიების პროცესს ტელეეთერში ვერ გადავიტანთ. ჩვენი მიზანია, მოპოვებული მტკიცებულებებით წარვდგეთ სასამართლოში და იქ დავამტკიცოთ კონკრეტულ პირთა ბრალეულობა.

ადვოკატები ვერ უარყოფენ, რომ ბრალდებული ითხოვს საწამლავს, რომელიც დააყენებს სასიკვდილო შედეგს და მას "კიდია", ექსპერტიზა დაადგენს თუ არა ჭიქაში ციანიდის კვალს. ეს არის ბრალდებულის სიტყვები, რაც უწყვეტი კადრია და მონტაჟზე ლაპარაკი არასერიოზულია.

- რატომ დააკავეთ დეკანოზი აეროპორტში და არა გერმანიაში, თუნდაც დანაშაულის ჩადენის მცდელობისას?

- ვიდექით რეალური საფრთხის წინაშე, რომ ბრალდებული აპირებდა ადამიანის მკვლელობას გერმანიაში, სადაც ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება და ვერც ჩვენი გამომძიებლები ჩაატარებდნენ მოქმედებებს. ასეთ შემთხვევაში ერთადერთი სამართლებრივი გზაა, უცხო ქვეყანაში გაიგზავნოს თხოვნა დახმარების შესახებ, რაც გაჭიანურებული პროცესია. დაუშვებელი იყო, გიორგი მამალაძისთვის მიგვეცა გერმანიაში გამგზავრების საშუალება და ამით საფრთხის წინაშე დაგვეყენებინა იქ მყოფთა სიცოცხლე. ვერ ჩავატარებდით ექსპერიმენტს და ყველაზე ძლიერმოქმედი შხამით გიორგი მამალაძეს ვერ გავუშვებდით გერმანიაში.

- რატომ დასჭირდა ბარგის გამოტანას ექვსი საათი?

- ეს სიცრუეა. ბრალდებულის დაკავებისთანავე ბარგი დაილუქა და საგამოძიებო ორგანოში გადაიტანეს. პირველ ეტაპზე გავჩხრიკეთ ბრალდებული, რამაც გარკვეულ ხანს გასტანა. მას ამ დროს არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ აღმოაჩნდა, გამოიყურებოდა მშვიდად და არც ჯანმრთელობას უჩიოდა. ამ დროს ბარგი დალუქული ინახებოდა. შემდეგ ბრალდებულს განვუმარტეთ, რომ მისი პირადი ხელბარგი დალუქული იყო და მისი თანდასწრებით უნდა მომხდარიყო დეტალური დათვალიერება. ამ ინფორმაციის მოსმენისთანავე ანერვიულდა და შეუძლოდ გახდა, მოითხოვა სამედიცინო დახმარების გამოძახება. გამოცხადდნენ ექიმები, გასინჯეს, შედგა სამედიცინო დოკუმენტაცია... ამ პროცედურებმაც გასტანა რამდენიმე საათს. როდესაც ხელბარგის დათვალიერება დავაპირეთ, ბრალდებულმა კატეგორიულად მოითხოვა, მიგვეცა დრო ადვოკატის ასაყვანად და ადვოკატი დასწრებოდა ამ პროცესს. ადვოკატი რამდენიმე საათში მოვიდა. როდესაც დეტალურად შეამოწმეს ბარგი, დარწმუნდნენ, რომ ლუქის მთლიანობა არ იყო დარღვეული. ჩემოდანს ჰქონდა კოდური საკეტი, რომელიც ბრალდებულმა საკუთარი ხელით გახსნა და მხოლოდ მაშინ დაიწყო დათვალიერების პროცესი. ადვოკატები ცდილობენ, სიცრუის ტირაჟირებით კიდევ ერთხელ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში.

- თუ დადგენილი არ გქონდათ, ვისგან შეიძინა ციანიდი, რატომ იყავით დარწმუნებული, რომ ბარგში აუცილებლად ექნებოდა?

- გამოძიება ბოლომდე ვერ იქნებოდა დარწმუნებული, რომ ბარგში იყო ციანიდი, თუმცა გვქონდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მას გერმანიაში მომწამვლელი ნივთიერება მიჰქონდა.

- მამალაძეს ბრალი შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობაში ედება. ამის მტკიცებულება მხოლოდ ის არის, რომ ჩანაწერში ისმის: "შორენა მარილზე უნდა წავიდეს"?

- დადასტურებულია, რომ ძლიერმოქმედი შხამით მიემგზავრებოდა გერმანიაში თეთრუაშვილის მოსაკლავად. ეს მისი სიტყვებია. თეთრუაშვილს გიორგი მამალაძე აღიქვამდა დამაბრკოლებლად, რასაც დაუფარავად აცხადებს კიდეც. ბრალდებულს იმდენად სძულს დაზარალებული, რომ ციხეში დაკითხვისას თავი ვერ შეიკავა და თქვა, რომ შორენა თეთრუაშვილის სიკვდილი გაუხარდება, რაც ადვოკატებმა სასწრაფოდ ამოშალეს ოქმიდან, თუმცა ეს ვიდეოკამერამ დააფიქსირა. საქმეზე არსებობს სხვა მტკიცებულებებიც, რომელთა საფუძველზე ვვარაუდობთ, რომ მამალაძე გეგმავდა სხვა პირის მკვლელობასაც.

- რატომ დაიკითხა შორენა თეთრუაშვილი საიდუმლო ვითარებაში ორჯერ და რა ინფორმაცია მიაწოდა მან გამოძიებას?

- მოწმის დაკითხვა არ არის საჯარო ინფორმაცია, თუ მოწმე თვითონ არ აწვდის ინფორმაციას მედიას. ამ ეტაპზე თეთრუაშვილის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე ვერ ვილაპარაკებ.

რუსუდან შელია